Monday, July 8, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 13)

13.
- გადამიყოლებს ეს ფეხი. - ბურდღუნებდა ფიფო და წვალებით ამოცმულ წინდაზე, ახლა ფეხსაცმლის მორგებას ცდილობდა.
წინდებიდან დაწყებული, პალტოთი დამთავრებული, ყველაფერი მიმის შერჩეული იყო. ფინანსურად ფიფოც იღებდა მონაწილეობას, მაგრამ მთავარი სიტყვა, მაინც მიმის ეკუთვნოდა, მას უნდა მოსწონებოდა, პირველი მას უნდა შეეფასებინა, თუ რამდენად მოხდენილად გამოიყურებოდა მისი მეუღლე. არც ფიფო იყო წინააღმდეგი და უყოყმანოდ უქნევდა თავს.
ფიფო წამოსადგომად მოემზადა, ხელჯოხისკენ გაიწია, მაგრამ უნებურად, საწოლს მიყუდებული ჯოხი ჩაცურდა და არც თუ ისე ახლოს, საწოლის სხვა მხარეს მოექცა. ფიფო დამოუკიდებლად შეეცადა მისწვდომოდა, ამ დროს, მობილურიც აწკრიალდა, მაგრამ ჩანდა, რომ ასე ადვილად, ვერც მობილურს მისწვდებოდა და ვერც ხელჯოხს. 
ტელეფონის გაბმულ ზარზე, მიმი შემოვიდა. ფიფოსთვის ზედ არც შეუხედავს, ისე მიაწოდა აზრიალებული მობილური და თან მის ფეხსაცმელებს, ყურადღებით ჩააკვირდა. სანამ ფიფო ტელეფონზე საუბარს აგრძელებდა, მიმიმ ის, ასეთი დიდი ჯაფითა და წვალებით ჩაცმული ფეხსაცმელი, მომენტალურად გახადა, სხვა მეორეთი შეუცვალა, ხელჯოხიც იქვე მიუდგა, სულ სხვა ჰალსტუხიც შეაბა და ოთახიც დატოვა.
ფიფოს გაეღიმა. მიმი ყველაფერში მარჯვე იყო. მის დასახმარებლად, დროულად იცოდა ჩარევა, მაგრამ ფიფოსთან მიკარებისგან კი არა, ამ თემაზე საუბრიდანაც კი, ყოველთვის იძვრენდა თავს. 
ფიფოს სამსახურში არ დაუგვიანია, მაგრამ დეტექტივმა, მაინც მიასწრო მისვლა და უკვე კაბინეტში ელოდა. 
- ვერ არის საქმე კარგად, უფროსო.
- რაო? - ჩაეკითხა ფიფო.
- რაო და ბინა მართლაც, კანონიერად არის გაყიდული.
- ეს როგორ?
- როგორ და მეუღლის სიკვდილის შემდეგ. - გალეომ საქაღალდე გადაშალა. - ბინის მესაკუთრედ, მხოლოდ გარდაცვლილის მშობლები სახელდება! რძალთან უთანხმოების ფონზე, ბინაც ისე გაყიდეს, რომ არც კი, ჩააყენეს საქმის კურსში. 
- საოცარია, პირდაპირ!
- ახლა მყიდველიც აჩქარებს, ბინა დამიცალეთო.
- თავისთავად, მასეც იქნება. კი მაგრამ მერე რძალი, წილს არ ითხოვს? 
- და კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც. - დეტექტივმა საქაღალდეს ჩახედა. - ქმრის მშობლები იფიცებიან, რომ რძალს, მოწმის თანდასწრებით, თანხის დიდი ნაწილი გადავეცითო და ამას, წერილობითაც ადასტურებენ, როგორც ის მოწმე, ასევე ისინიც.
- ჰაჰ! - ფიფომ დოკუმენტს გადახედა. - ეს მოწმე, ვინ არის? ალბათ, წილშიც გადის.
- არ ვიცი. აბა, რა გითხრათ. უკანონოდ არაფერი ჩანს. იქნებ, მართლაც რძალმა აიღო ის ფული და მაინც წილს ითხოვს? 
- შეიძლება. - ფიფო ერთხანს ჩაფიქრებული გასცქეროდა ფანჯრებს. - მდაა... - ამოიხვნეშა და გალეოს თვალებში ჩახედა. - გცალია?
- მიმსახურეთ! - გაუღიმა დეტექტივმა.
- სასწრაფოდ მომიყვანე ვაჩე და დედამისი აქ! პატარები არ მინდა, იმედია ახლა სკოლაში იქნებიან. 
მართლაც, ნახევარი საათიც კი არ იყო გასული, რომ დედა-შვილი უკვე კაბინეტში ისხდნენ და ფიფოს რისხვისგან ანთებულ თვალებს, დუმილით იტანდნენ.
- სრული სიმართლე მჭირდება! - ფიფოს ტონში, საკმაოდ დიდი სიმკაცრე ჟღერდა. - ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე! აიღეთ, თუ არა ფული და ზუსტად, რა თანხაზეა საუბარი?!
- არა, ბატონო... ჩვენ არაფერი აგვიღია... -  ქალმა ცრემლების შეკავება ვეღარ შესძლო. - არც კი ვიცოდით... 
- რით შეგიძლიათ დაამტკიცოთ?  - ჩაეკითხა ფიფო. - როგორ დამიდასტურებთ?
ქალმა უარყოფის ნიშნად, თავი გააქნია და ზლუქუნს უმატა.
- ჩვენ ვერაფერს დავადასტურებთ, მაგრამ ისინი როგორ ადასტურებენ, რომ ფული მოგვცეს? - დიდი წყლიანი თვალები მიანათა ვაჩემ, ფიფოს.
- ყოჩაღ! სწორი შეკითხვაა, მაგრამ პასუხი, თქვენდა სამწუხაროდ... - ფიფომ ფურცელი გადაწოდა.
ბიჭს თვალები რისხვით აენთო.
- მე, რომ ვიყო, დედაჩემის მოწმე? ხომ შეიძლება?
- ჯერ ერთი, შენ არასრულწლოვანი ხარ და თანაც, ოჯახის წევრი! აი, ვინმე სხვა, რომ იყო და თან, წლოვანი, უფრო...
- აბა მამიდაჩემი, რატომღა აწერს ხელს?
- ვინ, მამიდაშენი? - ჩაერია დეტექტივი.
- ეს ბებიას და ბაბუას ხელმოწერაა და ეს მოწმე კი, მამიდაჩემია! - განმარტა ბიჭმა.
ახლა დედამ ჩახედა ფურცელს და დაადასტურა:
- ჰო, ეს ჩემი მულია. არც იმას ვუყვარვართ, თავისი ყოფილი ქმრის გვარით აწერს ხელს.
- აჰა! ესე იგი, მეუღლის გვარზეა გადასული და ახლა, როგორც არა ახლო ნათესავი, ისე გამოდის მოწმის როლში, არა? - ჩაურთო დეტექტივმა.
- არ არის ქმრის გვარზე! - წამოიძახა ვაჩემ. - არ ჰყავს ქმარი.
- ხომ ჰყავდა... - წაიკნავლა დედამ.
- ჩემი მამიდაშვილი, რომ დედის გვარზეა? - არ შეეპუა ბიჭი.
- ჰოო? - ფიფომ ქალს გახედა.
- მართალია, ბავშვი დედის გვარზეა. - დაბნეულად უპასუხა ქალმა.
- ჰაჰ! - ჩაეცინა ფიფოს. - საინტერესოა! ბავშვი დედის გვარზეა და დედა კი, ბავშვის!
- არაფერი გვეშველება? - წაიკნავლა ქალმა.
- არაფერიც, არ ვიცი! - მიახალა ფიფომ. 
- ის ხალხი, გუშინაც იყო მოსული. იჩხუბეს. - ატირდა დედა.
- იმ ქალმა, პატრულიც მოიყვანა... - წაიდუდღუნა ვაჩემ.
- ვინ, ქალმა? - ჩაეკითხა ფიფო.
- აი ის, ცოლ-ქმარი. - უპასუხა დედამ. - ჩვენი ბინა ვისაც მიჰყიდეს. სასწრაფოდ დაცალეთო, გუშინ მართლა პატრულიც კი მოგვაყენა.
- მდააა. - ჩაილაპარაკა ფიფომ. - მიიყვანე ესენი სახლამდე! - მიუბრუნდა დეტექტივს. - და მერე ამ დოკუმენტს, ოფიციალური ფორმა მიეცი. - ფიფომ ის ფურცელი გაუწოდა, სადაც მოწმეების ჩვენება იყო, ფულის გადაცემის თაობაზე. - რატომღაც, არც ერთს არა აქვს მიწერილი, პირადობის მონაცემები და თან, გაირკვევა, ვინ ვის გვარზეა და ასე შემდეგ! იცი შენ, როგორც უნდა მოიქცე და ის ცოლ-ქმარი, მომითრიე აქ! 
გალეომ გაკვირვებით შეხედა.
- აი, ის, ბინის მყიდველები. - გაეცინა ფიფოს. - ბევრს ვერაფერს შეგპირდებით. - მიუბრუნდა დედა-შვილს. - შევეცდები, დროებით მაინც შევაჩერო თქვენი გამოსახლება, სანამ რამეს მოვიფიქრებთ! თუმცა ჯერ სასიკეთოს, ვერაფერს ვხედავ. 
გავიდნენ თუ არა, ვაჩე უკანვე შემობრუნდა.
- მაპატიეთ... ბოდიში მინდა მოგიხადოთ, მაშინ... მაშინ.... 
- ჰოო?
- მაშინ, რომ გავიქეცი და...
- ააა, ჰოო. - გაეღიმა ფიფოს. - გაპატიე უკვე. არა! არ გაპატიე! - ფიფომ თვალებში ჩახედა. - მეც მჭირდება შენგან დახმარება.
ვაჩემ, მხრები აიჩეჩა.
- ჯერ არ ვიცი, მაგრამ, თუ დამჭირდა, იმედი უნდა მქონდეს!
- რა თქმა უნდა! - გამოცოცხლდა ბიჭი.
- მანამდე კი დედაშენს მიხედე. გვერდიდან არ მოშორდე. რამდენადაც უსუსური და სუსტია, იმდენად გულუბრყვილოა. არაფერზე ხელი არ მოაწეროს! შენ, მით უმეტეს! რომელი საათიც არ უნდა იყოს, სანამ მე ან გალეოს, არ დაგვიკავშირდებით, მანამდე არაფერზე ხელი არ მოაწეროს! გესმის? თავიც კი არ დაუქნიოს, ჩვენი შეთანხმების გარეშე!

***
- ვინ არიან? - გამოეპასუხა ფიფო, მდივნის ზარს.
- დაბარებული ვართო.
- შემოუშვი! - ფიფო სავარძელში გასწორდა.
ზღურბლზე ტანმაღალი, საკმაოდ ხორცსავსე ქალი გამოჩნდა. სანამ ოთახში კარგად არ შემოვიდა, მანამდე არც კი ჩანდა, მის ზურგ უკან მდგარი, ჩია ქმარი.
ცოლი აშკარად ლიდერობდა, ქმარს სიტყვის თქმის „უფლებაც“ კი არ ჰქონდა, ისე უხმოდ უკრავდა კვერს. 
ფიფომ უამრავი არგუმენტი მოისმინა. ქალი მართალი იყო, გადახდილი თანხის სანაცვლოდ, ბინასაც კანონიერად ითხოვდა.
- გეთანხმებით! მართალი ხართ, ქალბატონო! - ძლივს შეაჩერა ფიფომ, აქაქანებული ქალი. - სრული უფლება გაქვთ, თქვენს მიერ შეძენილი ბინა, სწრაფად და დაუყოვნებლივ მოითხოვოთ!
- რა თქმა უნდა! აბა სხვისას ხომ არ ვითხოვ რამეს? - თავი გააქნია ქალმა.
ქმარმა, კვლავ უხმოდ დაუკრა კვერი.
ფიფომ წამით იყუჩა, ტელეფონს დასწვდა და დეტექტივს შეეხმიანა:
- სასწრაფოდ, ყველა მოწმის ფოტო მინდა! მშობლების, მამიდის და რძლისაც, აუცილებლად!
ფიფომ ტელეფონი გათიშა და გაკვირვებულ ქალს, ჩააშტერდა.
- ზუსტად გახსოვთ, როდის გადაეცით თანხა?
- როგორ არ მახსოვს! - შეიცხადა ქალმა და ჩანთიდან საბუთები ამოალაგა. - აი, ყველაფერი აქ წერია. ნოტარიულადაც დამტკიცებულია. მოწმეებიც, ორივე მხრიდან ესწრებოდნენ. 
- ყოჩაღ, ყოჩაღ! - შეაქო ფიფომ. - საკმაოდ გამჭრიახი ქალბატონი ბრძანებულხართ!
ქალი გაიბადრა. ქმარს კი აშკარად, არ ესიამოვნა.
- ჭკვიანი ქალი ხართ, რასაც ვერ ვიტყვით იმ ქალზე, ვინც ამჟამად, თქვენს მიერ ნაყიდ ბინაში ცხოვრობს.
ფიფომ მოკლედ აუხსნა, თუ რაშიც იყო საქმე. ქალი შეშფოთდა, უკმაყოფილება გამოთქვა.
- მე ხომ კანონიერად შევიძინე ბინა?
- დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ ოთხი ბავშვისა და მარტოხელა დედის, ასე უცებ გამოსახლება ძალიან რთულია.
- კი, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ?! ჩვენ ხომ ამდენი ფული გადავუხადეთ და თუ ერთმანეთში ვერ გაიყვეს, ჩვენ რატომ უნდა დავზარალდეთ? - აღშფოთებული აქაქანდა ქალი.
- არავინ არ გაზარალებთ! მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს და პირადად თქვენთან.
ფიფოს რბილ ხმაზე და ვნებიან გამოხედვაზე, ქალი ისევ მოლბა და გაინაზა. ქმარს, ისევ არ ესიამოვნა.
- მხოლოდ ორი კვირა დამითმეთ. - დაიწყო ფიფომ, ქალის დამუშავება. - მაქსიმუმ, სამი! და მე, პირადად შევეცდები, რომ დროებით, აი სანამ იმ ფულს გაიყოფენ, რაღაც თავშესაფარი მაინც გამოვუძებნო იმ, ფაქტიურად ქუჩაში დარჩენილ ბავშვებს! - ფიფო წამით შეყოვნდა. - არ შეიძლება ასე, ერთი ხელის მოსმით, უსუსური და დაუცველი ხალხის გამოსახლება! ობლების ლუკმის გამოცლა! გინდ, კანონიერი იყოს ეს და გინდაც, უკანონო! და რამდენად სასურველია მერე, ასეთ დაწყევლილ სახლში ცხოვრება? - ფიფომ არგუმენტები მოიშველია და აშკარად ჩანდა, გაჭრა კიდევაც.
- არა, რას ამბობთ! ბავშვების ცოდვაში ფეხს, როგორ ჩავდგამ, მაგრამ...
- ჰოდა, შევთანხმდით! ორ-სამ კვირაში, ან თანხა დაგიბრუნდებათ, ან ბინას ჩაიბარებთ! - ფიფომ ყურებამდე გაუღიმა, თუმცა მშვენივრად შენიშნა, რომ ქალს, თანხის უკან დაბრუნება, უფრო მეტად არ ესიამოვნა, ვიდრე, იმ ორი კვირის ლოდინი.
- აბა ნახეთ. - ფიფომ გალეს გამოგზავნილი ფოტოები ეკრანზე გაუშალა. - აქედან, რომელი გეცნობათ?
ცოლ-ქმარმა, ერთხმად დაასახელეს თანხის მიმღებად, ვაჩეს ბებია-ბაბუა, მოწმედ კი, მისი მამიდა, ხოლო დედა, მხოლოდ მაშინ ნახეს, როცა გამოსახლების დროს, პატრულთან ერთად ეწვივნენ.
- ყველაფერი გასაგებია. - ფიფომ ამოიხვნეშა. - მხოლოდ ორი-სამი კვირა მჭირდება, თქვენი გულისხმიერებისა და სიკეთის იმედი მაქვს, რომ ამ ბავშვებს, ასე ღია ცის ქვეშ, არ დავტოვებთ! სხვა თუ რამეში დაგჭირდეთ, მიმსახურეთ! ნუ მოგერიდებათ! - თბილად გაუღიმა ფიფომ.
- ერთი თვე! - წამოიძახა ქალმა. - იყოს, ერთი თვე! ამ ერთ თვეში, მოაგვარონ თავიანთი პირადი კონფლიქტები და ან ფული დამიბრუნონ, ან ბინა დამიცალონ! - გამოაცხადა მტკიცე ხმით, თუმცა ჩანდა, რომ ქმარი, არ ეთანხმებოდა, მაგრამ ხმის ამოღებასაც ვერ „ბედავდა.“
ფიფომ მშვენივრად იცოდა, ეს ორი-სამი კვირაც და თუნდაც, ერთი თვეც, მალე გაიფრენდა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა მერე რა იქნებოდა? სად უნდა დაებინავებინა, ეს უბადრუკი ოჯახი? ან კი, გაუყოფდნენ თანხას რძალს, ქმრის მშობლები? 
უამრავი საქმე, ცალკე, თავისი პირადი საფიქრალი და სადარდებელი ჰქონდა და ახლა, ესეც დაემატა, მაგრამ აბა ასე ადვილად, ხელს ხომ ვერ ჰკრავდა, ისედაც გაუბედურებულ და გასაცოდავებულ ოჯახს? 
იმ ცოლ-ქმრის წასვლის შემდეგ, ფიფო ბევრს ფიქრობდა, მაგრამ გამოსავალს, მაინც ვერ ხედავდა. 
- რაო, გალე? გაარკვიე რამე? - კაბინეტში შემოსვლისთანავე მიახალა ფიფომ.
- ბევრი ვერაფერი, იმ ოჯახისთვის სასიკეთო. - ამოხვნეშა დეტექტივმა. - ასეა თუ ისეა, ჩანს, რომ რძლისთვის, არანაირი თანხა არ გადაუციათ! თუმცა საწინააღმდეგოც, ასევე მტკიცდება. 
- ჰო, რა! ერთის სიტყვა, მეორის წინააღმდეგ და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე!
- და იმ ცოლ-ქმარმა, რაო?
- ერთ თვეს ვაცლითო და მერე, ან ბინაო და ან, ფულიო! 
- ნუ, ჰო! ისინიც მართლები არიან.
- რა თქმა უნდა! - დაეთანხმა ფიფო. - კიდევ კარგი ხალხი აღმოჩნდა. 
- და მაინც პირადად, რა ინტერესია, ამ ოჯახის? - მრავალმნიშვნელოვნად ჩაეკითხა დეტექტივი.
- რა ვიცი? - ფიფომ მხრები აიჩეჩა. - ჯერ, შენ დამადექი, მკვლელობააო, მერე ამ ბიჭმა, თავისი დიდრონი წყლიანი თვალები შემომანათა, ბინიდან გვაგდებენო. 
- ჰოოო... - ჩაილაპარაკა გალემ. - ისე, არ არის ცუდი ბიჭი.
- არადა, მე ხომ სრულიად უცხო ვარ მათთვის. წესიერად არც კი ვიცი, რას განიცდიან. ისე გავიზარდე, არც მშობლის სითბო მომკლებია, არც სიცივესა და შიმშილს შევუწუხებივარ. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ზუსტად ვიცი, რასაც განიცდიან, ეს ტყუილი იქნება, მაგრამ იმ ბავშვის თვალები... შენს მეტი, არავინ გვყავსო... მართლა ისეთი თვალები ჰქონდა... 
- როგორ შეიძლება, რომ დავეხმაროთ? 
- წარმოდგენაც კი არ მაქვს! არც კი ვიცი, რა უნდა... - ფიფოს საუბარი, მიმის ზარმა გააწყვეტინა. 
ფიფო ღიმილით უსმენდა მერე, თავად ჰკითხა:
- სადმე მიდიხართ?
ყურმილში, მიმის კისკისი გაისმა.
- რა მიხვედრაც მაგას უნდოდა? - გაეცინა ფიფოს. - ჯერ რა დროს, ბავშვის ბაღიდან გამოყვანაა? სავარაუდოდ, რაღაც გეგმა გაქვთ. ისა დაა, პიანინოს ასარჩევად თუ მიდიხართ, სულ ტყუილად ირჯებით... რატომ და, ჩვენ უკვე შემოვიარეთ ყველა მაღაზია და არც ერთი არ მოსწონს, ბიჭს! 
მიმიმ კიდევ რაღაც უთხრა, ფიფოს გაეცინა, ტელეფონი გათიშა და დეტექტივს მიუბრუნდა:
- ჰა? რა ვქნათ გალე, რა?
- საკმაოდ, გამოუვალი მდგომარეობაა. ადვოკატიც, რომ ავუყვანოთ და ან წილი რომ მოითხოვოს, ან თანხა მყიდველს, მთლიანად უკან რომც დაუბრუნდეს, ამას იმდენი დრო დასჭირდება, რომ ერთი თვე კი არა, ერთი წელიც, თუ ეყო, ესეც საკითხავია. -  გალეო გაჩუმდა, ფიფომ არაფერი უპასუხა და ისევ თვითონ განაგრძო. - ან ღირს კი, ჩივილი?
- აუცილებლად! უნდა უჩივლოს იმ ქალმა! სხვანაირად არ გამოვა! მართლა ჩალით, ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული? თუმცა ვაი, რომ მასეა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - სასამრთლოს ხარჯებს, მე დავუფარავ, მაგაზე მაინც ნუ ინერვიულებს, როგორმე უნდა ვაიძულოთ იმ მოხუცებს, რომ მისცენ ამ ბავშვებს, თავიანთი კუთვნილი წილი. 
- იქნებ, არც მივიდეს სასამართლომდე საქმე? საჩივარს, რომ ნახავენ, შეიძლება დაშინდნენ.
- ჰოდა თანაც, ხომ დაინახავენ, რომ ეს ქალი, არც იმდენად უპატრონოა? - ჩაილაპარაკა ფიფომ. - გალე! - მოულოდნელად ისე შესძახა ფიფომ, რომ დეტექტივი შეცბა. - მე და შენ უნდა მოვაგვაროთ ეს საქმე!
- კი, ბატონო, რაზეა საუბარი, მაგრამ სიმართლე გითხრათ...
- ჰო? არის კიდევ რამე, რაც არ ვიცი?
- რაღაც, იმედი არ მაქვს.
- წინასწარ, ნუ ჩამოყრი ყურებს. მესმის შენი. საშინელი განცდაა, როცა გრძნობ, რომ დანებება არ გინდა, მაგრამ მეტის გაკეთებაც არ შეგიძლია. 
ეს ბოლო ფრაზა, ფიფომ უფრო თავისთვის თქვა და მას უფრო ეხებოდა. ახლა მიმის და მის ურთიერთობას უფრო გულისხმობდა, ვიდრე იმ გასაცოდავებული ოჯახის პრობლემას.
„საშინლად მეტკინება გული, მიმიმ რომ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღოს. თუმცა, ეს სამყაროს დასასრული, მაინც არ იქნება... მაგრამ...
და მაინც, მაგრამ...“
თავად ფიფოს, კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ მიმის, საბოლოო გადაწყვეტილება, ბავშვის დაბადების დღეზე უნდა მიეღო. მართალია, ფიქრისთვის თვეზე მეტი დრო ჰქონდა, მაგრამ ისე ჩანდა, რომ მიმი თითქოს, არც არაფრის შეცვლას არ აპირებდა. სათავისოდ, მშვენივრად ჰქონდა აწყობილი ცხოვრება და მეტი არც არაფერ უნდოდა. აქამდე ლმობიერი და დამთმობი ფიფო, წლების მანძილზე იტანდა, მიმის ხუშტურებს. თუმცა, ასატანიც დიდად არც არაფერი იყო. ახლა კი, ფიფოსაც აევსო მოთმინების ფიალა. მთელი გულით და სულით უყვარდა მიმი და მართლა სურდა მასთან, ნამდვილი ოჯახი შეექმნა.
ბევრჯერ გაივლო გულში, იქნებ მიმის, ვიღაც ჰყავსო, საუბარიც არა არაერთხელ ჩამოუგდო ამ თემაზე, ბევრჯერაც გადაამოწმა, მაგრამ მსგავსი ვერაფერი აღმოაჩინა. თანდათან დარწმუნდა იმაში, რომ მიმი მასთან, მხოლოდ სიბრალულის გულისთვის იყო და სხვა მეტს მისგან, ვერაფერს მიიღებდა. მიმი არასდროს იქნებოდა მისი ნამდვილი ცოლი და მეუღლე. წლების მანძილზე, არაფერი შეცვლილა. მიმი ისევ ისე ექცეოდა ფიფოს, როგორც მათი დაწყვილების პირველ დღეს. მზრუნველობას არ აკლებდა, თავს დასტრიალებდა. სახლსაც სუფთად უვლიდა და ოჯახსაც. ფიფო ყოველთვის ელეგანტურად გამოწკეპილი დადიოდა სამსახურში და ეს, მიმის დამსახურება იყო. ამასთანავე, გემრიელი კერძებითაც ანებივრებდა ქმარ-შვილს. 
საბოლოოდ კი მიმიმ, მაინც ვერ გადალახა ის ბარიერი და დღემდე ისევე, როგორც თავიდან, ახლაც ცალ-ცალკე საძინებლებში ეძინათ.
„ან იქნებ, არც უნდა გადალახვა და მე კი, ვაძალებ?
ვაიძულებ გადაწყვეტილების მიღებას. 
და რის გულისთვის ვაიძულო? ან რას ველოდო? თავს ვალდებულად თვლის და ჩემთან ცხოვრობს, მაგრამ რატომ? რატომ არ მეტყვის, რომ დავშორდეთო? რა უშლის ხელს, რომ ახალი ცხოვრება დაიწყოს? 
იქნებ ჰგონია, რომ...
ხათრს ვერ მიტეხს? 
ჰმ. არ უნდა, რომ გული მატკინოს. ნამდვილად მასე იქნება! 
ამიტომ ბოლომდე უნდა გამოვიჩინო კაცობა, მე თვითონ უნდა ავდგე და წავიდე. 
წავალ, წავალ გავშორდები!
მორჩა და გათავდა!“
ფიფომ სიგარეტი ხარბად მოქაჩა.
„ერთი თვეც არ დარჩა ბავშვის დაბადების დღემდე და მიმის მხრიდან, არც არაფერი იცვლება და როგორც ჩანს, არც შეიცვლება. მე თვითონ უნდა გადავდგა ნაბიჯი. ასე აჯობებს. მე უნდა მივიღო ის გადაწყვეტილება.
ორივეს მაგივრად, მე უნდა მივიღო.“
- საით უფროსო? 
მძღოლის ხმამ, ფიფო ფიქრებიდან გამოარკვია.
ჯერ შუადღეც არ იყო, რომ ფიფომ მანქანა გამოიძახა. ისე ჩაჯდა, ხმა არ ამოუღია.
მძღოლმა ერთ ხანს იყუჩა. ხედავდა მისი უფროსი, როგორი ჩაფიქრებული სახით უშვებდა სიგარეტის ბოლს, მანქანის კარის ჩამოწეული სარკმლიდან.
- ავტობანზე გადი. - უთხრა ფიფომ მძღოლს. - დასავლეთისკენ.
LEX. 2019 წლის 27 მაისი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment