Friday, February 9, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 121.)

121.
ლოდინმა ფიფო, ლამის ჭკუიდან შეშალა. მისი უფროსი კი, თითქოს არც აპირებდა თავის აწევას.
ცოტაც და ფიფო, იღრიალებდა კიდეც, მაგრამ როგორც იქნა, „ბედმა გაუღიმა“ და უფროსის თავიც, მოწყდა საქაღალდეს. 
ჯერ სათვალის ქვემოდან ამოხედა ფიფოს. მერე ეს სათვალეც მოიხსნა, მშვიდი მოძრაობით მაგიდაზე დადო, სავარძლის საზურგეზე გადაწვა, სიგარეტს მოუკიდა და მისი კვამლი, პირდაპირ ფიფოსკენ გამოუშვა. 
ცივმა ოფლმა დაასხა ფიფოს. უფროსს რაღაც საშინელი გამოხედვა ჰქონდა. ავის მომასწავებელი და საზარელი.
- სად ბრძანდებოდით, ყმაწვილო? - დაიწყო უფროსმა მშვიდი, დინჯი ხმით. - გასული კვირის, შაბათ საღამოს? 
- როგორ, სად? - ფიფო წამით, თითქოს დაიბნა, რას ეკითხებოდნენ, ან რატომ?
- სად იყავი-მეთქი! - ახლა უკვე ძლიერად დაიგრუხუნა, უფროსის ხრინწიანმა ხმამ. - რა ვერ გაიგე?! 
- სად ვიქნებოდი? - არ შეეპუა ფიფოც. - ალბათ, სახლში ან მეგობრებთან! ან შეიძლება, სულაც აქ ვიყავი? 
- ეს ვარაუდები და ზღაპრები არ გვინდა, რა! - უკმეხად მიუგო უფროსმა. - სად იყავი-მეთქი, რომ გეუბნები, ზუსტად უნდა მიპასუხო!
- შაბათ საღამოს? - ფიფო ჩაფიქრდა, უფრო მეტად კი, უფროსის ბოროტულად დამცინავმა სახემ ჩააფიქრა.
- ჰო, შაბათ საღამოს! - კვლავ დაიგრუხუნა უფროსის ხმამ. - ამ კვირის კი არა, გასული კვირის! 
- მეგობრებთან ერთად ვიყავი! ვსვამდით და არც მახსოვს, სახლში რომელზე მივედი. - ჯერ ჩვეულებრივი ხმით უპასუხა ფიფომ და მერე უცებ წამოენთო. - რა ხდება? დაკითხვას მიწყობ? მეგობრების გადამოწმებაც ხომ არ გინდა?!
- ჰმ, რატომაც არა! - მკვახედ მიუგო უფროსმა. - ჩამომიწერე ერთი, მაგათი ნომრები.
- მოიცა! - გაოგნდა ფიფო. - სერიოზულად ამბობ?
- აბა რა გგონია? მოცლილი ვარ და გეკაიფები?! - წაიწვრილა ხმა უფროსმა.
- არაფერსაც არ დავწერ! 
- ისე მშვენივრად დაწერ!
- და რა ხდება, აღარ მეტყვი? - უკან არ იხევდა ფიფო და ვერ ხვდებოდა, ან რას ემართლებოდნენ, ან რას ესარჩლებოდნენ.
- მდაა. - ამოიხვნეშა კაცმა. - კარგი. კარგი. - სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა, გვერდით მისწია. მერე სათვალე მოიმარჯვა, ისევ საქაღალდეში ჩარგო თავი და დამარცვლით ამოიკითხა. - კრიმინალისტების გადამოწმების შედეგად, აღმოჩენილი იქნა, მანამდე აღმოუჩენელი. - მერე ფიფოს ჩააშტერდა. - აი ხაზს ვუსვამ, მანამდე აღმოუჩენელი, სანამ შენ! აი, ჰო, შენ! - ფიფოსკენ საჩვენებელი თითი გამოიშვირა. - მოითხოვდი, მკვლელობის ადგილის ხელმეორედ დათვალიერებას! - ისევ ჩარგო თავი. - ეგრეთ, წოდებული ფარული სეიფი-სამალავი, საიდანაც ამოღებული იქნა, ხელბორკილები, რომელიც სავარაუდოდ, მკვლელობის მომენტში ეკეთა მსხვერპლს! - უფროსმა მძიმედ ამოიხვნეშა და შემდეგ ფურცელზე გადავიდა. - ახლა ექსპერტიზის დასკვნას გადავხედოთ! ხელბორკილები, რომ ნამდვილად სწორედ იმ მსხვერპლს ეკეთა, ეს დადასტურებულია, რადგან მასზე აღმოჩენილია მოკლულის ეპითელია და აგრეთვე თითის ანაბეჭდებიც, რომელიც არ ეკუთვნის მსხვერპლს! - კაცმა სათვალე უხეში მოძრაობით საქაღალდეზე დააგდო და ისევ ფიფოს ჩააშტერდა.
- და მერე? - მოთმინება გამოელია ფიფოს.
- მერე ის, რომ ახლა აიღებ კალამს და ფურცელს და სულ წუთებსა და წამებში ჩამოაწიკწიკებ, თუ სად ბრძანდებოდი შაბათს საღამოს, მკვლელობის დროს!
- და მე რა შუაში ვარ? - შეუტია ფიფომ.
- შუაში კი არა, თავში ხარ! 
- ???? - ფიფოს ენა დაება.
- შენი თითის ანაბეჭდებია ხელბორკილებზე აღმო-ჩე-ნი-ლიიი! - ბოლო სიტყვა მკვახედ დაუმარცვლა უფროსმა. - ძვირფასო!
- რააა??? - ფიფოს ელდა ეცა. - რა ანაბეჭდები?! გადაირიე?! 
- არ გადავრეულვარ! რამდენჯერმე გადავამოწმებინე, მაგრამ...
- შეუძლებელია! 
- ხომ ხედავ, შესაძლებელია! ან... - უფროსი ფიფოსკენ გადმოიხარა. - შესაძლებელი გახდა!
- ესე იგი, მე გამოვდივარ სერიული მკვლელი, არა?! - დაიღრიალა ფიფომ.
- სერიული? - გაიოცა. - უფროსმა. - ეგ უკვე აღარ ვიცი, მაგრამ ახლა, სანამ ოფიციალურად დამიდია შენთვის მკვლელობის ბრალი, როგორც გინდა, ისე დაიძვრინე თავი! 
- და შენ გჯერა მერე?
- მე მხოლოდ ფაქტებს ვეყრდნობი, ამიტომ დაამტკიცე შენი უდანაშაულობა, ჯერ უტყუარი ალიბით! მერე კი, თითის ანაბეჭდების კვალზეც ვისაუბროთ! საიდან ან როგორ მოხვდა იქ და ასე ამგვარად და ასე შემდეგ!
- დავუშვათ მე ჩავიდინე! - უკან არ იხევდა ფიფო. - ნუთუ, ამდენად იდიოტი ვარ, რომ სამხილიც დავტოვე და თანაც, სპეციალურად მივანიშნე კრიმინალისტებს?
- იდიოტი, რომ არ ხარ, მაგიტომ ზიხარ ახლა აქ და თავის მართლების საშუალებას გაძლევ, თორემ აქ კი არა, აქამდე უკვე, პირდაპირ ქვემოთ იქნებოდი ჩაყუდებული!
„გამიჩალიჩა. ნამდვილად გამიჩალიჩა, მაგრამ როგორ? რანაირად მოახერხა?“
ფიფო დაბოღმილი იჯდა. ცდილობდა ზუსტად გაეხსენებინა, თუ სად იმყოფებოდა მკვლელობის დროს. 
ყველაფერი მეხსიერებაში ამოტივტივდა. არც თუ ისე რთული გასახსენებელი აღმოჩნდა. მშვენივრად კარგად ახსოვდა, თუ სადაც იყო და რასაც აკეთებდა, მაგრამ აბა, როგორ უნდა ეთქვა, როცა კვლავ მიმის დაკარგვის საშიშროება დაუდგა წინ.
იმ საღამოს, მიმისთან ერთად, ჯერ მხატვართან იყო. მიმის სახლში გაცილებისგანაც, თავი ძალიან ადვილად დაიძვრინა და აქეთ უსაყვედურა კიდევაც, ასეთ თავსხმა წვიმაში, რატომ გამოხვედი გარეთო. თუმცა, მიმისაც თითქოს, მარტო წასვლა ერჩივნა. ან სულაც ფიფოს მოეჩვენა ასე, მაგრამ აღარ ჩაეძია, რადგან თავად სხვა გეგმები ჰქონდა.
მხატვარი მუსიკის საღამოზე ეპატიჟებოდა ორივეს. მიმის თავიდან ძალიან უნდოდა წასვლა. ფიფო უარზე დადგა. მიზეზი კი, ისევ თავსხმა წვიმა იყო. 
- მერე რა, რომ მანქანით ხარ! - არიგებდა ფიფო. - ასეთ ამინდში, შენი აქეთ-იქეთ სიარული და თანაც ამდენ ხალხში, სულაც არ არის სასურველი. მით უმეტეს, რომ გრიპობის სეზონია და ათასი ინფექციის აკიდებაც არის შესაძლებელი და თანაც თავს, თუ არ უფრთხილდები, ჩვენს შვილს მაინც გაუფრთხილდი. 
ფიფოს მზრუნველ სიტყვებზე მიმის გაეღიმა. ფიფო მართალი იყო. მიმი მაინც ორჭოფობდა, მაგრამ ფიფომ იმდენი გააკეთა, რომ მიმი სახლში წასვლაზე მაინც დაითანხმა. თავად კი, სასწრაფო საქმე მოიმიზეზა.
სახელოსნოდან გამოსვლისას, თეატრთან ჩაიარა. იცოდა, რატომაც უნდა ჩაევლო და იცოდა ვინც ელოდა. მხატვრის ყოფილ სატრფოსთან და მოდელთან, სწორედ იმ მსახიობთან ქალთან ჰქონდა პაემანი და იქ მიიჩქაროდა.
ფიფო არ იყო ცუდი ბიჭი, მაგრამ გამოუსწორებელი მექალთანეობისგან თავის დაძვრენა ძალიან უჭირდა. მით უმეტეს, თუ საწინააღმდეგო სქესისგანაც მოდიოდა საკმაოდ აქტიური და მაცდური იმპულსი. 
მიმი მართლა უყვარდა. ძალიან უყვარდა და დიდ პატივსაც სცემდა, თუმცა მსახიობის ქალის ხიბლს, თავი ვერანაირად ვერ აარიდა. გულში კი, მაინც თავს იმართლებდა, ჯერ ხომ ისევ მაინც ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ ის და მიმი, ასე რომ, თავს თავისუფალ კაცად თვლიდა და არ იკლებდა სიამოვნებას.
მოგვიანებით, როდესაც მსახიობ ქალს სახლში აცილებდა, სპეციალურად იმ ქუჩიდან ჩაიარა, სადაც მიმი ცხოვრობდა. ქუჩიდან ეზოს სიღრმე არ ჩანდა და ვერც შენიშნავდა იდგა თუ არა მიმის მანქანა იქ. ერთი კი გაიფიქრა, იმედია ასეთ საშინელ თავსხმაში აღარსად წავიდოდაო და დამშვიდებულმა მიმის ქუჩიდან მეზობელ უბანში გასწია. ახლა ამ გზიდან უნდოდა მოვლა და პიპას სახლთან ჩავლა. 
ფიფოს მეგზური ქალი კი სიხარულს ვერ ფარავდა. ნუთუ, ასე ვერ მელევი, რომ უბან-უბან, შემოვლითი გზით მაცილებ სახლშიო. ფიფომ ამაზე ღიმილით უპასუხა, თან ცალი თვალი ჩამწკრივებული შენობებისკენ ეჭირა, როცა მოულოდნელად, ჯერ კიდევ შორიდან, მიმის მანქანა შენიშნა. 
ძლივს შესძლო ნერვები მოეთოკა. სვლა უფრო შეანელა, ნელ-ნელა ჩაურა და მერე მთელი სისწრაფით გიჟივით გააქროლა მანქანა. ერთი სული ჰქონდა, ქალი სახლში მიეცილებინა და სასწრაფოდ უკანვე გამობრუნებულიყო. 
- რა მოხდა ფიფო? ხომ მშვიდობაა? - შეშფოთებული ხმით იკითხა ქალმა.
- ჩემებს რაღაც შევპირდი და ახლაღა გამახსენდა, მინდა მოვასწრო. - თავი იმართლა ფიფომ.
- მე კი მეგონა, რომ რაღაც მოგეჩვენა. 
კისკისებდა ქალი და ძლივს მოასწრო მანქანიდან ფეხის ჩადგმა, რომ ფიფოს მანქანა, გიჟივით მოსწყდა ადგილს.
ქუჩის მეორე მხარეს, მშვენიერი სათვალთვალო ადგილი მონახა. რა იცოდა, რომ იქ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მიმი იყო პიპას მოლოდინში ჩასაფრებული. 
თითქმის, ორი საათი მოუწია ლოდინი. კინაღამ მანქანიდან გადმოვიდა და პიპას აადგა სახლში, მაგრამ გული მაშინ უფრო მეტად აევსო ბოღმით, როცა დაინახა, თუ როგორ ჩასხდნენ მანქანაში მიმიც და პიპაც და სანამ ადგილიდან დაიძვრებოდნენ, პიპა გადმოვიდა და საჭესთან დაიკავა ადგილი.
ფიფო უჩუმრად აედევნა. დიდხანს, ძალიან დიდხანს იყო მიმის სახლთან ჩასაფრებული. მოგვიანებით, მიმის მანქანა ეზოდან გამოვიდა. ფიფო შორიახლო კვალში მიჰყვა. მანქანა კორპუსის წინ გააჩერა. პიპა სახლში ავიდა. მანქანაში მეტი არავინ იყო.
- ჰა?! რას ჩაფიქრდი?! - ფიქრებიდან უფროსის გრუხუნა ხმამ გამოიყვანა.
ფიფომ არაფერი უპასუხა.
- სად იყავი ისეთ ადგილას, რომ ვერც იხსენებ? თუ, არ გინდა, რომ გაიხსენო?
- არც მინდა! და არც არაფერს არ დავწერ! - ჯიუტად მიუგო ფიფომ.
- რას მებრიქები? - უფროსი მოიღუშა. - შენ ხომ არ გგონია, ეს ამბავი, ასე ადვილად ჩაივლის?! ჩამაბარე იარაღი!
- რაა?
- იარაღი ჩამაბარე! - კვლავ ძლიერად დაიგრუხუნა უფროსმა და ტელეფონს დასწვდა. 
ოთახში ოთხი მორიგე პოლიციელი, ერთმანეთის მიყოლებით შემოვიდა. 
ფიფო გაოგნებული იყო. ვერაფერი გაეგო, როგორ? რანაირად?
ბიჭები ფიფოს თვალს ვერ უსწორებდნენ. თითქოს, ანიშნებდნენ, ვერაფრით გეხმარებით, გვაპატიეო.
ფიფოს მეტი სხვა რა გზა ჰქონდა? იარაღი მაგიდაზე დადო და მორჩილად ჩაჰყვა ბიჭებს სულ ქვედა სართულზე. 
- რა ვქნა? ფიფო-ჯან! ხომ იცი ასეთი წესია. - დიდი მორიდებითა და მოწიწებით წაიწკმუტუნა საკნის მეთვალყურემ და ფიფოს პირადი ნივთების ჩასაბარებლად, სპეციალური ყუთი დაუდგა წინ. 
ფიფომ უხმოდ დაუქნია თავი და ჯიბიდან ნივთების ამოლაგებას შეუდგა. 
- ერთი ზარის უფლება, ხომ მაინც მაქვს? - დამცინავად იკითხა ფიფომ და პასუხს არც დაელოდა, ისე მოიმარჯვა მობილური, მაგრამ მაშინვე ყუთშივე ჩააბრუნა. 
სახლში, რომ დაერეკა გულს გაუხეთქავდა მშობლებს. ნათლიას კი, ისედაც შეატყობინებდნენ, თუ უკვე არ იცოდა და ამიტომ მაინც გაყუჩება ამჯობინა. მით უმეტეს, რომ იცოდა, ახლა აქ ათასი თვალი უყურებდა და ათასი ყური უსმენდა.
საშინელება იყო იქაურობა. საზიზღარ სუნთან ერთად, საშინელი და ამაზრზენი. ისედაც დაღლილობისგან და ნერვიულობისგან თავი უსკდებოდა და ახლა კიდევ აქ, ამ ჯოჯოხეთში მოხვდა. 
მძაფრი სუნი გულს ურევდა. რამდენჯერმე სუნთქვის შეკავებაც კი სცადა. თავბრუ ეხვეოდა. ტვინში სისხლი ისე უდუღდა, რომ მშიერი კუჭი აღარც ახსოვდა.
ნახევარი საათიც კი არ იყო გასული, რომ ნათლიამაც ჩამოაკითხა. საუკუნოვან ჯოჯოხეთად მოჩვენებული, ის ნახევარი საათიც კი, საშინელად დამთრგუნველი აღმოჩნდა მისთვის.
ნათლია უხმოდ მიუჯდა. სიგარეტი მიაწოდა. ფიფომ არ გამოართვა. თავიც კი არ აუწევია ისე იყო ჩაშტერებული გაურკვეველი ფერის იატაკის, სიბინძურისგან გაჩენილ ღრმულებს. 
ყველაფერი! 
ყველაფერი გულს ურევდა აქ და სიგარეტის კვამლმაც ხომ საერთოდ, თავბრუ დაახვია.
- ჩააქრე რაა. - მუდარით შესჩივლა ნათლიას.
- ჰაჰ! რა იყო ბიჭო? მაკედ ხომ არ ხარ? - ჩაიქირქილა ნათლიამ.
ფიფომ ხმა არ ამოიღო.
- აი, რა გითხრა, არც ვიცი. - დაბალი ხმით დაიწყო ნათლიამ. - ფაქტია, რომ იცი ვინც არის.
- ვისზე ამბობ? - ვითომ მართლა გაიკვირვა ფიფომ.
- იცის, რომ კვალში უდგახარ და საქმეც მაგაშია, შენც იცი, რომ მანაც იცის. - ნათლია გაჩუმდა.
ფიფომ არაფერი უპასუხა.
- იცოდი და ჩემთან კი არაფერი გითქვამს. - ნათლიის ხმაში საყვედურმა გაჟონა. - ჰოდა, აი! ამიტომაც დაგადო და ზიხარ ახლა აქ!
ფიფომ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ გაჩუმება ამჯობინა. თანამშრომლებიც იქვე წრიალებდნენ და მშვენივრად იცოდა, ყველას ყურები დაცქვეტაზე ჰქონდათ. 
- ხანუმა ვერ იყო კარგად. მნახოსო, სანამ ცოცხალი ვარ, რას დამივიწყაო. - შეაპარა ფიფომ ნათლიას და ისიც მიუხვდა, ხანუმასთან უნდა მისულიყო. ის ეტყოდა ყველაფერს, თორემ, რა დროს ახლა ხანუმას ხსენება და მის ჯანმრთელობაზე საუბარი იყო.
- კარგი. შევუვლი ერთი, ვნახავ! ცოდოა ის ქალი უპატრონოთ მიგდებული. ჩემს მეტი არავინ ჰყავს საცოდავს, მართლა არ ჩაკვდეს მარტო! - ნათლიამ ცოტა ხმამაღლა, ყველას გასაგონად წარმოსთქვა. - შენ კი არ მოიწყინო, მოვიცლი შენთვისაც. - თვალი ჩაუკრა ფიფოს. გამოსვლისას კი თითქოს ახლა მოაგონდაო. - კი, მაგრამ რატომ არ ამხელ მართლა სად იყავი?
- არ შემიძლია! - მიუგო ფიფომ. - არ შემიძლია და იმიტომ! თანაც... არანაირ კავშირში არ არის! მართლა.
- სანამ უტყუარი ალიბი არ გექნება, მანამდე აქედან გასვლაზე არც იფიქრო! - მკაცრად უთხრა ნათლიამ. - ეს ერთი ეტაპი და მეორე კიდევ ის ფაქტები, რის გულისთვისაც, ახლა აქ ხარ!
- ხომ გითხარი, არ შემიძლია! არ შემიძლია და მორჩა!
- ქმარი ჰყავს? - დამცინავად მიუგო ნათლიამ.
- ვის?
- ვის და ბებიაჩემს! - ჩაიქირქილა ნათლიამ. - აი, ვისაც ხელს აფარებ, იმას!
ფიფომ უხმოდ დაუქნია თავი. 
მართალიც იყო, ქალმა კატეგორიულად გააფრთხილა არავინ უნდა გაიგოსო. ფიფოს ისიც კი არ უკითხავს, რატომ და რისთვისო. მაგრამ ახლა მიმი? ისევ ხომ არ დაკარგავდა ძლივს, კიდევ ერთხელ მოპოვებულ ნდობას? 
- დამარეკინე. - წაიღმუვლა ფიფომ.
ნათლიამ უხმოდ გაუწოდა მობილური.
LEX. 2017 წლის 27 ოქტომბერი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment