Tuesday, January 30, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 94)

94.
ვინ იცის, მიმი კიდევ რამდენი ხანი იქნებოდა, ასე კიბის ბაქანზე გაშოტილი, შემთხვევით ფიფოს რომ არ ეპოვნა.
ფიფომ მთელი ოთახი და ის, დერეფნის მიყრუებული სამალავიც გადაქექეს, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინა. სიგარეტის ნამწვავიც კი არსად ეგდო. 
არც ის ერთადერთი პირსახოცი ეკიდა, როგორც მიმიმ აღწერა. არც საპონი, არც საპარსი და არც არანაირი ქუდები და ხელთათმანები დახვდა. ყველაფერი პირწმინდად გასუფთავებული აღმოჩნდა. თითის ანაბეჭდების კვალიც კი არსად იყო. 
ფიფო თან ბოღმისგან ივსებოდა და თან მწარედ ეღიმებოდა. ახლა უკვე მართლაც სჯეროდა, რომ სწორ გზაზე იდგა. 
„თუ დამნაშავე არ არის, მაშინ ასე რატომ გააქრობდა თავისი არსებობის კვალს? 
ერთი ანაბეჭდიც კი არსად დატოვა.
ჰმ, ალბათ გასაღებიც სპეციალურად შეატყუა მიმის. არც გაუჭირდებოდა ისე შეაპარებდა. მიმიც დარწმუნებულია, რომ თავისი იდეა იყო. ეს ანაბეჭდებიც კი სპეციალურად გააქრო. 
ჰაჰ! დამცინის, ბატონი პროფესორი!“ 
ამით კიდევ უფრო დარწმუნდა, რომ პროფესორი და მიმის რჩეული, შესაძლოა მართლაც ერთი და იგივე პიროვნება ყოფილიყო, მაგრამ მიმის ჩარევის გარეშე, როგორ უნდა დაემტკიცებინა ამ ორი ადამიანის იდენტობა?
ან იქნებ, მართლაც ორნი მოქმედებდნენ?
ბატონი პროფესორი, გამჭრიახი და გაქნილი, ჭკვიანი და გაიძვერა, მკვლელობის გეგმას ადგენდა და თავად, არსად ჩანდა და ის მეორე კი, ასრულებდა და არც ეს იყო გამორიცხული, მაგრამ ასე იყო, თუ ისე, ეს ორი ადამიანი აუცილებლად ერთმანეთთან კავშირში უნდა ყოფილიყო, მაგრამ...
„ან იქნებ, სულაც სხვადასხვა პიროვნებაა?
და ერთი და იგივე რომ იყოს? მაშინ?.. მაშინ, რა? ისევ მიმი და როგორ ჩავრიო? როგორ? შორიდან დავანახო? და მერე რას იფიქრებს ჩემზე? ისედაც ძლივს დავიბრუნე მეგობარი...“
ფიფოს ფიქრისგან თავი უსკდებოდა.
მარტო გარეგნული მსგავსებაც არაფერს ნიშნავდა, სამხილის უქონლობის გარეშე, ვერც ვერაფერს დაუმტკიცებდა. ამ საქმეში ყველაზე ნაკლებად კი, მიმის გამოჩენა უნდოდა, მაგრამ იქნებ, ეს ისე მოეხერხებინა, რომ... 
სახლის პატრონს ფიფო ძალიან მოეწონა. პიპასგან განსხვავებით, არც სიტყვაძვირი აღმოჩნდა, იუმორიც კარგად ეხერხებოდა და ადვილი საკონტაქტოც იყო. 
- ლამის ორი წელი იცხოვრა აქ და გამარჯობის გარდა, მისგან სიტყვაც არ გამიგია. 
- ხო, მორიდებულია ძალიან, ჩემგან განსხვავებით. წყნარი, ჩუმი, არასდროს შეგაწუხებს. - ჩაურთო ფიფომ.
ფიფო შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ პიპაზე არ ესაუბრა. სახლის პატრონსაც კი მეტი რა უნდოდა? ოღონდ ვინმე გამოეჭირა სასაუბროდ და ტოლს არ დაუდებდა.
ორი დღის მოსულმა ფიფომ კი, ძალიან გაამხიარულა. სულ შედარებებს აკეთებდა მის უწინდელ მდგმურზე და ფიფოც ყურებდაცქვეტილი უსმენდა, რომ არაფერი გამორჩენოდა. ისიც კი გამოქექა, რომ სწორედ იმ დღეს იქირავა ბინა, მთელი არმია, რომ შემოესია ამ ეზოსო. 
- საწყალი, ისე იყო დამფრთხალი ძლივას მოიბრუნა ენა პირში.
ფიფო სკამზე აწრიალდა. მშვენიერი ამბავი იყო. 
„ჰმ, როგორ გაუმართლა. მაინც, რა ბედი ჰქონია, იმ დამპალს!
ეს მოხუცი, რომ არა დავიჭერდი! აუცილებლად დავიჭერდი!
თან მიმისაც არ გაიცნობდა და ასე არ დაუახლოვდებოდა.
მიმის მარტო მე გავიცნობდი! მე!
ეჰ, მიმი, მიმი.
რა ხათაბალაში გაეხვიე და მეც როგორ შეგიწყე ხელი.
ჩემი ბრალია, მაგრამ გამოვასწორებ! ცოტაც მაცალე, აუცილებლად გამოვასწორებ!
უკან არაფერზე დავიხევ!“
ფიქრობდა ფიფო თავისთვის და დროდადრო, მისკენ დაჟინებით მომზირალ მოხუცის მეუღლეს გახედავდა. ქალი თვალს არ აცილებდა. არც საუბარში ერთვებოდა. ინვალიდის ეტლში ჩამჯდარი ხელებსაც ძლივს იმორჩილებდა. მხოლოდ თითებს ათამაშებდა, რაღაც უცნაურად, რაც ფიფოს წამდაუწუმ თვალში ხვდებოდა. 
თითქოს სადღაც კიდევ ჰქონდა ნანახი, 
მაგრამ... 
„ყველაფერი მართლაც დამთხვევა, ხომ არ იქნება? ხომ შეიძლება, ზოგჯერ ის მოგეჩვენოს, რაც სინამდვილეში არ არის და?..“
- თქვენ სულაც არ ჰგავხართ თქვენს ბიძაშვილს. - როგორც იქნა, ხმა ამოიღო ქალმა.
ფიფო შეცბუნდა. 
- რაებს მიედ-მოედები ხოლმე, შენა?! - შეუბღვირა ქმარმა. - განა მთელი საათი, მაგაზე არ ვლაპარაკობთ? ის როგორი წყნარია და ეს როგორი ჭკუა მხიარული! - იცინოდა მოხუცი და ფიფოსაც გადაედო მისი სიცილი.
- მე იმის თქმა მინდა, რომ გარეგნულად არაფერი სცხიათ ბიძაშვილობის. - ისევ წაიკნავლა ქალმა და ნაღვლიანად ჩაჰკიდა თავი.
- ეჰ დამიბერდა ქალი. - ამოიხვნეშა კაცმა. - ხანდახან, ისეთს რამეს იტყვის როოო...
- არაუშავს, არაფერი ისეთი არ უთქვამს. - დაამშვიდა ფიფომ და მერე მოხუც ქალბატონს მიუბრუნდა. - მართალს ბრძანებთ ქალბატონო. მიუხედავად ნათესაური კავშირისა, ჩვენ საერთოდაც არ ვგავართ ერთმანეთს. - ფიფომ ყურებამდე გაუღიმა.
- გენეტიკაში უამრავი წერტილებია, თქვენ კი ერთიც კი არ გაქვთ საერთო. - ჩუმი ხმით დაუმატა ქალმა თავი გააქნია და ისევ თითები აათამაშა.
ფიფოს ისევ რაღაც თითქოს ენიშნა, ან იქნებ, სულაც მოეჩვენა.
„რა დაკვირვებული და საკმაოდ გაიძვერა კი ყოფილა ეს ბებრუხანა.“ 
ფიქრობდა ფიფო თავისთვის. ამიტომაც იყო, რომ რაც შეიძლება მეტი სიფრთხილით მოუწოდა თანამშრომლებს, რომ ძალიან ფრთხილად და უხმაუროდ ემოქმედათ და მართლაც ასე იყო. ხმის ამოუღებლივ გადაჩხრიკეს ყველაფერი. სადარბაზოს ლაბირინთებშიც ძალიან დაბალ ხმაზე საუბრობდნენ. წასვლისას კი, შედარებით ხმაურიანად დაემშვიდობნენ ფიფოს. თუმცა, სახლის პატრონმა, ცოტა არ იყოს, ეჭვიანად შეავლო მზერა ახალ მდგუმრთან ერთად, ოთახიდან გამოსულ, პატარა ოთხკუთხა ჩანთიან ხალხს. 
ფიფომ მოუბოდიშა. მეგობრები შევიკრიბეთ, ჩემმა სტუმრებმა, ხომ არ შეგაწუხათო.
- ეგ რანაირი ქეიფი გცოდნიათ? ერთი ხმაც არ გამოსულა თქვენგან, გეჩხუბათ მაინცა, თუ სიმღერა არ გეხერხებოდათ! -  ხითხითებდა მოხუცი.
- ჩვენ, ყრუ-მუნჯთა საზოგადოებიდან ვართ, ბატონო ჩემო! სიმღერა მართლაც, რომ არ გვეხერხება! - იხუმრა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
- ხო, კიდევ კარგი მუნჯი ხარ და მაგიტომაც რაკრაკებ ასე, თორემ აბა შენ, რომ ლაპარაკი შეგეძლოს... - მოხუცი სახლის პატრონი, ისევ საკუთარ იუმორზე ხითხითებდა.
ფიფოს მეგობრებიც აჰყვნენ, მიუხედავად იმისა, ეცინებოდათ თუ არა.
ფიფომ მანქანა, იმ ეზოშივე დატოვა და სტუმრები ისე გამოაცილა. ახლა იმ სახლში, უკვე აღარაფერი ესაქმებოდა და ისევ მხატვართან ვიზიტი სჯობდა. 
ეზოდან გამოსულმა, სახლს შემოუარა და გვერდით ქუჩაზე, სადარბაზოს მხრიდან მიმის მანქანა შენიშნა. 
ფრთხილად მოავლო იქაურობას თვალი. სადარბაზოშიც შეჰყო თავი, მაგრამ არავინ ჩანდა. იფიქრა, მიმი უთუოდ მხატვართან იქნებაო და აღმართს შეუყვა.
სახელოსნოში შესვლისთანავე, მიმი მოკითხა.
- სულ ცოტა, ერთი საათიც მაინც დაგაგვიანდა!  
მხიარულად შენიშნა მხატვარმა და სასწრაფოდ შეეცადა ცხელ-ცხელი ამბები მიეხალა, მაგრამ ფიფო უკვე აღარ უსმენდა. ზედიზედ კრეფდა მიმის ნომერს და ცოფდებოდა ავტომატურ პასუხზე, რომელიც აუწყებდა, რომ მიმის ტელეფონი მომსახურების ზონიდან იყო გასული.
ისე გამოვარდა სახელოსნოდან, რომ უკან არც მოუხედავს. თავში ათასი ფიქრი აერია. 
სად შეიძლებოდა მიმი ყოფილიყო?
და სად იყო ისეთ ადგილას, რომ ტელეფონიც მიუწვდომელი რჩებოდა?
გულგახეთქილს, ისევ სადარბაზოებში უნდა ეძებნა და მერე?
იქ, რომ ვერ ეპოვნა? მერე, რა უნდა ექნა?
ერთი კი გაიფიქრა, მკვლელმა ხომ არ დაუშავა რამეო, მაშინ უფრო სწრაფად უნდა ემოქმედა, ჯერ მთავარი იყო, დროულად მიეგნო და მკვლელის კლანჭებიდან ცოცხალი დაეხსნა.
სადარბაზოში ნახევრად ბნელოდა. საშინელი სუნი იდგა. ფიფოს უნდოდა დაეყვირა, დაეძახა, მაგრამ თავი შეიკავა.
„იქნებ, მართლაც გამომწყვდეული ჰყავს სადმე და ჩემმა ხმამ, უფრო არ დააფრთხოს და უფრო არ გადამალოს.“
ფიფოს შეაჟრჟოლა. სადარბაზოში არავინ ჩანდა. ჩქამიც კი არ ისმოდა. დაახლოებით იცოდა, სადღაც კედლის იქედან მიმი, რომ ესაუბრებოდა ხოლმე მკვლელს, მაგრამ აქედან, რომელი კედელი, ან კარი იყო? 
სად? საიდან? რომელი მხრიდან?
დანამდვილებით კი, არც მხატვარმა იცოდა. არც მიმის დაუკონკრეტებია და არც არავის უკითხავს. 
მოულოდნელად ფიფომ, სადარბაზოს მტვერში ძირს გაშოტილი მიმი, რომ დაინახა ლამის გული შეუღონდა. კიდევ კარგი, გოგო მალევე მოვიდა გონს. სასწრაფოს გამოძახებაც ძლივს გადააფიქრებინა. 
ფიფო მაინც არ ეშვებოდა. ბოლოს სახლში გაცილებაზე დაითანხმა. 
- მხოლოდ დედაჩემს არაფერი უთხრა, რაა. - მუდარით ამოხედა ქვემოდან ფიფოს, როცა ხელში აყვანილი კიბეებზე ჩამოჰყავდა. 
ფიფო მალულად ათვალიერებდა მიმის, რომელსაც ავაზაკისგან თავდასხმის, არაფერი ეტყობოდა.
მიმი ძლივს ალასლასდა საკუთარი სახლის კიბეზე. ფიფოს ისევ ხელში აყვანაზე, უარი უთხრა. სახლში ამაყად შეაბიჯა. მაქსიმალურად შეეცადა, რომ დედას არაფერი შეემჩნია. 
მიმის დედა კი, ისე იყო გახარებული ფიფოს დანახვით, რომ შვილისთვის წესიერად ყურადღება არც მიუქცევია. 
სანამ ფიფო ხმას ამოიღებდა, მიმის დედამ თავადვე მიახალა, ცოცხალი თავით უვახშმოდ არ გაგიშვებო. ფიფოსაც ეს აწყობდა. სულაც არ ჩქარობდა. სანამ მიმის კარგად არ გამოკითხავდა, არსად იყო წამსვლელი.
მიმი ხმას არ იღებდა. თუმცა, ერთი სული ჰქონდა, ფიფოსთვის გამოეკითხა, იქ რას ეძებდითო, მაგრამ თავს იკავებდა და მიუხედავად მოთენთილობისა, მაინც იჯდა სკამზე ასე ფერმიხდილი, ფიფოს უსმენდა და მის ხუმრობებზეც გულიანად ეღიმებოდა. თუმცა, თვალები კი მაინც, ისევ სევდით ჰქონდა სავსე. 
ფიფომ მისთვის საინტერესო ვერაფერი გაარკვია, მიმიმ ძალიან მარტივად ახსნა. ფოტოების გადაღება უნდოდა და მერე თავადაც არ ახსოვს, თუ რა მოხდა. არც არავის შეუშინებია და არც არავინ დაუნახავს. უბრალოდ, სული შეეხუთა. 
უჩვეულო ამაში არაფერი იყო. გარეთ საშინელი სიცხე იდგა. არასასიამოვნო სუნით დაგუბებულ, მტვრით სავსე  სადარბაზოში შესვლისას ფიფოსაც კი, შეეხუთა სული.
ფიფომ ისიც კი იფიქრა, იქნებ შეგვამჩნია კედლის იქეთ სამალავს, რომ ვჩხრეკდითო, მაგრამ მიმის სახეზე სევდის მეტი, ვერაფერი ამოიკითხა.
თანდათან მიმი ფერზე მოვიდა. ფიფოს აქეთ უსვამდა შეკითხვებს, მხოლოდ ცდილობდა ზედმეტი არაფერი ეკითხა. 
ფიფო გუმანით რაღაცას გრძნობდა, მიმიმ რაღაც იცოდა, მაგრამ რა?
„მხატვარი! ისევ მხატვარი თუ გამარკვევს, რა ხდება და რაშია საქმე.
იმას უფრო ეტყვის.
ჩემდა სამწუხაროდ, მას უფრო ენდობა, ვიდრე მე!
დასანანია, მაგრამ გამოსწორებადი.“
ჩაფიქრებული შეჰყურებდა მიმის და არ იცოდა, რომ მიმიც დაახლოებით იმავეს ფიქრობდა. 
მხოლოდ ისევ მხატვარი თუ გაარკვევდა ყველაფერში და ისევ მასთან უნდა ეცადა მიმისაც ბედი.
წამოწვიმა.
საღამო ბევრად უფრო გრილი და სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე დღის ხვატი. ფიფომ ისევ დრო იხელთა. მიმის სუფთა ჰაერზე გასეირნება შესთავაზა. მიმიც სიამოვნებით დათანხმდა.
დედა სიხარულით ფეხზე ძლივს იდგა. გულში სულ იმას იმეორებდა:
„ღმერთო, ღმერთო! რა კარგი წყვილია, თვალი არ ეცესო!“
ფიფო ყველაფერს თავიდან იწყებდა, მიმის გულის მოსაგებად, უკან ახლა უკვე მართლაც აღარაფერზე დაიხევდა, მაგრამ გულს მაინც, მიმის იმ ეჭვიტანილ კაცთან ურთიერთობა უმძიმებდა. 
ეს არ იყო მამაკაცისგან ქალისადმი ეჭვიანობა. ეს სულ სხვა რამ იყო და სწორედ ეს უღრღნიდა ფიფოს გულს.
„ოღონდაც მიმი არაფერში იყოს გარეული. მოწმედაც კი არ მინდა, რომ გამოჩნდეს და თუნდაც...“
არც მიმი იყო დალხენილი. ფიფოსთან ძალიან მოსწონდა ურთიერთობა. ახლა მაინც უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, მაგრამ პიპაც ვერ ეთმობოდა ბოლომდე. 
ისე, ცოტა უცნაურიც იყო მასთან ურთიერთობა. ზოგჯერ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ თითქოს პიპა, ზედმეტად დამაჯერებლად ესაუბრებოდა. თითქოს, ზედმეტად ცდილობდა, თავისი სიმართლე დაემტკიცებინა. თუმცა, არაფერი იყო მის მონაყოლში უჩვეულო და დაუჯერებელი, მაგრამ მაინც, მიმი გრძნობდა, რომ ამ კაცის ირგვლივ თითქოს, ყველაფერი გაურკვეველი, ბურუსით მოცული და სინამდვილეს მოკლებული იყო. ფიფოსთან კი პირიქით, ყველაფერი რეალური და ნამდვილი ჩანდა. 
ფეხით ისეირნეს პარკში. არც ერთს სიტყვა არ დაუძრავს იმ სადარბაზოზე და არც მხატვარი უხსენებიათ. ხან რაზე ისაუბრეს და ხან რაზე. თითქოს, თავიდან ეცნობოდნენ ერთმანეთს.
მთელი დღის განცდებმა, მიმი ისე მოთენთა, რომ ბალიშზე თავის დადებისთანავე ღრმად ჩაეძინა. 
კიდევ იძინებდა ასე დიდ ხანს და ტკბილად, მაგრამ ვინ აცალა? 
ტელეფონის შეტყობინების ხმამ სასიამოვნო სიზმრებიდან გამოაფხიზლა. გულში საკუთარ თავს შეუტია. რატომ არ გავთიშე ტელეფონიო. პიპა ალბათ უკვე ქვეყნიდან წასულიც იქნებოდა. მიმის ხომ უკვე დაემშვიდობა და სხვა ყველა დანარჩენი, მოიცდიდა დილამდე და არც არაფერი მოხდებოდა. ახლა კი საკუთარი დაუდევრობის გამო, შუაღამით გაღვიძება მოუწია.
უკმაყოფილოდ დასწვდა ტელეფონს. ძლივს შეავლო თვალი მესიჯს და ელდა ეცა.
პიპას გზავნილი იყო.
„ძალიან მჭირდები! სასწრაფოდ!“ 
სულ ეს ეწერა და მიმისთვის უცნობი მისამართი იყო მიწერილი. იქ უნდა მიეკითხა. 
მხოლოდ ერთი წუთიც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ გამოფხიზლებულიყო. ფეხაკრეფით ჩაუარა დედის ოთახს და სახლის კარიც ჩუმად გამოიხურა.
გარეთ ისევ წვიმდა ზაფხულის წვიმით. სასიამოვნო სიგრილეს, სველი ასფალტის სუნი ერწყმოდა. 
თუმცა, ახლა მიმისთვის სულ ერთი იყო, თუ როგორი ამინდი იქნებოდა. გინდაც, ეწვიმა და თუ გინდ მოეთოვა, მაინც მთელი სისწრაფით მიაქროლებდა მანქანას სველ ტრასაზე და ერთი სული ჰქონდა, სანამ დანიშნულ ადგილას მიაღწევდა.
LEX. 2017 წლის 22 ივლისი, შაბათი.

No comments:

Post a Comment