118.
ფიფო ხანუმასკენ მიიჩქაროდა. ძლივს დაიძვრინა თავი, იმ ახალგაზრდა ბიჭისგან. თუმცა, რას ერჩოდა? არც არაფერს! სასიამოვნოც კი იყო მის აზრებს, რომ ვიღაც კიდევ იზიარებდა.
გვიანი იყო, მაგრამ „ხანუმა დეიდას“ სხვა ბევრი მოხუცებულივით, ამ დროს არასდროს ეძინა. ჩაიფუთნებოდა, ხოლმე დიდ პლედში და წიგნის კითხვაში ათენებდა ღამეს. ფიფომ აუდიო წიგნებიც შეუძინა, მაგრამ ვერც ყურსასმენი მოირგო და ვერც ხმამაღალ ხმაზე მოუსმინა. ასე მგონია, ოთახში კიდევ ვიღაც დადის და ხელს მიშლის წიგნის კითხვაშიო.
- მე ცოტა მეტი რძე ჩამიმატე და ყავა ნაკლები. - დააწია სამზარეულოში გასულ ფიფოს „ხანუმა დეიდამ“. - ამ ბოლო დროს, რაღაც კოფეინი ცოტა გულს მიჩქარებს. - მერე თავადვე ჩაეცინა. - ხო, გამხმარმა გულმაც იცის აჩქარება. სანამ ჯერ კიდევ ფეთქავს.
- აბა რა ხდება? როგორ ხარ? - ფიფო სავარძელში მოკალათდა.
- აი, როგორც დამტოვე, ისევ ისე დაგხვდი! - ჩაიხითხითა ხანუმამ და ცხელი ყავა მოსვა. -
შენი ამბები, როგორ მიდის?
- რა ვიცი, არაფერი სახარბიელო. ისევ და ისევ. - ამოიხვნეშა ფიფომ.
- მიდი, მიდი მომიყევი. თუ ვერაფერში დაგეხმარები, გულს მაინც მოიოხებ.
- რა მოვყვე, არც კი ვიცი? - ფიფო წამით შეყოვნდა. - ერთი ოჯახი მაფიქრებს. თითქოს, რაღაც კვალზეც ვარ. ამბობენ, და-ძმანი ვართო და არქივმა კი, მათი ქორწინების მოწმობა ამოაგდო.
- ჰა ჰა, ბასკერვილების ძაღლი! - გაეცინა ხანუმას.
- ჰო. დაახლოებით მასეა. დაახლოებით კი არა და სწორედ, რომ იმ ქალის ძმა, თუ ქმარი მყავს მიზანში ამოღებული.
- და მეზობლებში არ გაიკითხე?
- სადაც ეს კაცია ჩაწერილი, იმ მითითებულ მისამართზე, უკვე დიდი ხანია აღარ ცხოვრობენ. თუმცა, ის ბინა მაინც მათ საკუთრებაშია. სწორედ იქ გავიკითხე და აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, სიდედრ-სიმამრთან ერთად ცხოვრობდა და ბავშვი როგორც კი შეეძინათ, მალევე სხვაგან გადასულან! - ფიფო წამით შეყოვნდა. - აი იქ კი სხვა, ახალ მისამართზე, და-ძმად გამოაცხადეს თავი. ასე იციან იქაურმა მეზობლებმაც.
- ჰოო, საინტერესოაა. - ხანუმა ჩაფიქრდა. - იქნებ, მთელი ჯგუფია? დამნაშავეთა ბანდა და ვითომ, ოჯახის წევრები არიან.
- აღარც მაგას გამოვრიცხავ! - თავი გააქნია ფიფომ.
- ისე შეიძლება, რადგან შვილიც ეყოლათ, მართლაც ცოლ-ქმარია და ის სხვა ორი წევრიც ნათესავები არიან, ერთადაც მოქმედებენ, მაგრამ რატომღა ასაღებენ თავს და-ძმად?
- არაფერი ვიცი. - ამოიხვნეშა ფიფომ.
- საცხოვრებელი, რომ შეიცვალეს, მაშინ გვარებიც ხომ არ შეუცვლიათ?
- არა!
- ბავშვი ნამდვილად ორივესია? იქნებ, ერთ-ერთის არის? თუმცა, ეს არც არაფერს ცვლის.
- საბუთების მიხედვით ორივესია. ბავშვის დაბადების მოწმობაში ასეა მინიშნებული, მაგრამ მეზობლები, მხოლოდ ბავშვის მამას იცნობენ. ჰგონიათ, რომ დედამ შვილი მიატოვა.
- და გვარი? დედ-მამა ერთი გვარის არის? ხომ ამბობენ, რომ და-ძმანი ვართო?
- არა. ერთ გვარს, მხოლოდ ბავშვი და მამამისი ატარებს, ხოლო დედა და ბებია-ბაბუა სამივე სხვა მეორე გვარის არიან.
- საოცარია! რა თამაშია არ მესმის? ასეთ დიდ ტყუილს, რაღაც სერიოზული რამ უდევს საფუძვლად, თორემ.
- ვერაფერს ვფიქრობ, რა ვიცი.
- და შენ მაინც, რატომ დაინტერესდი, ასე? - ჩაეკითხა ხანუმა.
- ეს ქმარი, თუ ძმა, ჩემი ეჭვმიტანილია, მხოლოდ ჯერ არაოფიციალურად!
- ეგ ხომ მითხარი, ახლახან. - ჩაეცინა მოხუცს. - გგონია, ასე დავბერდი?
ფიფოს ცალყბად ჩაეღიმა.
- შენ კიდევ, რაღაც სხვა ინტერესიც გექნება და ბარემ ამოყაჭე, გისმენ! - ჩაიხითხითა ხანუმამ.
- მისი დაიკო, თუ ცოლი, ჩემი უახლოესი მეგობრის შეყვარებულია.
- ჰოო? მერე?
- მერე ის, რომ სანამ ჩემგან არ გაიგო, ისიც კი არ იცოდა, მის რჩეულს შვილი თუ ჰყავდა.
- ჰმ, ბავშვი რატომღა დამალა? ჩემი ახალგაზრდობის დრო, რომ იყოს კიდევ მესმის, მაგრამ. - ხელი ჩაიქნია ხანუმამ. - ახლა ნეტა ვიღას რა უკვირს?
- ჰოდა ქმარსაც ძმად ასაღებს!
- მერე წესიერად ვერ გამოჰკითხა, იმ შენმა ბრიყვმა ძმაკაცმა?
- შვილი, როგორც კი უხსენა, ისეთ დღეში ჩავარდა ის ქალი, თავი შეაცოდა. - ფიფო გაჩუმდა და მერე დაბალი ხმით დასძინა. - ისე, მართლაც შესაბრალისია ოჯახი, სადაც ავადმყოფი ბავშვია.
- ალბათ, შენს მეგობარსაც იმდენად შეებრალა, რომ სულ აემღვრა გონება და მეტიც ვეღარაფერი ჰკითხა. - გაეღიმა ხანუმას.
- ჰო, მასეა. სამწუხაროდ.
- და ბავშვი, რითია ავად?
- არ ვიცი ზუსტად. - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - რაღაც სინდრომია, მგონი აუტისტია.
ხანუმა დეიდა ერთ ხანს ჩაფიქრებული იჯდა, მერე როგორც იქნა ხმა ამოიღო:
- თუ დაუნის სინდრომი აქვს ბავშვს, ან რამე მსგავსი პრობლემა, მაშინ შესაძლებელია, მართლაც და-ძმის სისხლი ურევია. თუმცა, ვინ იცის? ისე, მაგაზეც არ არის დამოკიდებული.
- არ ვიცი! არ ვიცი! არაფერიც არ ვიცი! იქნებ, სულაც არ არის ის, ვისაც მე ვეძებ, მაგრამ რაღაცას, რომ მალავს ეს ოჯახი და...
- ჰოო, საბაბიც არ გაქვს, რომ რამე წესიერად გადაამოწმო.
- სხვა მხრიდან უნდა მივუდგე. იმ ქალის მხრიდან გამორიცხულია, როგორც უნდა ისე მოატრიალებს საქმეს!
- შენს ძმაკაცს უკვე აურია თავ-გზა. - ჩაეღიმა ხანუმას. - მართლაც მისგან წესიერად ვერც გაიგებ ახლა სიმართლეს.
- მის ქმარს თუ ძმას, ცხადია ამ ეტაპზე ვერც დავკითხავ, რადგან არ მინდა, რომ დაფრთხეს!
- მერე მშობლებიც ხომ ჰყავთ?
- ჰო, აი მაგას ვფიქრობ, როგორმე მაგათ უნდა მივუდგე და სულ სხვა მხრიდან.
ფიფომ საათს დახედა, უკვე მართლაც გვიანი იყო. თან ენანებოდა ეს მოხუცი ქალი მარტო დასატოვებლად და თანაც, საშინელ დაღლილობას გრძნობდა.
ხანუმას თავიდან, ჯერ ხუთ ოთახიანი ბინა ჰქონდა, ორმხრივი აივნით და დიდი ლოჯით. მოგვიანებით, ასაკში შესვლასთან ერთად, ჯერ ერთი ოთახი მიჰყიდა გვერდით მეზობელს, უფრო გვიან კი, სხვა გვერდითა მეზობელმა იყიდა კიდევ ერთი მისი ოთახი და ამით გაჰქონდა ერთ ხანს თავი.
- ისე, მდგმურის აყვანაზე არ გიფიქრია? - დაარღვია დუმილი ფიფომ.
- შენ თუ წასასვლელი ხარ, წადი დაღლილი იქნები. ხომ იცი, მარტოობას მიჩვეული ვარ. - ჩაეღიმა ხანუმას.
- მაგიტომ არ მითქვამს. მარტო ხარ სამ უზარმაზარ ოთახში, ვინმე დამლაპარაკებელი ხომ გინდა? წყალს მაინც მოგაწვდიან?
- წყალსაც ვაწვდი საკუთარ თავსაც და მაღაზიაშიც ჩემი ფეხით ჩავდივარ! ჩემი კუდიანობის ამბავი ხომ კარგად იცი, არა? ასე ადვილად არ დავნებდები! - ხითხითებდა მოხუცი
ფიფოსაც გაეღიმა.
- რამდენჯერმე, კი ავიყვანე მდგმური და სულ რია-რია გაჰქონდათ. მერე შევეშვი.
- არა მაინც, მარტო ცოდო ხარ. იქნებ, ვინმე შორეული ნათესავი მაინც ჩამოგეყვანა?
- საიდან? სოფლიდან? და რომელი სოფლიდან, როცა არც არაფერი და არავინ არ გამაჩნია?
- ნუთუ, ერთი ნათესავი მაინც არ შემოგრჩა? ან იმათი შთამომავალი?
ხანუმამ უარის ნიშნად თავი გააქნია და ამოიხვნეშა:
- ამიტომაც არ მიყვარს ღამით ძილი. ყველაფერი მაშინ ხდება და ყველაზე ფხიზლად ღამით უნდა იყო, თუ გინდა, რომ ცხოვრებაში თავი გაიტანო. მით უმეტეს, თუ ამ დედამიწის ზურგზე სრულიად მარტო რჩები.
ერთხანს ჩაფიქრებულიც კი იჯდა. გაყინული თვალებით შესცქეროდა ერთ წერტილს. მერე ცარიელი ფინჯანი გვერდით გადადგა და ფიფოს შეხედა:
- მაშინაც, ასე შუაღამე იყო. საწოლებიდან წამოგვყარეს. შეშინებული დედის ოთახში შევვარდი. დედამ სასწრაფოდ საყურეებისა და ბეჭდების მოხსნა შესძლო, ცხვირსახოცში გამოკრული უჩუმრად გულისპირში ჩამიგდო და ჩემი პატარა ძმა ხელში აიყვანა.
სასტუმრო ოთახში დაგვამწკრივეს, დიდიან პატარიანად, ფეხშიშველნი, საღამური პერანგების ამარა. ტყავის ქურთუკებში გამოწყობილი ხალხი იყო შემოსეული ჩვენს სახლში. მთელი სახლი ამოაბრუნეს. მაშინ არც ვიცოდი რა ხდებოდა? ვინ იყვნენ და რას ეძებდნენ? ერთი კი გავიფიქრე, ტალახიანი ჩექმებით ჩვენს გაპრიალებულ იატაკს, რომ ბილწავდნენ დედა როგორ არ უბრაზდება, მეთქი.
ერთმა ჩემს უფროს დას დაადგა თვალი და მერე, ყელზე სქელი ოქროს ძეწკვი, ისეთი ძალით ჩამოგლიჯა, რომ ჩემი საწყალი და, კივილით მუხლებზე დაეცა. მამა მყისვე გამოექომაგა, მაგრამ მას ისე ძლიერად ჩასცხეს კონდახი...
ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ იყო მოკირწყლული ჩვენი გაპრიალებული იატაკი სისხლის ლაქებით. შიშისგან ჩვენც ავტირდით, გულისპირში ჩაგდებული პატარა ბოხჩა, საღამური პერანგის ქვეშიდან გამომივარდა, ვერც მოვასწარი აღება, წამსვე ამაცალა ვიღაც გაქუცულ ტალახიან ჩექმებიანმა კაცმა და თავისიანების უჩუმრად, ჯიბეში უკრა თავი. ვერც მივხვდი მაშინ, ან რატომ უნდა დამემალა, ან კი რა უნდოდათ ჩვენგან, ამ შუაღამის დაუპატიჟებელ უტიფარ სტუმრებს.
ყველაფერი რაც შეეძლოთ გაჰქონდათ სახლიდან. მერე სადაფებით გაწყობილ კედლის განჯინას მიადგნენ, რომელსაც საიდუმლო გასაღები ჰქონდა. ბევრჯერ შემიმჩნევია დედა როგორ ჩუმად აღებდა. თან ცდილობდა არავის დაენახა. ბევრი ეწვალეს, ჩამოტეხეს კიდევაც მაგრამ ვერ გააღეს. მერე ოთახის ინტერიერის გაფორმებად ჩათვალეს. თუმცა, ერთი-ორს, მაინც ეჭვი ეპარებოდა და დარწმუნებულიც კი იყვნენ, სახლში სადღაც დიდი ქონება ინახებოდა და ვერ პოულობდნენ.
ალბათ, მაშინ ჩემთვის, რომ ეკითხათ, როგორ იღებაო ჰმ, შეიძლება მეთქვა კიდევაც! ორივე მხარს, იქ სადაც სადაფების ორნამენტი გვირგვინს ქმნიდა, ერთდროულად უნდა მოგეტრიალებინა და მიწოლოდი.
- მერე, მივიდეთ და გავაღოთ. - ღიმილით აღნიშნა ფიფომ.
- ეჰ, ბევრჯერ მიფიქრია. ის სახლი კი ისევ იმ ადგილას დგას, მაგრამ სულ სახე შეცვლილი გადაკეთებული. სახლი კი არა, დიდი გრძელი შენობაა და უამრავი ხალხი ცხოვრობს ახლა იქ. შეიძლება, აღარც ის კედელი არსებობს ახლა. იქნებ, ვინმემაც იპოვა და ღმერთმაც შეარგოს.
- არ არის გამორიცხული. - მიუგო ფიფომ. - მერე? შენი დები და ძმები? არავინ არის ცოცხალი იმათგან?
- სულ დაგვაცალკევეს. იქნებ სპეციალურადაც აქეთ-იქეთ მოგვისროლეს. ისე დაგვანაწილეს, რომ ერთმანეთს ვეღარც ვნახულობდით. მშობლები, მის მერე აღარც გვინახავს. ერთ ხანს, შორეულ ნათესავთან ვცხოვრობდი. სკოლიდან ერთად მოვდიოდით. მე, წინა დღის, ჩემი ხელით გამომცხვარი ცივი მჭადი მელოდებოდა, იმას კი დედამისი, ახლად გამომცხვარ ხაჭაპურს, ჩემს თვალწინ გადაუწელავდა. ბავშვი იცინოდა, ნახე რამხელაზე იწელება ყველიო. მეც ავყვებოდი სიცილში. თუმცა, რა მაცინებდა?
ფიფოს თვალები აევსო.
- ჩემი უფროსი დები. - განაგრძო ხანუმამ. - და უფროსი ძმაც, მშობლებიანად გადახვეწეს და ისე გააქრეს მათ კვალსაც ვერ მივაგენი. უმცროსი დებიდან, ორი ვიპოვნე. თუმცაღა, ამას უკვე პოვნაც აღარ ერქვა. ერთი ცხრამეტი წლის ასაკში გარდაცვლილა და მეორეს ოცდაშვიდ წლამდე მიუღწევია და ისიც ასე, უშვილძიროდ გარდაცვლილი დამხვდა. ჩემი უმცროსი ძმა კი, ვიღაც ოჯახს უშვილებია და ამის არც საბუთი არსებობდა და არც არაფერი. აი, ასეთი უთვისტომო გყავს, შენი ხანუმა დეიდა აბაა! ახლა არ დამიწყო, რატომ არ გათხოვდიო? ვერ გავთხოვდი და რა მექნა? სანამ ცხოვრება ავაწყვე და ხალხშიც გამოვედი, ფოსტალიონმაც კარზე მომიკაკუნა.
- ფოსტალიონმა?
- ჰო, პენსია მომიტანა, რა გაგიკვირდა? - ჩაიხითხითა ხანუმამ.
ფიფოსაც გაეცინა.
- ბავშვის აყვანაზეც, ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ აბა ვინ მიხედავდა? მთელი დღეები სახლში არ ვიყავი, არც მომვლელის აყვანის საშუალება მქონდა და თანაც, ბავშვი დედამ უნდა გაზარდოს! შეიძლება, დაიხმარო ვინმე, მაგრამ დედის სითბოს თუ არ აზიარე, აბა, მომვლელისთვის ამეყვანა შვილი?
- რა ვიცი, ახლა საჭიროა, თუ არა, ყველას მაინც ძიძა აჰყავს.
- ჰო, საქმეც მაგაშია! საჭიროა, თუ არა. ეჰ, შეიცვალა სულ ხალხი. შეიცვალა სამყაროც და მისი ფასეულობებიც.
ხანუმას ისტორიით ჩაფიქრებული, ფიფო უკვე ლამის სავარძელში თვლემდა.
- წადი ახლა სახლში, მოფსი და დაიძინე. გვიანია!
ხანუმას ხითხითმა ჩათვლემილი ფიფო გამოაფხიზლა. მთქნარებით წამოდგა:
- მართლაც გვიანია უკვე, შენც მოსვენება გინდა.
- ბიჭი, როგორ მოგეწონა? - ეშმაკურად გაუღიმა ხანუმამ.
- ???? ვინ ბიჭი?
- ფსიქოლოგი.
- ესე იგი, შენ გამომიგზავნე? ჰმ, რაღაც კი გავიფიქრე, რომ მოგზავნილი იყო.
- კარგი ბიჭია, ჭკვიანი, ნიჭიერი, დაუზარელი და რაც მთავარია, სანდო! ამოიყენე გვერდით, დამიჯერე. არ წააგებ!
- და საიდან გამოქექე?
- ერთი ჩემი ძველი კურსელი პატრონობდა, მისი სტუდენტი იყო, ჩემთანაც არა ერთხელ მოაგზავნა.
- მერე?
- რა მერე? ჩემი კურსელი იყო, ხომ გითხარი? ეგ ერთიღა იყო დარჩენილი და მე ისევ შემოვრჩი ამ დედამიწას! ეჰ. - ხელი ჩაიქნია ხანუმამ. - გასვენებაშიც ვერ წავედი. სად შემეძლო.
- მერე დაგერეკა და წაგიყვანდი!
- არ შემეძლო-მეთქი, ადამიანო! - წარბი შეკრა ხანუმამ. - მერე მესტუმრა ეს ბიჭი და ჩემი განათხოვრებული წიგნები დამიბრუნა.
ფიფო ჩაფიქრებული უსმენდა. მაინც და მაინც არც უნდოდა, ვინმეს გვერდით ემუშავა. ისედაც, თანდათან ყველა შემოეცალა და აღარც მის აზრს იზიარებდნენ. თუმცა, მაინც საჭირო იყო გვერდით ვინმე თავისიანი ჰყოლოდა. მით უმეტეს, თუ ნათლიაც მომხრე იყო ამისა, და რაც ყველაზე მთავარი იყო, ისევ ხანუმას ხელი ერია ამ ყველაფერში.
მთელი ღამე წვიმდა. არც დილით შეჩერებულა წვიმა, უფრო მეტად დასცხო. სამსახურში მისულ ფიფოს, ფსიქოლოგი ბიჭი, უკვე კაბინეტთან ატუზული დაუხვდა და წვიმისგან დასველებული, ფეხსაცმლის სველ კვალსაც ტოვებდა. ფიფომ ახლაღა შეამჩნია, რომ ბიჭი ბევრად უფრო ახალგაზრდა იყო, ვიდრე თავიდან მოეჩვენა.
- რამდენი წლის ხარ?
- ოცდაერთის. - დარცხვენით მიუგო გაწუწულმა ბიჭმა.
- ჰოო? სტუდენტი ხარ?
- უკვე ასპირანტი ვარ!
- ჰოო? ყოჩაღ შენ. ყოჩაღ! და პრაქტიკას ჩემზე გადიხარ? - გაეცინა ფიფოს.
- დიახ, პირველი თქვენ ხართ, რადგან ყველაზე საინტერესო და რთული საქმეა.
- ჰმ! - ფიფოს ჩაეცინა. - და რა გქვია?
- იონა.
- წავედით მაშინ, დანაშაულის ადგილი მოვინახულოთ!
წვიმამ უფრო ძლიერად დასცხო, ძლივს ასწრებდა მანქანის შუშის საწმენდი გადარეცხვას. ფსიქოლოგი პატარა ბავშვივით თვალებგაბრწყინებული აყოლებდა თვალს. მისი შემხედვარე, ფიფოსაც ღიმილი მოერია.
შედგა თუ არა სახლში ფეხი, ყველაფერი ნაცნობად მოეჩვენა. აკი მისამართიც თითქოს რაღაც ნაცნობი იყო, გვარიც ეცნო თითქოს, მაგრამ რადგან საკმაოდ გავრცელებული გვარი იყო, თავიდან მაინცდამაინც ყურადღება არ მიუქცევია.
და სახლი მართლაც ნაცნობი იყო.
ფიფოს სუნთქვა შეეკრა.
ეს სწორედ იმ ექიმის სახლი იყო. მაშინ მიმიც, რომ ეგონა გარეული, როცა პირველად მოთოვა.
- აქ ადრეც ხართ ნამყოფი? - ფიქრებიდან ფსიქოლოგმა გამოარკვია.
- ჰო, ნუთუ ასე შემეტყო?
პასუხად ბიჭს გაეღიმა.
- ერთხელ ვიყავი. ერთ მსხვერპლთან იყო დაკავშირებული.
- ეს იმ საქმიდან? - ჩაეკითხა ბიჭი.
- იმ საქმიდან! ისე, ჩვილების საქმეს როცა ვიძიებდი მამამისიც ამოვარდა ეჭვმიტანილთა სიაში, მაგრამ უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. მაშინ არც მიფიქრია, რომ მის შვილთან უკვე ვიყავი დაკითხვაზე და შესაძლებელია, რაღაც კვალზეც ვიდექი კიდევაც.
- და ახლა რამ გაფიქრებინათ, რომ მამამისია, იქნებ?
- მისამართიც იგივეა და ფოტოზეც ერთად არიან. - ფიფომ კედლისკენ მიანიშნა. - შეიძლება, სულაც ბიძაშვილია, მაგრამ მაინც ერთი ოჯახია.
ბიჭი კედლისკენ დაიძრა, მაგრამ ფიფომ გააჩერა.
- არ გაინძრე! ხელი არაფერს ახლო ჯერ!
- ფიქრობთ, რომ რაღაც სამხილი, ჯერ კიდევ შეიძლება არ იყოს განადგურებული?
- შესაძლებელია!
- ვფიქრობ. - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო იონამ. - რაღაც სამალავი უნდა ჰქონდეთ, რადგან თუ მამა-შვილია გარეული ორივე საქმეში და...
- ორივე ან იქნებ, სულაც ერთი მთლიანი საქმეა! - ფიფომ ტელეფონი მოიმარჯვა და სასწრაფოდ, კრიმინალისტების ხელმეორედ გამოძახება მოითხოვა. თუმცა აღმოჩნდა, რომ მანამდე კრიმინალისტები არც მოსულან. ალბათ, თავიდანვე თვითმკვლელობად აღნიშნეს და არც ჩათვალეს საჭიროდ, რომ სახლი ბოლომდე დაეთვალიერებინათ.
„ან რა თამაში იყო ეს?“
ფიფომ ბრაზით მოავლო ოთახს თვალი და თავისთვის ჩაილაპარაკა:
- ესე იგი სამალავი? თუ სეიფი?
- სეიფი ერთია და სამალავი კიდევ უფრო მეტ საიდუმლოს ინახავს!
- კიდევ უფრო დაფარული, თითქოს არც არსებული.
- დიახ! - კვერი დაუკრა იონამ. - სეიფი მაინც, ასეა თუ ისეა, მისაგნებია. ან ისე დგას, ან კედელშია, რომელსაც ხშირად სურათით ნიღბავენ.
- ჰმ. და სამალავზე რას გვეტყვით, ყმაწვილო?
- სამალავი, მართლაც ისე უნდა იყოს დამალული და შენიღბული, რომ ადვილად არ იყოს გამოსაცნობი, მისი ადგილ-მდებარეობა. აი თუნდაც, საწერ მაგიდას შესაძლოა, ორმაგი უჯრა ჰქონდეს! კაბინეტში, წიგნების კარადის ერთი მხარე ზოგჯერ ფარული კარია და კიდევ ათასი რამ ადგილი შეიძლება გამოინახოს.
- ესე იგი, დეტექტივების კითხვა გიყვარს, არა? - გაეცინა ფიფოს.
იონას, გაეღიმა.
შუა დღე ახლოვდებოდა. ფიფოს კუჭი უწრიალებდა. საღამომდე, კიდევ ბევრი დრო იყო. სიამოვნებით ჩაჯდებოდა ახლა, მხატვართან სავარძელში და იქ მოიცდიდა, სანამ ექსპერტ-კრიმინალისტთა დასკვნებს დაუწყობდნენ მაგიდაზე, მაგრამ ეს პატარა ბიჭიც უკვე, მართლაც ფინია ძაღლივით, სულ თან დასდევდა და გვერდიდან არ შორდებოდა.
- სად ცხოვრობ?
იონა უცებ დაიბნა, მერე ძლივს ამოღერღა, ვაგზალთან ახლოსო.
ფიფოს დიდად არ ესიამოვნა. ეს ბიჭი, რომ სახლამდე მიეყვანა, სულ სხვა მხარეს. საკმაოდ შორი მანძილი უნდა გაევლო, როცა მხატვართან ბევრად უფრო მალე მივიდოდა, მაგრამ აბა ამ ბავშვს, მართლა ყველგან თან ხომ არ ატარებდა?
- წამოდი, გაგიყვან სახლში.
- და საღამოს? ხომ შეგპირდნენ ექსპერტიზის მასალებს გაგაცნობთო? - იონა ყოყმანობდა, აშკარად არ უნდოდა ფიფოსთან დაშორება.
- საღამოს გვიან შევივლი, მასალებს კი სახლში გადავხედავ! ასე რომ, ხვალ დილამდე თავისუფალი ხარ! - ფიფო უკვე ცოტა ღიზიანდებოდა.
ბიჭი ყურებჩამოყრილი იჯდა მანქანაში და ხმას არ იღებდა. რაღაც მომენტში ფიფოს შეებრალა კიდეც ეს ბავშვი, მაგრამ მართლა მთელი დღე, თან ხომ ვერ ატარებდა?
- აი მოვედით! - ფიფომ სვლა შეანელა. - აბა, სად შევუხვიოთ? რომელ ქუჩაზე გინდა?
- იყოს, აქ ჩამოვალ, მაინც აქვე ვარ.
- მიგიყვან ბარემ, თავსხმა წვიმაა.
- არა, იყოს, მოვედით უკვე. - იონა მანქანიდან გადავიდა.
- ხვალ დილიდან გელოდები! - დააწია ფიფომ ხმა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მარკეტთა კოლონას, რომ ჩაუარა, ფიფომ მანქანა შეაჩერა და ტელეფონს დასწვდა:
- არ გშია?
- აუ, მაგრად! - ნამძინარევი ხმით გააგონა მხატვარმა.
- რა წამოვიღო?
- რავი, რაც გინდა. მთავარია იღეჭებოდეს!
ფიფოს გაეცინა. რადგან მისვლა სთხოვა, ესე იგი, მარტოც იყო. მშვენიერია. ისაუბრებენ კიდევაც და საღამომდე დროსაც გაიყვანდა.
ის იყო, მანქანიდან უნდა ჩამოსულიყო, რომ შეამჩნია, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, ზუსტად ვაგზალთან ის ფსიქოლოგი ბიჭი შენიშნა, რომელიც ვიღაც ქალს, თითქოს რაღაცას უმტკიცებდა.
ფიფომ გზა გადაჭრა და შორიახლო გაჩერდა. იონა, ღვეზელის გამყიდველს, ბოლო ხურდის სანაცლოდ, ღვეზელს სთხოვდა. ქალმა ჯაჯღანით დაუთმო. ბიჭმა ჟანგისფერი გრძელი ღვეზელი, ორად გადაკეცა პირში იტაცა და ვაგზლის მოსაცდელში შევიდა.
ფიფო ფეხდაფეხ მიჰყვა. მოსაცდელ დარბაზში ახლა კაცმა დაუცაცხანა, ამდენი ხანი სად ხარ, აივსო ნაგვით აქაურობაო.
ფიფო სევდანარევი ღიმილით ადევნებდა თვალს, მენაგვის უნიფორმაში გამოწყობილი ბიჭი, როგორ მარჯვედ და გულმოდგინედ ასუფთავებდა იქაურობას.
იონამ ის იყო, ნაბიჯი გადმოდგა მომდევნო, გავსებული ურნისკენ, რომ ადგილზე გაქვავდა. კედელთან დოინჯ შემოკრული ფიფო უღიმოდა.
LEX. 2017 წლის 20 ოქტომბერი, პარასკევი.
No comments:
Post a Comment