Wednesday, January 31, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 96)

96.
მიმი ისეთი სახით შეჰყურებდა მხატვრის მიერ დახატულ პორტრეტს, რომ ერთი შეხედვით, შეუძლებელი იყო ამოცნობა, თუ რას ფიქრობდა, ან რას განიცდიდა.
ბიჭები თვალს არ აშორებდნენ და არც გამოჰპარვიათ მისი უცნაური მზერა.
ეს არ იყო არც შეყვარებული გოგოს თვალები და არც დარდისგან მონატრებულის. იყო რაღაც სულ სხვა, ამოუცნობი. უფრო მეტად, რისხვით ანთებული და ცოტაც თითქოს ცინიკური, თუ ზიზღით სავსე?
მიმის ცალყბად ჩაეღიმა. ღიმილიც მწარედ გამოუვიდა, მერე ჭიქისკენ ხელი გაიწვდინა, მაგრამ ფიფომ დროულად ააცალა.
- აღარ გინდა ამდენი დალევა, საკმარისია. - ფიფოს თბილი და მზრუნველი ხმა ჰქონდა.
მიმიმ ჯერ წყენით ახედა, მერე თვალები აუწყლიანდა, მაგრამ ცრემლების შეკავება ვეღარ შესძლო და ისტერიულად ატირდა.
- ახლავე ყავას მოვამზადებ. - მხატვარი წამოდგა.
ფიფო კი მიმის დამშვიდებას შეეცადა:
- შენ ახლა ბახუსიდან ვერ გამოდიხარ. ჯერ არც იქეთ ხარ და არც აქეთ, ამიტომაც გაქვს ასეთი რეაქცია.
მიმი საშინლად შეწუხდა თავისი საქციელით, თავს ძალიან უხერხულად გრძნობდა. 
- მეგობრებთან გასართობად მოვედი და სულ ავრიე ყველაფერი. ჩემზე საზიზღარი მეგობარი, აბა თუ გყავთ რომელიმე? - გულამომჯდარი ზლუქუნებდა გოგო.
- კიიი! ძაან საზიზღარი ხარ, ასეთი საყვარელი რომ არ იყო. - მხატვარი ჩვეული იუმორით შეხვდა მიმის ისტერიკას.
მიმის კი არაფერი უნდოდა, გარდა ერთისა
- გეხვეწები რააა, ეს სურათი მოაშორე აქედან! - მიმის ხმაში ისტერიკამ გაჟონა.
- სულ გადავაგდებ! - მხატვარმა პორტრეტი ხელში შეათამაშა. - თუ გინდა, დავწვათ?! აი, ეზოში გავიტანოთ და დავწვათ!
- არაფერი მინდა! - ქსუტუნებდა მიმი. - მხოლოდ მოაშორე! მეტი აღარ დამანახო!
ბიჭები ინტერესით კვდებოდნენ, ძალიან უნდოდათ გაეგოთ, ასეთი რა იჩხუბეს მიმიმ და მისმა რჩეულმა, რომ მიმის მისი სურათის დანახვაც კი აღარ უნდოდა.
იქნებ, გაიგო რომ ატყუებდა, თავს უბრალო კაცად ასაღებდა, სინამდვილეში კი თურმე, პროფესორი ყოფილაო. ასე ფიქრობდნენ ბიჭები და ცდილობდნენ, როგორმე მიმი დაემშვიდებინათ, რომლის დაუმთავრებელ ზლუქუნსაც, უკვე საზღვარი აღარ ჰქონდა.
ფიფომ სახლში გაცილება შესთავაზა. მიმი უარზე დადგა:
- დედაჩემის თავი არ მაქვს ახლა! არადა, აქაც უკვე ვეღარ ვძლებ! სული მეხუთება!
- თუ გინდა, შენ რომ გასაღები დამითმე, იმ სახლში წავიდეთ? 
- არა! - წამოიყვირა მიმიმ.
ფიფო, ცოტა არ იყოს, შეცბა და მაგრამ მაინც განაგრძო:
- მხოლოდ ეზომდე მიგაცილებ და უკან წამოვალ! ბინაში არ ამოგყვები.
- არ მინდა! არც ის სახლი და არც იქ არაფერი! არ მინდა! არა! - მიმის ხმა უფრო ისტერიულად აჟღერდა და ტირილში გადავიდა.
ბიჭები მის გამხიარულებას შეეცადნენ. ასეთი მიმი, არასდროს უნახავთ, მაგრამ რაც უფრო მეტს ხუმრობდნენ, მიმი მით უფრო უმატებდა ზლუქუნს. მერე წასვლაც მოინდომა, მხოლოდ თავადაც არ იცოდა სად უნდა წასულიყო. მანქანის გასაღების ძებნაში, კალთაში მთლიანი ჩანთაც კი ამოაბრუნა.
ბოლოს ფიფო აფეთქდა:
- მაშინ იცი რას გეტყვი?! - ბრაზით დაუბრიალა თვალები ფიფომ. - იყავი აქ გვიანობამდე! კარგად გამოფხიზლდი და მერე, მე თვითონ მიგიყვან სახლში! დაწვები და კარგად გამოიძინებ! 
ფიფოს ხმა საკმაოდ მკაცრი იყო. იმდენად მკაცრი, რომ მიმი, ცოტა არ იყოს შეცბა კიდეც და ცოტაც შეშინდა. მერე უხმოდ დაუქნია თავი და ასე გამოხატა მორჩილება მეგობრის მიმართ.
ფიფოს ჩუმად ჩაეღიმა.
- დილით ყავაზე გელოდები. გეფიცები, უშენოდ არ დავლევ! - ყურებამდე გაუღიმა დამფრთხალ მიმის მხატვარმა.
მიმის ჯერ ძალდატანებით გაეღიმა, მერე კი შვებით ამოისუნთქა. აშკარად იყო გულზე მოეშვა.
მართლაც რას ერჩოდა ამ ბიჭებს? რა ამათი ბრალი იყო, თუ თავად იყო ცუდ გუნებაზე. სულ ტყუილად მოუწყო ისტერიკები. 
„მართლა მასე, ხომ არ არის? შენ იყო ცუდ ხასიათზე და მერე სხვებსაც გადადო.
უჰ, როგორ მეზიზღება ჩემი თავი და როგორ მრცხვენია.
ლოთივით გამოვთვერი! უაზროდ!
და ყველა სიკეთესთან ერთად, გულიც ამერია.
ფუუ!
რა საზიზღარია მთვრალი ქალი. როგორ მეზიზღება და მე თვითონ ვარ ახლა საშინელი და გულისამრევი.
საშინელი და საზიზღარი!
ესენი კი მაინც მეფერებიან და თავს მევლებიან.
ნუთუ, მართლა ასე ძალიან ვუყვარვარ?
ჩემი ყველაზე საყვარელი ბიჭები.
ამ ქვეყნად, ყველაზე საყვარელი ბიჭები მყოლია და როგორ არ ვაფასებ.“
სახლში მისვლისთანავე, მიმი სააბაზანოში გაუჩინარდა. ფიფო ფეხის მოცვლას არც აპირებდა, იჯდა და ჯიუტად ელოდა, სანამ მიმი დასაძინებლად არ წავიდოდა.
მიმის დედასაც, მეტი რა უნდოდა? ბედნიერი სახით შეეგება „სასიძოს“.
დაბადების დღეზე ერთად ვიყავითო, რომ გაიგო სიხარულისგან ადგილს ვერ პოულობდა. ხან ყავა შესთავაზა, ხან ჩაი. მურაბის გახსნასაც დაჰპირდა, მერე რა რომ ზაფხულიაო, მაგრამ მურაბის ხსენებაზე ფიფოს სიცილი აუტყდა:
- ოღონდაც მურაბა ნუ იქნება დღეს და კარგი დავლევ ჩაის! თქვენი ხათრით, მხოლოდ უშაქროს!
მიმი საშინლად ფერმიხდილი გამოესვენა სააბაზანოდან. თავს ისევ ცუდად გრძნობდა. დედა შეშფოთებული შეჰყურებდა. 
- იმდენი ნაყინი მიირთვა, თან მანდარინის მურაბით, რომ აბა რა მოუვიდოდა? - უხსნიდა ფიფო. - კიდევ კარგი, ბოლოს დროულად ავაცალე თორემ...
- კიდევ კარგი, მართლა შენ რომ ჰყავდი შვილო გვერდით, შენი იმედი მაქვს, შენ რომ არა...
მიმიმ ისეთი უსიამოვნო სახით გადახედა დედას, რომ დედა გაჩუმდა და თემაც წამსვე შეცვალა.
მიმი ხვდებოდა, დედა ზუსტად რასაც გულისხმობდა და ახლა ეს უფრო უშლიდა ნერვებს, ვიდრე ფიფოს იქ ყოფნა. 
ფიფო კი ჯიუტად, ფეხსაც არ იცვლიდა. მიმის დაძინებას ელოდა.
მიმი კი უკვე ვეღარავის იტანდა. არავის დანახვა აღარ სურდა და სად უნდა გაქცეულიყო, როცა ძლივს დალასლასებდა. თუმცა, წასასვლელიც ახლა არსად ჰქონდა. ნებისმიერ მეგობართან ან ახლობელთან ასეთი სახით, რომ მისულიყო, ცალკე ისინი კითხვებით შეჭამდნენ და უფრო მოუშხამავდნენ, ისედაც მოწამლულ გულს. ერჩია ისევ უსასრულოდ, ქუჩაში, ღამის ქალაქში ესეირნა მანქანით, ვიდრე სახლში ვინმეს ყურება და უაზრო საუბრის მოსმენა. თუნდაც, საკუთარი მშობელი დედის და თუნდაც, ძალად შემოჭრილი დაუპატიჟებელი სტუმრის.
ფიფო მალულად მიმისკენ აპარებდა თვალს. ცდილობდა, მისი ფიქრები ამოეცნო, მაგრამ მიმის გაყინული მზერა და თვალებში ჩაბუდებული ფარული რისხვა, საგონებელში აგდებდა. 
ბოლოს მიმიმ, ძილი მოიმიზეზა და ფიფოც იძულებული გახდა, იქაურობა დაეტოვებინა, მაგრამ ისიც შენიშნა, თუ როგორ ეშმაკურად ჩაეღიმა მიმის, როცა კედლის კუთხესთან მდგარ, პატარა მრგვალ მაგიდაზე მიგდებულ, მანქანის გასაღებისკენ გაექცა მზერა. 
ფიფომ წამსვე შეაფასა სიტუაცია. გასაღებს ხელი დასტაცა და ვიდრე მიმი ხმას ამოიღებდა, თავადვე დაასწრო:
- შენს მანაქანას ვითხოვებ, დილამდე! დილით ადრიანად მოგიყვან და ყავასაც ერთად დავლევთ!
- წაიყვანე შვილო, წაიყვანე! ამაღამ მაინც რად უნდა ამას მანქანა? - დედამაც აუბა მხარი ფიფოს.
მიმი კი ისე მოიღუშა, რომ უკმაყოფილებას ვეღარ ფარავდა. თუმცა, ხმაც აღარ ამოუღია. ფიფოს ცივად დაემშვიდობა და ისე შეაქცია ზურგი, რომ კარამდეც კი წესიერად არ მიაცილა.
ფიფოს არ სწყენია. მაინც მშვენიერ ხასიათზე იდგა. ის ხომ მაინც გაარკვია, რომ იმ ორ ადამიანს შორის მსგავსება უტყუარი იყო და თანაც, აშკარად გამოჩნდა, რომ მიმისთან სერიოზული უთახმოება ჰქონდა. ეს კი ძალიან კარგი იყო, ახლა უფრო მეტი შანსი გაუჩნდა, მიმის გული თავიდან მოენადირებინა და თან რაც მთავარი იყო, იმ მკვლელსა და ნაძირალას სულ ადვილად ჩამოაშორებდა.

***
- ესე იგი და ასეა თუ ისეა, პიროვნების გაორებასთან გვაქვს საქმე? ან იქნებ სულაც, ტყუპისცალია? ან არც იცნობენ ერთმანეთს? არც კი იციან, თუ ტყუპისცალი ჰყავთ! ან იქნებ, მშვენივრადაც იცნობენ ერთმანეთს და...
- ან! იქნებ! შესაძლოა! ალბათ! მგონი! დავიღალე ამდენი აბდაუბდა ვარაუდით! - ფიფომ სიგარეტის ნამწვავი საფერფლეში ჩაასრისა.
- ზოგჯერ მკვლელი, თვითონ მსხვერპლია. - განაგრძო მხატვარმა. - ზოგჯერადაც და ხშირადაც!
- მაინც დამნაშავეა! გინდა მსხვერპლი ეძახე და გინდა დაზარალებული! ვინ მისცა უფლება, რომ თავად გამოუტანოს სხვას განაჩენი და თავადვე გაასამართლოს? კი, მართალია ყველას და ყველაფერს აქვს თავისი საწყისი მიზეზი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი და არა გამართლება!
- და თუ გაორებული პიროვნებაა, მაშინ? იქნებ არც კი იცის, რასაც სჩადის, ის მეორე?
- არსებობს მისი მკურნალობის მეთოდიც, გაორებული ფსიქიკის! - კარში მხატვრის ყოფილი მეუღლე გამოჩნდა. - მხოლოდ ყველანაირი მკურნალობა, მაინც ინდივიდუალურია! უკაცრავად, რომ შემოგეჭერით საუბარში. -  მორიდებით გაიღიმა ქალმა და ტილოში შეფუთული კერძი მაგიდაზე დადგა. - მიირთვით, სანამ ცხელია. ახლახან დავაცხვე. 
- და პიროვნება, თუ ხვდება რომ გაორებულია? რამდენად აცნობიერებს ამას? - დაინტერესდა ფიფო.
- ესეც ინდივიდუალურია. - მიუგო ქალმა. - ზოგს უნდა, რომ სხვებმა იფიქრონ, ვითომ და, ვერ ხვდება ან ვერ აცნობიერებს მის გაორებულ სამყაროს, ზოგიც კი, მართლაც ვერაფერს გრძნობს. ისე, ხშირად იყო, ხოლმე რომ სიმულაციასთანაც გვქონია საქმე. 
- ჰმ. - აწრიალდა ფიფო. - საინტერესოა.
- პიროვნების გაორება, საკმაოდ რთული დაავადებაა და კონკრეტული მიზეზი არც არსებობს, რადგან სულ სხვადასხვაა. - ქალმა ფიფოს ინტერესი შეატყო და კვლავ განაგრძო. - ყველაფერი კი აღზრდასა და გარემო პირობებში ვითარდება. ძალიან ხშირად, ეს უფრო ოჯახიდან მოდის! ან ძალიან ცუდად ზრდიან, სრულიად უყურადღებოდ გარემოში ვითარდება ბავშვი, მშობლები ზედაც არ უყურებენ, ან კი ზედმეტად თავს ევლებიან და საკუთარ ეგოს სრულიად უხშობენ! აი, ამ უკანასკნელთან კი მოგვიანებით, ზრდასრულ ასაკში ამოხეთქავს მისი პიროვნებისეული ინდივიდი, რომელიც არასწორ გზაზე აგრძელებს განვითარებას! იბნევა, შეიძლება უკვე აღარც ჰყავს მრჩეველი და გზისა თუ საქციელის მაჩვენებელი და აი უკვე მანდ, გაორებას აქვს ადგილი, რადგან როგორც აღზარდეს ისეა მიჩვეული და იცის, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში, ნამდვილად ზუსტად ისე უნდა მოიქცეს, როგორც ასწავლეს, როგორც ჩაუბეჭდეს ტვინში, მაგრამ რადგან, გაიზარდა და მის ზრდასთან ერთად, საკუთარმა პიროვნებამაც გაიღვიძა მასში და ახლა, ერთ სხეულში ერთდროულად, ერთის ნაცვლად ორი პიროვნება ბობოქრობს!
- ჰმ! ერთის მაგივრად ორი, სრულიად განსხვავებული სული იწყებს ერთმანეთში ჭიდილს! - ჩაურთო მხატვარმა.
- დიახ! - კვერი დაუკრა ქალმა. - მერე გადის დრო, ასაკიც ემატება. უკვე ნათლად გრძნობს, რომ ვიღაც სხვა ადამიანია და არ ის, ვინც სულ სხვა სამყაროში და სულ სხვა ზეწოლის ქვეშ რომ გაზარდეს და ამიტომაც მერე ძალიან უჭირს ადაპტაცია. 
- ჰოო, ძალიან რთულია იმ რეალობაში ცხოვრება, სადაც ყველაფერი შენთვის უჩვეულოა. - ისევ ჩაურთო მხატვარმა.
- ესე იგი, ეს პიროვნებისეული გაორება, შეიძლება იყოს გაუცნობიერებელიც და ასევე შეიძლება იყოს, სიმულაციაც? - ჩაეკითხა ფიფო.
- დიახ, დიახ! ეს ინდივიდუალურია! - უპასუხა ქალმა. - თუმცა, მკურნალობისთვის არსებობს ინტეგრატიული თერაპია, რომელსაც ასევე ეძახიან გამაერთიანებელს. ყველაზე საუკეთესო მკურნალობაა გაორებული ფსიქიკისთვის, კარგად ეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ ის და მისი ალტერეგო, ერთი მთლიანობის ნაწილია.
- და რამდენად გამართლებულია ეს მკურნალობა? - იკითხა ფიფომ.
- ეს საკმაოდ დიდი სასაუბრო თემაა და ასე ზოგადად, ამაზე რამეს მოყოლა შეუძლებელი, თუ კონკრეტულ პიროვნებასთან არ გვაქვს საქმე. - ქალი წამით შეყოვნდა. - და ვინმე ახლობელია ავად? 
- არაფერი ისე, თემას შევყევით და... 
- აი, ეს პორტრეტი დავხატე! - შეეშველა მხატვარი ფიფოს. - ისე, ზეპირი გადმოცემით და ახლა ვცდილობთ, ჩვენ, ეს ორი უსაქმური ადამიანი ამოვიცნოთ, ვინ შეიძლება იყოს ის? დადებითი თუ უარყოფითი? იქნებ, გაორებული პიროვნებაა? საშინელი მრისხანე, ან პირიქით! ძალიან რბილი, თბილი მოწესრიგებული.
- ისე, რომ იცოდეთ, მოწესრიგებული ადამიანიც კი, შეიძლება იყოს საშინელი და მრისხანე. მაგაზე არ არის დამოკიდებული. 
- დიახ, ქალბატონო, მართალს ბრძანებთ! - დაუდასტურა ფიფომ. - ხშირად, სწორედაც რომ ზედმეტად მოწესრიგებული ადამიანის ფსიქიკაში უფრო ხდება მრისხანების ამოფრქვევა.
- აჰ! თქვენ მგონი, გამომძიებელი ბრძანდებით, არა?
ფიფომ ღიმილით დაუკრა თავი. მხატვარმა კი შეუსწორა:
- დეტექტივია, დეტექტივი! და ჩემი ტვინის შესაძლებლობებს იძიებს!
ყველას გაეცინა. 
- ეჰ! ჩვენი დღევანდელი მედიცინა, უძლურია შენს წინაშე და იქნებ დეტექტივმა მაინც გიშველოს, იმედი არ დაკარგო! 
მხატვარს გაეღიმა, ყოფილი ცოლის სიტყვებზე და განაგრძო: 
- ჰოდა, ახლა ამას ვამბობთ! ეს თუ ვიღაც მკვლელია და დამნაშავე, და იმ დროს, როცა დანაშაულს სჩადის უხარია, თავს ბედნიერად გრძნობს! და როცა, ასე ვთქვათ, კარგად იქცევა და არავის არ კლავს, მაშინ სერატანის ნაკლებობას განიცდის და ამის გამო, ისევ იწყებს მკვლელობას? 
- რაებს ბოდავ? დაალაგე მაინც წინადადებები. - ცინიკურად ჩაეღიმა ქალს. - ჯერ ერთი, სეროტონინია! სიტყვაც არა სწორად იცი და მისი მნიშვნელობაც, ზუსტად ვერ გაგიგია! 
- მაშინ, აგვიხსენი. - მიუგო მხატვარმა.
- თვითონ სეროტონინი. - დაიწყო ქალმა. - ერთ-ერთი მთავარი ნეირომედიატორია და მას ხშირად, შეცდომით, „კარგი განწყობის ჰორმონს“ და „ბედნიერების ჰორმონსაც“ კი უწოდებენ!
- საინტრესოა. - ჩაურთო ფიფომ.
- სეროტონინის ნეირომედიატორული ფუნქცია, თავის ტვინის მუშაობას უკავშირდება. - განაგრძო ქალმა. - ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ეს ნივთიერება, ნეირონებს შორის, კავშირის ოპტიმიზირებას ახდენს! მაგრამ, ამავე დროს, მისი ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში, ადამიანი სულიერ აღმაფრენას, ეიფორიას და ცოტა არ იყოს, ზომაზე მეტად, უსაზღვროდ განიცდის სიხარულს! ესე იგი, ჩვეულებრივ ეიფორიულ განწყობაზე, უფრო ბევრად მეტად არის აჟიტირებული.
- მდაა.- ჩაილაპარაკა მხატვარმა.
- საერთოდ, სეროტონინის რაოდენობა, გავლენას ახდენს, ადამიანის შრომისუნარიანობაზეც. - ქალმა ყოფილ მეუღლეს, ცოტა არ იყოს, ცინიკურადაც გახედა. - ასევე დიდია მისი გავლენა, ინტელექტუალურ პროცესებზე: ყურადღების კონცენტრაციაზე, მეხსიერებაზე და რა ვიცი, კიდევ რაზე აღარ! 
- საინტერესოა. - კვლავ ჩაურთო ფიფომ.
- და იცით, რომ ორგანიზმში, სეროტონინის დიდი რაოდენობა, ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაც არის! - განაგრძობდა ქალი. - ხოლო, მისი დაბალი კონცენტრაციის შემთხვევაში, კი პირიქით, ადამიანს გამუდმებით დაღლილობის და სიმძიმის შეგრძნება აქვს და მცირე პრობლემის შემთხვევაში, ძლიერ ფიზიკურ ტკივილებსაც კი განიცდის!
- ეუჰ, ეს რა ყოფილა ხედავ ჩემო ფიფო? - მხატვარმა ჭიქები შეავსო. - აი! ჩემი სეროტონინიც ეგაა და შენ კი ლოთს მეძახი!
მხატვრის ცოლმა ღიმილით ხელი ჩაიქნია.
ფიფომ დრო იხელთა და შეკითხვა დაუსვა:
- როგორი დონის უნდა იყოს აფექტის შემთხვევა, თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დამნაშავე მკვლელობის ადგილს მოაწესრიგებს? 
- როგორ?
- აი, დავუშვათ, ჩაიდინა რაღაც დანაშაული, გარკვეულ ადგილას და მერე, ვითომც არაფერი, იქაურობა მიალაგა. ნუ რაც აურია, ან დალეწა, მერე ძალიან დინჯად, მშვიდად და სუფთად მოაწესრიგა იქაურობა. აუცილებელი არ არის, რომ ეს კვალის დაფარვის მიზნით გააკეთოს! ისე, უბრალოდ ოთახი წესრიგში მოიყვანა. თუნდაც, მანამდე რაც დახვდა, მკვლელობის მომენტამდე, ის არეულობაც კი მოაწესრიგა, უადგილოდ მიგდებულ ნივთებსა თუ საგნებს, თავისი ადგილი მიუჩინა და ასე შემდეგ.
- შესაძლებელია, მრისხანების ამოხეთქვამ და გამოვლინებამ, პირიქით, მერე უფრო მეტად დაამშვიდოს. - მიუგო ქალამ. - გამოუშვას, დაიცალოს უარყოფითისგან და შესაძლებელია, რომ აფექტის დროს გამოვლენილი ის საშინელი რისხვა, მის საერთო სულიერ მდგომარეობას პირიქით, შემდგომ უფრო დაამშვიდებდეს, დააბალანსებს! უკვე ამოფრქვეული რისხვა, ანელებს მის ყოველდღიურ შფოთვას და რაც უფრო ძლიერად არის განრისხებული, მით უფრო მალევე მშვიდდება. ესე იგი, ამოხეთქავს და წამსვე მშვიდდება იმაზე მეტად, ვიდრე აფექტამდე იყო და ასე ვთქვათ, თუ იმ ბრაზის მომენტში, რაღაც დაამსხვრია და დალეწა, საკმაოდ სუფთად და კოხტად დაალაგებს და მოაწესრიგებს იქაურობას. ძლიერი მრისხანებისგან, საკმაოდ ჭარბად გამოეყოფა სეროტონინი და ამის გამო, უფრო ბევრად მეტად მშვიდდება ვიდრე, მანამდე იყო! 
- ესე იგი, რამდენადაც საშიში იყო, იმდენად მშვიდი და უვნებელი ხდება. - ჩაურთო ფიფომ.
- რა თქმა უნდა! თუ ეს მრისხანების გამოვლენა, კონკრეტული პიროვნების მიმართ იყო მიმართული, შესაძლებელია დაარტყას, ეცეს, ესროლოს, შეძლება მოსაკლავადაც გაიმეტოს კიდეც და როგორც კი მრისხანება გაუვლის, მაშინვე ხდება, ნაზი მოსიყვარულე, მზრუნველი და საშინლად შეწუხდეს ჩადენილი საქციელის გამო. 
- და ამ შემთხვევაში, ისევ ძველ თემას თუ დავუბრუნდებით, არის შესაძლებელი, რომ პიროვნების გაორებასთან გვქონდეს საქმე?
- აუცილებელი სულაც არ არის, რომ გაორებული იყოს! ბრაზისგან შეიძლება, უცებ ისეთი რამ ჩაიდინო, რომ მერე თავადვე შეგრცხვეს შენივე საქციელის. 
- ხო, ნუ ეს აფექტია! - დაუდასტურა ფიფომ.
- გაორება კი სულ სხვა რამაა. - განაგრძო ქალმა. - შეიძლება, ორი სხვადასხვა პიროვნება იყოს ერთ სხეულში! შეიძლება ორივე დადებითიც იყოს, ხმაც სხვადასხვა ჰქონდეთ, ტონალობა, დიქცია, საუბრის მანერა, გემოვნება, ინტელექტი, ცოდნის დონე და სხვათა შორის, კალიგრაფიაც! ასევე შეიძლება, რომ ორივე უარყოფითი იყოს, ან მხოლოდ მარტო ერთი იყოს ბოროტი და მეორე კეთილი, მაგრამ როგორებიც არ უნდა იყვნენ, მაინც ყველაზე მეტად, რადიკალურად განსხვავებული პიროვნებათა ჭიდილი გვხვდება პრაქტიკაში და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კარგი და ცუდი! უბრალოდ, სხვადასხვა! ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული!
- იქნებ, ორმაგი ცხოვრებით ცხოვრება მოსწონს იმ ადამიანს და ეს ხომ სულაც არ ნიშნავს, რომ გაორებულია? - ჩაურთო მხატვარმა.
- შეიძლება! - თავი დაუქნია ქალმა. - მაგრამ მაინც, სადღაც ფსიქიკის დარღვევასთან გვაქვს საქმე! რაღაც ვერ არის წესრიგში მის ცხოვრებაში, მის სულში და ამიტომ იქცევა ასე. - ქალი წამოდგა. - ახლა კი ძალიან მეჩქარება, ბოდიშს მოგიხდით. სხვა დროს იყოს, შემაწუხეთ! ზოგ-ზოგიერთებივით, ზედმეტად მორიდებული ნუ იქნებით. - ღიმილით გადახედა ყოფილ მეუღლეს და ოთახიდან გავიდა.
- ისე ტიპი, პროფესორია და ამდენი სწავლისგან გაუბერა! ხომ შეიძლება, არა? - ახითხითდა მხატვარი.
- ორივეს დავიჭერ! სწავლულსაც და უსწავლელსაც! - ფიფოც აჰყვა სიცილში.
- რაო წუხელ მიმიმ?
- არაფერი! ერთი სული ჰქონდა, როდის გამომაბრძანებდა თავისი სახლიდან! კიდევ კარგი, მანაქანის გასაღებიც დროულად ავაცალე, რაღაც ისე ცუდად უყურებდა, სადმე არ გადაჩეხილიყო.
- ჰმ, მიმიიი! როგორ გამოგვითვრა გუშინ, ჰაჰ! - ეღიმებოდა მხატვარს. - კარგი გიქნია მანქანა, რომ ააცალე წუხელ.
- დილით მივაკითხე და მივუყვანე. ისე ეძინა არაფერი გაუგია.
მიმის კი სულაც არ ეძინა. მშვენივრად გაიგო დილით ფიფოს ხმა, მაგრამ თავი მოიმძინარა. არაფერს ერჩოდა, პირიქით, მისი მადლობელიც კი იყო, მაგრამ სულ სხვა განწყობაზე იდგა და სულაც არ უნდოდა მისი დანახვა, მისი გამჭოლი მზერის ხასიათზე ნამდვილად არ იყო. 
იცოდა, ბიჭები ინტერესით კვდებოდნენ, ერთი სული ჰქონდათ, რომ გაეგო, თუ რა მოხდა ასეთი მასსა და პიპას შორის. 
მიმი კი ჯიუტად დუმდა, უახლოეს მეგობრებსაც კი ვერ უმხელდა თავის გულის ტკივილს.
LEX. 2017 წლის 27 ივლისი, ხუთშაბათი.

No comments:

Post a Comment