98.
პიპა დიდ ხანს ეძებდა იმ ოჯახს, სადაც თავიდან ასე თბილად მიიღეს და მერე კი ასე უსამართლოდ, ყოველგვარი ახსნის გარეშე გამოაძევეს.
ისე გაქრნენ და გადაიხვეწნენ, რომ მათი ადგილ-სამყოფელიც კი არავინ იცოდა.
ციხე-ციხეც ბევრი ეძება. იქნებ, გოგონას მამის კვალზე მაინც გასულიყო. სავარაუდოდ, ის უფრო გასცემდა პასუხს, მაგრამ ვერაფერს მიაგნო.
ის სახლიც კი, დიდი ხნის გაყიდული აღმოჩნდა, იქაური სამეზობლოც, არა ერთხელ მოინახულა, მაგრამ იმ ოჯახზე ახალი ვერაფერი შეიტყო. სად წავიდნენ და სად გადაიკარგნენ, არავინ იცოდა.
- შესაძლებელია, ციხიდან დიდი ხნის გამოსულია და უბრალოდ, შენ არაფერი გითხრეს! - უხსნიდა მამაო. - რადგან, ასეა თუ ისეა, ეს მაინც კონფედენციალური ინფორმაციაა და სპეციალური მიმართვის გარეშეც კი ასე ადვილად, არავინ არაფერს გეტყვის.
- შენ ვერ შესძლებ, რომ გამიგო? იქნებ ვინმე ისეთი ახლობელი გყავს, სამართალდამცავებში, რომ ეს ინფორმაცია მოგვაწოდოს? - პიპამ მამაოს თაფლიანი წყალი მიაწოდა. - თუ საჭიროა, ვეტყვი კიდევაც, თუ რატომ ვეძებ! განა დასამალია?
- ვერაფერს გეტყვი. - მიუგო მამომ. - ახლა არავინ მახსენდება, მაგრამ შეიძლება გამოვნახო კიდეც ვინმე.
მამაოს ჩარევაც უშედეგო გამოდგა. ერთადერთი, რაც გაარკვია ის იყო, რომ გოგონას მამას, სასჯელი უკვე მოხდილი ჰქონდა და იმ ბოლო, მითითებულ მისამართზეც კი დიდი ხანია აღარ ცხოვრობდა.
- იმედს ნუ დაჰკარგავ და ნურც ზედმეტად გადაჰყვები ფიქრს. -
ამშვიდებდა მამაო. - შენს საქმეებს მიხედე. ამ დედამიწის ზურგზე, გაურკვეველი არაფერი რჩება. იქეთ, ზუსტად არავინ უწყის, რა და როგორ ხდება, თორემ აქეთ, ადრე თუ გვიან, მაინც ყველაფერი ნათელი ხდება. ყოველ ფარდის ახდას, თავისი დრო და საათი აქვს. - მამაომ წუთით იყუჩა. - გახსოვს? სპექტაკლებს რომ ატარებდით?- აბა, როგორ შეიძლება, არ მახსოვდეს? - ღიმილით მიუგო პიპამ. - განა, ბაბუს დავიწყება, შეიძლება?
- ჰოდა, ყოველ ფარდის ახდასა თუ ჩამოშვებას თავის დრო და წუთები ჰქონდა და ასეა ცხოვრებაშიც.
- ისე, მაინც საიდან ჰქონდა ბაბუს ამდენი ცოდნა და განათლება? - ღიმილით განაგრძო პიპამ. - ყველაფერი იცოდა, ყველაფერში მაგარი იყო! ხელოვნება, მეცნიერება, ისტორია! რაღაც სულ სხვანაირი იყო, ღრმად მოაზროვნე, სწავლული და ამავე დროს უბრალო, ზომაზე მეტად ჩვეულებრივი და მაინც საიდან ასეთი დონე?
- აბა მე რა ვიცი? - ჩაეცინა მამაოს. - მამაჩემს წელიწადში ერთხელ თუ ვხედავდი და ისიც ციხეში, საკუთარ დაბადების დღეზე. თუმცა, სულ რაღაც საჩუქრებს მიგზავნიდა ციხიდან, თავის ხელით გაკეთებულს. მეზობლის ბავშვები მთხოვდნენ ხოლმე და მეც ვჩუქნიდი, რადგან ვიცოდი, კიდევ გამომიგზავნიდა რამეს და ასეც იყო. - მამაომ ამოიხვნეშა. - უფალმა გაანათლოს მისი ცოდვიანი სული აი, შენ კი! შენს საქმეებს მიხედე და ოდესმე, გაირკვევა რაღაც. დამიჯერე, ეს ამდენი დამთხვევა, ტყუილად არ იქნება, რაღაც სერიოზული გარდატეხა უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში და ყველა ეს მინიშნება, მისი საწინდარია!
პიპამ უხმოდ დაუქნია თავი. მამაო მართალი იყო, რადგან, ამ ეტაპზე ვერაფერს გახდა, სადღა აღარ ირბინა. იქნებ, სულაც ქვეყნიდანაც კი იყვნენ წასულნი და აბა სად უნდა ეძებნა?
უფროსი ძმის დარიგებას სრულიად ეთანხმებოდა. ისედაც უამრავი საქმე ჰქონდა და თანდათან მიივიწყა კიდეც. თუ ოდესმე გაიგებდა რამეს, კარგი იქნებოდა და თუ ვერასდროს ვერაფერს შეიტყობდა, უკვე აღარც მაგას იდარდებდა.
თანდათან იმაში დარწმუნდა, რომ იმ მელოდიას ოდესღაც ბავშვობაში ხშირად ისმენდა, ამიტომაც ჩარჩა ასე გულსა და გონებას და არც ის იყო გამორიცხული, რომ ეს მელოდია, სწორედ იმ ოჯახიდან მოდიოდა, მერე ის ნოტებიც დაკარგეს და მოგვიანებით ავტორობაც ალბათ, სხვამ ან და სულაც იმ გოგონამ მიითვისა. შეიძლება მეგობრებს გაანდო კიდეც და სადღაც ვიღაც ხშირად უკრავდა და პიპაც ღრმა ბავშვობისას ისმენდა და მერე რა?
პიპასთვის უკვე სულ ერთი იყო და უკვე ამასაც აღარ დარდობდა, საქმის მეტი რა ჰქონდა? წინ ახალი, სერიოზული პროექტის გეგმა ჰქონდა დასახული და აბა რა დროს ვიღაცის დაწერილი მელოდიის დევნა იყო?
დრო გადიოდა. პიპას კარიერული ზრდა მატულობდა. იშვიათი შემთხვევა იყო, ასეთ პატარა ასაკში ამხელა წარმატების მიღწევა და თანაც ყოველგვარი ზედმეტი ჩარევისა და პროტექციების გარეშე.
- რაც თავი მახსოვს, ათწლეულების მანძილზე, ერთი შენ ხარ ასეთი დონის ახალგაზრდა პროფესორი და ერთიც კიდევ აი ეს, შენამდე ბევრად ადრე, ისიც ასევე ახალგაზრდა ასაკში გახდა წარმატებული და სამწუხაროდ, მერე პირადი ემოციები ვეღარ მოთოკა და ცხოვრებაც ისე აირია.
მაგრამ პიპა უკვე აღარ უსმენდა. სუნთქვა შეკრული, სიხარულისგან ფეხზე ძლივს იდგა. მონუსხულივით შეჰყურებდა იმ ფოტოს, ვისაც ამდენი ხანი ეძებდა სწორედ რომ ის კაცი იყო! ის!
ძველმა, ხანდაზმულ პროფესორმა თავის კაბინეტში მიიწვია, ახალი წარმატება მიულოცა და კედელზე, სხვა წარმატებულ სწავლულებთან ერთად, მის პირად კოლექციას, ახლა უკვე პიპას ფოტოც მიუმატა.
- და ახლა სად არის? - პიპამ ძლივს დაფარა აღელვება. - როგორც გავიგე, ციხიდან გამოსულა უკვე.
- ჩვენთან მოვიწვიე! - მიუგო ხანდაზმულმა კოლეგამ. - რამდენიმე საათი დავუთმე. ისეა გაუბედურებული, ლექციებს მაინც ჩაატარებს, ცოდვაა მისი ტვინის პატრონი ასე უქმად! ძალიან მწყდება გული, დასანანია, რომ ასეთმა ნიჭიერმა ადამიანმა, ასე უაზროდ დაიღუპა თავი.
პიპა ემოციებისგან თავს ძლივს იმაგრებდა. მშვენიერი ამბავი აუწყეს. ამდენი ხანი, სად აღარ ეძება ეს ოჯახი და ახლა აქ, სადაც არ მოელოდა, ასე გაუღიმა ბედმა.
- აი, ხომ გეუბნებოდი! - მიუგო მამაომ. - შენ კი არ გჯეროდა! გაურკვეველი ამ დედამიწის ზურგზე, არაფერი რჩება. ადრე თუ გვიან ყველაფერს აეხდება ფარდა! ყველაფერს გამოაჩინებს უფლის ნათელი! - უღიმოდა მამაო და პიპაც გაბადრული სახით უსმენდა.
მალე დადგებოდა ის ნანატრი დრო და მართლაც ახდიდა იმ გაურკვეველ საიდუმლოს ფარდას.
თავიდან, გოგონას მამამ ვერც იცნო პიპა. არც მას უცდია გამოცნაურება, ისე გამოელაპარაკა. საუბარიც მშვენივრად ააწყვეს. თანდათან, ცოტა თითქოს, დამეგობრდნენ კიდეც. პიპას ერთი სული ჰქონდა, სახლში როდის მიიპატიჟებდნენ, მაგრამ როგორც ჩანდა, გოგონას მამა, საერთოდაც არ აპირებდა ამას და პირიქით, თავად ჰქონდა პიპასთან სტუმრობის სურვილი.
პიპა კი ამაზე თავს იკავებდა და თვითონაც არ იცოდა, რატომ?
იქნებ, ქვეცნობიერად არც უნდოდა, რომ ვინმეს ენახა მისი განძი?
მისი ნანატრი ინსტრუმენტი.
რადგან, ვერანაირად ვერ მოახერხა თავი დაეპატიჟებინა, ბევრიც აღარ უფიქრია და ერთ მშვენიერ დღესაც უჩუმრად აედევნა.
კაცმა, ხარბად გააყოლა თვალი, ინსტიტუტის ეზოში მოკისკისე სტუდენტ გოგონებს.
პიპას მწარედ ჩაეღიმა
„ბებერი მელა! მაინც თავისას არ იშლის. საკანიც კი ხეხა ამ დაუოკებელი და გადამეტებული მექალთანეობისთვის.
თუმცა რა ქალები?
პატარა სტუდენტ გოგონებს გასაქანს არ აძლევდა.
ტფუუ, ახლაც ლამის შვილიშვილის ტოლებს, თვალს ვერ წყვეტს!
ჰმ, ვის რაღად უნდა ჯიბეგამოფხეკილი ბებრუხანა?!“
ამაზრზენი იყო პიპასთვის ეს კაცი, მაგრამ იმდენად აინტერესებდა იმ ყველაფერ ფარულ ამბებზე პასუხი, რომ მასთან მეგობრობაც კი გააბა.
კაცმა გარეუბნისკენ აიღო გეზი და ბოლოს ქალაქის განაპირას, ყველაზე გაპარტახებულ დასახლებაში, ნახევრად ჩამონგრეულ ქოხში შევიდა.
ასეთი ფუფუნების მერე, მინგრეულ ღარიბულ სახლში სტუმრის მიპატიჟება ცხადია არც უნდოდა. ალბათ, ამიტომაც იკავებდა თავს. პიპამ მხოლოდ იმის დადგენა შესძლო, რომ ცოლ-შვილს გაშორებული იყო, მაგრამ მაინც ერთ სახლში ცხოვრობდნენ და მხოლოდ ერთი კედელი ჰყოფდათ.
ბებია კი არსად ჩანდა.
„ალბათ, აღარც არის ცოცხალი.“
ფიქრობდა პიპა და სახლის შორიახლო დაბორიალობდა. ერთი სული ჰქონდა, იქნებ როგორმე, მისი ბავშვობის მეგობარი გოგონა მაინც გამოსულიყო გარეთ, მაგრამ მისდა სამწუხაროდ, არავინ ჩანდა.
„ნეტა, როგორია ახლა? ისევ ისეთი ლამაზია?
იქნებ, ვერც კი მიცნოს? ვერც გამიხსენოს. იქნებ, ახლა ზედაც აღარ შემომხედოს?“
ცოტაც და დაბნელდებოდა უკვე. უაზრო ლოდინიც მოსაბეზრებელი გახდა. პიპას ყოველგვარი იმედი გადაეწურა. ალბათ, დღეს არც აპირებენ სახლიდან გამოსვლასო, იფიქრა. თავად კი დაუპატიჟებლად თავზე დადგომას მოერიდა. ის იყო, წასვლა დააპირა, რომ სახლს, რახრახით მოადგა ძველი მანქანა. უგემოვნოდ ჩაცმული ქალები გადმოვიდნენ. დიდი ფუთები ძლივს გადმოათრიეს და რის ვაი-ვაგლახით შეათრიეს სახლში.
მანქანა წარახრახდა. საშინელი მტვერი დააყენა.
პიპა ერთხანს გაოგნებული იდგა. მოგვიანებით გამოერკვა და იქაურობა დატოვა.
ისევ უძილო ღამეები და ბოლოს, როგორც იქნა, გაბედა და გამოეცნაურა და ის სანუკვარი შეკითხვაც დაუსვა:
- მაინც, რატომ გამომაძევეთ იმ სახლიდან? ასე უსამართლოდ მოექეცით იმ პატარა ბიჭს, რომელსაც კარი გაუღეთ, სახლში შემოუშვით, გული გაუხსენით და უცებ, ყოველგვარი ახსნისა და განმარტების გარეშე, კინწისკვრით გამოაგდეთ გარეთ!
- ჰოო, შენ რა ბოღმიანი ყოფილხარ! - ჩაიხიხინა კაცმა. ვითომ ცინიკურად, მაგრამ თვალები მაინც სევდით აევსო.
პიპას მისი რეაქცია არ გამოჰპარვია და სულგანაბული ელოდა პასუხს.
კაცი დუმდა, მერე ხელი ჩაიქნია და წამოდგა.
პიპა მკლავში სწვდა:
- ფეხსაც ვერ გაადგამ, სანამ პასუხს არ მივიღებ!
- რა პასუხს მთხოვ?! აღარც კი მახსოვს რა ხდებოდა, იმ დროს.
- ჩემს მელოდიაზე მაინტერესებდა პასუხი, მეტი არაფერი! ნუთუ, ასე ძნელია თქმა?
- შენი კი არ ჩემია! ჩემი! - იღმუვლა კაცმა და სახე, რომ დაემალა ფანჯრისკენ შებრუნდა.
პიპა გაოცებული შეჰყურებდა, თუ როგორ თრგუნავდა ემოციებს მისი თანამოსაუბრე.
კაცი ერთხანს ასე ზურგით იდგა. მერე ცოტათი დამშვიდდა, მაგრამ თვალები მაინც წყლიანი და ამღვრეული ჰქონდა.
- ის მელოდია, შენ რომ ასე იჩემებ, ჩემთვის დაწერა. მე მომიძღვნა. ჩვენს სიყვარულს მიუძღვნა. შენ კი, ის ნოტები მოიპარე ან იპოვე და უსინდისოდ მიითვისე! - კაცი გაჩუმდა.
- არ მომიპარავს! და არც მითვისება მიცდია! - პიპა
გიჟივით წამოხტა.ისეთი სახე ჰქონდა, რომ კაცი შეკრთა და უკან დაიხია. პიპა სწრაფადვე გამოერკვა, წამსვე გადაურა აფეთქებამ, დამშვიდდა და საკმაოდ რბილი ხმით მიმართა:
- რვეული ვიპოვე. ნოტების, ძველი.
- მწვანე.
- ჰო, მწვანე!
მეტად აღარ დაუკონკრეტებია ანდა, რა საჭირო იყო? სხვა პასუხი მაინც არ ჰქონდა. რვეული ხომ მართლაც იპოვნა და რა მნიშვნელობა ჰქონდა უკვე, როდის და სად?
- შენ არც იქნებოდი დაბადებული იმ დროს, როცა ერთმა პატარა გოგონამ, ჩემთვის დაწერა და მერე კი ჩემი გულისთვის, მოიკლა თავი, ეჰ...
- და მერე? რატომ არ შეუშალე ხელი? რატომ მიიყვანე პატარა გოგო თვითმკვლელობამდე? ნუთუ, არ შეგეძლო აგეცილებინა? თუ შეგეშინდა? რადგან, არასრულწლოვანი იყო! ციხეში მოხვედრის შეგეშინდა?
- ციხე მაინც არ ამცდა.
- ღირსი იყავი და იმიტომ! პატარა გულუბრყვილო გოგონების მოტყუება კარგად, რომ გეხერხება, მაგიტომაც ხეხე მაგდენი წელი! ახლა სადღაც ბარაკებში ცხოვრობ და შენი ხელფასი გზის ფულადაც არ გყოფნის! შენი გაუბედურებული ცოლ-შვილი კი, ლუკმა-პურის საშოვნელად, ბაზარ-ბაზარ რაღაც უაზრო ნივთებს ჰყიდის!
- კარგი მორჩი! შენღა მაკლდი რა, ჭკუის სასწავლებლად! - კაცმა ზურგი შეაქცია და კარი გაიჯახუნა.
პიპა ისევ ღამეებს ათენებდა. საფიქრალი არ ელეოდა.
„მართლაც, რა უბედური გოგონა ყოფილა.
ამ ბებერმა ღორმა თავი შეაყვარა.
ბედი არ ჰქონია იმ საცოდავს. რაღა მანცდამაინც იქ სწავლობდა მუსიკას, სადაც ეს უნამუსო კაცი ცხოვრობდა. ამიტომაც იყო, რომ ბებიამაც იცნო ის ნაწარმოები და ისიც ისე ანერვიულდა, მაგრამ მე ვინ გამცემს პასუხს?! ვინ?!
ნეტა მართლა, მე საიდანღა ვიცი?
როდის? ან სად ვისმენდი? ვისთან?
ალბათ, მართლაც იმდენად ხშირად მესმოდა, რომ მეხსიერებაშიც კი ჩამრჩა.
მაგრამ სად?
როდის?“
როგორც მოგვიანებით, პიპამ გაარკვია, ნაწარმოები გოგონას, პირველად იმ ოჯახში დაუკრავს, ბებიასა და იმ კაცის მეტმა, არავინ იცოდა და არც შემდგომ არავის ჰქონდა მოსმენილი. გამოცდების მერე, პატარა სოლო კონცერტის მოსაწყობად ემზადებოდა. სიურპრიზივით დაუკრავდა, ამიტომაც მათ გარდა არავის გაუმხილა და ნოტებიც საგულდაგულოდ დამალა.
„და მერე მე საიდანღა ვიცოდი?
სად და როდის გავიგონე?
უთუოდ, ვინმე მეგობარს გაანდობდა, თანაკლასელს და იქნებ, სულაც ის ვიღაც უკრავდა და ასე ჩამრჩა ბავშვობის მოგონებებში.
ნამდვილად სადღაც მის ახლოს მიწევდა ყოფნა.“
თუმცა, კაცი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ არავინ იცოდა მათ მეტი და კონცერტამდეც არც არავინ გაიგებდაო.
გოგონამ დაუკრა, თუ არა მაშინვე რვეული დახურა და გამოაცხადა, რომ არც სახლში და არც არსად დაუკრავდა სანამ...
კონცერტი კი არ ჩატარდა.
ვეღარ ჩატარდა.
ნაწარმოების მთავარი შემსრულებელი აღარ იყო.
და აღარც ნოტები მოუკითხავს ვინმეს.
მიუხედავად იმისა, რომ პიპასთვის ეს კაცი ამაზრზენი და საშინელი იყო, მაინც რაღაც ძალა იზიდავდა მისკენ. სადღაც, გულის სიღრმეში, ებრალებოდა კიდეც.
კაცი საინტერესო და სასიამოვნო მოსაუბრე იყო. ჭკვიანი, ნაკითხი, კარგად განსწავლული. ადვილად პოულობდნენ სასაუბრო თემას. ზოგჯერ ისე შეუყვებოდნენ კამათსა დისკუსიას, რომ დროის შეგრძნებას საერთოდ ჰკარგავდნენ.
კაცსაც ძალიან მოსწონდა პიპა. მისდამი პატივისცემას განიცდიდა და ყველანაირად ცდილობდა, როგორმე დანათესავებოდა. პიპასაც მეტი რა უნდოდა. ინტერესით კვდებოდა, ისე უნდოდა თავისი ბავშვობის მეგობრის ნახვა.
გოგონა ისევ ისეთივე ლამაზი იყო, მაგრამ ჩამქრალი გადაქანცული თვალები, ისე აღარ უკიაფებდა, როგორც ერთ დროს. აღარც ლამაზი კაბები ეცვა და აღარც ისეთი ბედნიერი ღიმილი ამშვენებდა მის სახეს.
თანდათან პიპას უღიმღამო და ერთფეროვანი ცხოვრება ბედნიერებითა და სიყვარულით აივსო. ახლა აღარ იყო ისეთი მარტოხელა, სახლში მუდამ ხვდებოდა ხალისი და გემრიელი ცხელ-ცხელი კერძები.
პიპამ სიდედრი და სიმამრიც თავისთან გადმოიყვანა. ბედნიერი იყო, უკვე საკუთარი დიდი ოჯახი ჰქონდა და არავის მიკედლება აღარ სჭირდებოდა.
მალე მამაც გახდებოდა. ძლივს ითმენდა, ერთი სული ჰქონდა. ბავშვისთვის ყველაზე დიდი და ნათელი ოთახი შეარჩია. ახლებურად შეალამაზა და მოაწყო, ნაირ-ნაირი სათამაშოებით აავსო.
ყველაფერი კარგად იყო, თუმცა ხანდახან მეუღლის უცნაური ქცევები ცოტას კი აფიქრებდა, მაგრამ ორსულობის ბრალიაო და გულთან ახლოს არც მიჰქონდა. მაგრამ მერე თანდათან უფრო მეტად იმატა ამ უცნაურობებმა. მთელი დღეები ოთახიდან არ გამოდიოდა, არაფერი აინტერესებდა. არც საჭმელი და არც სასმელი, არც პიპას სახლში მოსვლა უხაროდა და არც მასთან ერთად სასეირნოდ წასვლა.
სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს, უსიცოცხლოდ, ცივად შეხვდებოდა, მერე ზურგსაც აქცევდა და ოთახში შებრუნდებოდა.
ერთხელ საშინელი ისტერიკაც მოაწყო, მუცელში ხელებს იშენდა და მომაშორეთ ეს არ მინდა, სხეული დამიმახინჯაო, იმ დღეს ძლივს დაამშვიდეს.
პიპა მაინც იმედს არ ჰკარგავდა, შვილს რომ ჩაიხუტებს, ყველაფერი გაუვლისო. აკი სხვებიც ასე ამშვიდებდნენ.
სულ მალე შობა-ახალ წელს და ოჯახში შემომატებული ახალ წევრის გამოჩენას ერთად იზეიმებდნენ. პიპა მოუთმენლად ელოდა შვილის დაბადებას. დღეებს ითვლიდა, სამსახურში გაძლებაც უჭირდა და სულ საათზე იყურებოდა და ერთ მშვენიერ დღესაც, სწორედ მაშინ ლექციას, რომ ატარებდა სანატრელი ამბავიც აუწყეს.
ფრთებშესხმული გამოფრინდა უნივერსიტეტიდან და სიხარულისგან, კინაღამ გული წაუვიდა ბიჭის, რომ დაბადება შეიტყო.
ახლა უკვე მამა იყო! მამა! პატრონი და მშობელი! არასდროს გაივლიდა მისი შვილი, იმ მძიმე და რთულ გზას, რაც თავად გაიარა. ყველაფერს გააკეთებდა მის დასაცავად და მისი კეთილდღეობისთვის უკან არაფერზე დაიხევდა. თუ საჭირო გახდებოდა სიცოცხლესაც კი დათმობდა, შურსაც იძიებდა და არავის დაზოგავდა.
ამდენი ემოციების, ფიქრების და სიხარულისგან ფეხზე ძლივს იდგა. ერთი სული ჰქონდა, სანამ ბავშვს ნახავდა, ხელში რომ აიყვანდა ალბათ, გულიც წაუვიდოდა.
მაგრამ რაღაც გაჭიანურდა. დრო გაიწელა. პიპას სული ელეოდა. რამდენიც იკითხა, პასუხად სულ დაიცადეთ დაიცადეთო, ეუბნებოდნენ.
სხვებმა, რა ხანია ნახეს უკვე თავიანთი ახალშეძენილი ჩვილები.
პიპას კი, არ დაადგა საშველი. ვერაფერი გაეგო, ასე რატომ აყოვნებდა ექიმი, ბავშვის ჩვენებას, მაგრამ შვილის შეძენის სიხარული, იმდენად დიდი იყო, რომ მოუთმენლად იტანდა ლოდინს.
როგორც იქნა, ეღირსა და ექიმის კაბინეტში მიიწვიეს. თითქოს, გულმა რაღაც უგრძნო. საშინლად არ მოეწონა ექიმის ცივი და გაქვავებული სახე.
- მშვიდობაა ექიმო? - ხმის კანკალით იკითხა პიპამ.
- ნუ, თუ ამას, მშვიდობად ჩავთვლით...
ექიმის უცნაურ მიმიკაზე, პიპას გული შეუქანდა. ნახევრად არც ესმოდა რას ესაუბრებოდა. სიტყვები მის ყურამდე, ნაწყვეტ-ნაწყვეტ აღწევდა.
ექიმი კი საუბარს განაგრძობდა არ ჩერდებოდა:
- ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს ზედმეტი ქრომოსომა აქვს, მაგრამ მემკვიდრეობითი დაავადება მაინც არ არის! რადგან, დეფექტური გენი, თაობიდან თაობას არ გადაეცემა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რეპროდუქციის პროცესში ყალიბდება! ეს პათოლოგია, მხოლოდ განაყოფიერების მომენტში ვითარდება. ერთადერთი იმით შემიძლია დაგამშვიდოთ რომ, როგორც აუტიზმის, ასევე დაუნის სინდრომის შემთხვევაში, აუცილებლად მნიშვნელოვანია, ბავშვის დროული ჩართვა, მისი სპეციალური განვითარების პროგრამაში...
პიპა ხმას ვერ იღებდა. მკვდრისფერი ედო, გახევებული შეჰყურებდა ექიმს. ის კი, კვლავ განაგრძობდა საუბარს და მხოლოდ მაშინ შეჩერდა, როცა ექთანმა რაღაც ფურცელი შემოუტანა.
გაოცებულმა ექიმმა ჯერ თვალები დაქაჩა, სათვალე მოირგო, კარგად ჩაუკვირდა და მერე ასევე გაკვირვებული და ცოტა უცნაური სახით მიმართა, ადგილზე გაქვავებულ პიპას:
- ჰმ, აბა რა გეგონათ? აბა რას მოელოდით?!
პიპა ვერაფერს ხვდებოდა და ისევ გაფითრებული მისჩერებოდა ექიმს და ხმასაც ვერ იღებდა. ის კი თითქოს და რაღაც ფარული ცინიზმით განაგრძობდა:
- ოცდახუთი პროცენტი საერთო დნმ გაქვთ და აბა რა გეგონათ?! და-ძმის შვილი ჯანმრთელი გინდოდათ, რომ გამოსულიყო?
LEX. 2017 წლის 3 აგვისტო, ხუთშაბათი.
No comments:
Post a Comment