„ისევ ისმის იმ ძველი, დანჭყრეული პიანინოს
ხმა.
ნუთუ, ისევ მეჩვენება?
თუ მართლაც ვიღაც უკრავს?
და რატომ არ შეიძლება,
რომ ვიღაც, მართლა უკრავდეს?
რატომაც არა!
დიახაც უკრავს!
ნამდვილად უკრავს და ისევ იმ მელოდიას.
პიანინოსაც კი
ისეთი ხმა აქვს, რომ თითქოს სადაცაა დაიშლებაო, ალბათ ძალიან ძველია. შეიძლება, ვიღაც
მოხუცი უკრავს, თავისი ბავშვობის პიანინოზე.
არა არ მეჩვენება.
ნამდვილად ვიღაც უკრავს, მაგრამ ზუსტად სად?
რომელ სართულზე?“
ხმა თითქოს, ზემოდან მოდიოდა, მაგრამ კონკრეტულად საიდან?
რომელი ბინიდან?
რაც უფრო ზევით ადიოდა, მელოდიაც უფრო გარკვევით ისმოდა.
ძველი პიანინოს ხმა, ჭერიდან შემოჭრილი მზის სხივივით, ზემოდან ჩამოდიოდა და სართულებს
შორის იფრქვეოდა.
„საოცარია, ხმა
ნამდვილად ზემოდან მოდის და იქნებ, არის კიდეც სხვენში ოთახი და იქ ვინმე ცხოვრობს?“
ზემოთ ასასვლელი ლუქი ღია იყო, იმდენად ღია, რომ სინათლე
ქვედა სართულზეც აღწევდა. ვიწრო შავი რკინის დახვეული კიბით მიმი სახურავის ლუქში აძვრა
და სახლის ბანზე მოექცა.
საოცარი სანახავი იყო აქედან ქალაქი, თუმცა ერთ დროს ლამაზი
ქუჩები, ახლა უკვე უამრავი ახალი და გემოვნებას მოკლებული შენობებით იყო ჩაჩხირული.
დასანანი იყო, უძველესი ისტორიული ქალაქის, ასე დამახინჯება, მაგრამ უფრო სამწუხარო
კი ის იყო, რომ გამკითხავიც არავინ ჰყავდა.
ახასხასებულ მწვანე ფოთლებში შეყუჟული ჩიტების ჭიკჭიკი, იქაურობას
ლამის აყრუებდა. პიანინოს ხმა კი უკვე არსაიდან ისმოდა. აქ ამოსვლისთანავე სადღაც გაიფანტა.
იქნებ, სულაც შეწყვიტეს დაკვრა?..
ჯერ მზემ დააჭირა, საშინლად მწარედ იკბინებოდა, მერე უცებ
მოიქუფრა და ძლიერად გაწვიმდა. ისეთი სიხშირით დასცხო წვიმამ, რომ მიმიმ ძლივს ჩაასწრო
ქვემოთ.
პატარა დახვეულ კიბეს რომ მიჰყვებოდა წვიმის წვეთები პირდაპირ
კისერში ასხამდა.
„ნეტა პიპა, რამდენი
ხანია აქ ცხოვრობს?
მას ეცოდინება, ვინ უკრავს ამ მელოდიას. თანაც, სულ ერთი და იგივეს.
არა! არ მეშლება.
ნამდვილად ერთი და იმავე მელოდიის ხმა ისმის.“
პიპას სახლში, მხოლოდ ეზოდან თუ შეიძლებოდა მოხვედრა. ეს
მიმიმ ადრეც იცოდა. ამიტომ სადარბაზოდან გამოსულმა, წვიმის თქეშში სირბილით ჩაუყვა
ქუჩას, სახლს შემოუარა და ეზოში შევიდა. ეზო
უზარმაზარი იყო, სიგრძეზე გაჭიმული აივნებითა და უამრავი მაცხოვრებლებით. საიდან უნდა
გაეგო სად, რომელ ბინაში ცხოვრობდა მისი მეგობარი.
წვიმამ იმატა. თითქოს, სულაც არ აპირებდა გაჩერებას. პირიქით,
უფრო ძლიერად დასცხო. მიმი, ეზოში შესასვლელის თაღის ქვეშ იდგა და ისე ათვალიერებდა,
მთელ სიგრძეზე გადაჭიმულ აივნებს.
„ნეტა მაინც, რომელი
ბინაა? ან ის, მოხუცი კაცი მაინც სად ცხოვრობს, რომ ვიცოდე, აი, იმას უთუოდ ეცოდინება,
მაგრამ არც კი მახსოვს, თვითონ ის კაცი, როგორ გამოიყურება.“
მიმი, უკან მომდგარი მანქანის სიგნალმა შეაკრთო. თაღი არც
იმდენად ვიწრო იყო, მანქანა თავისუფლად შემოვიდოდა, მაგრამ მიმი შუაში იყო გაჩხერილი
და შემოსასვლელ გზას კეტავდა.
მოულოდნელი სიგნალის ხმაზე, მიმი გვერდით გახტა. მანქანა
ეზოსკენ დაიძრა და მიმის როცა გაუსწორდა, ფანჯრიდან კაცმა, ისე გადმოჰყო შემელოტებული
თავი, რომ ლამის მთელი ტანით გადმოძვრა.
- ვის ეძებ, გოგონი? - რბილი, ალერსიანი ხმით ჰკითხა მიმის
და თან ხარბად შეათვალიერა, გალუმპული გოგო.
მიმი შეიშმუშნა. არ იცოდა, რა ეპასუხა. ოდნავ მხრებიც აიჩეჩა.
- ბინას ხომ არ ეძებ? თუ გინდა, გაჩვენებ?
- ამ სახლის პატრონს ვეძებ! - თავის და უნებურად წამოისროლა
მიმიმ. - მოხუცი კაცია, სახელი დამავიწყდა.
- ამ სახლის? ამ სახლს ბევრი პატრონი ჰყავს, გენაცვალე და
შენ რომელს ეძებ? - უფრო მეტად დაიშაქრა კაცი. - ისე, ბინას თუ ეძებ, მეც მაქვს გასაქირავებელი
ოთახი.
- არა, ბინას არ ვეძებ. - თავი გააქნია მიმიმ. - იმ მოხუც
კაცს ვეძებ, ადრე ეს სახლი, სულ მის ოჯახს ეკუთვნოდა...
- ააა! ჰოო! - გაეღიმა კაცს. - აი, იქ მეორე სართულზე ცხოვრობს.
- კაცმა თითი გაიშვირა. - მხოლოდ, აქეთა კიბიდან ადი და მერე მარჯვნივ, ბოლოში გახვალ.
მიმიმ ღიმილით დაუქნია თავი და მადლობა გადაუხადა. კაცმა
კიდევ ერთხელ შესთავაზა ბინა, ქირასაც დავაკლებო, მაგრამ მიმი კვლავ იუარა:
- ბინას არ ვეძებ! სულ სხვა საქმე მაქვს!
- როგორც გინდა, ლამაზო. - კაცმა თავი უკანვე შეჰყო.
მანქანა ეზოს სიღრმეში შევიდა.
ისევ გადაუღებლად წვიმდა. მიმიმ ახლა იმ აივანს დაუწყო თვალიერება,
სადაც ის მოხუცი კაცი ცხოვრობდა.
„იქნებ, ის მოხუცი
არც კი იცნობს პიპას?
იქნებ ამ კაცს
სცოდნოდა? ნეტა, რატომ პირდაპირ პიპაზე არ ვკითხე?“
მიმიმ სირბილით გადაჭრა ეზო, თუმცა ასეთ თავსხმა წვიმაში,
სირბილმაც კი ვერ უშველა და ასე, ბოლომდე გაწუწული, იმ მოხუცის ბინას მიადგა.
ერთ ხანს, იდგა ასე. ვერ გადაეწყვიტა, კარზე დაეკაკუნებინა
თუ არა. ცოტა ხანში, კარს უკან, რაღაც ხმაური გაისმა. მიმი დამფრთხალი კნუტივით, უკან
გახტა. აშკარა იყო, კარს აღებდნენ და ძველი საკეტის გახსნა უჭირდათ. მიმი რაც შეიძლებოდა
უკან-უკან წავიდა. როგორც იქნა, კარიც გაიღო და სანამ ვინმე გამოჩნდებოდა, მიმიმ კიდევ
უფრო ბევრად შორს დაიხია და უნებლიეთ, პიპას ბინის კართან აღმოჩნდა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს მართლაც იცოდა, თუ ვის კართან იდგა.
მოხუცი ნელი ნაბიჯებით მოჩოჩავდა. მიმის რომ გაუსწორდა შეჩერდა,
მიესალმა და კარგადაც აათვალიერა წვიმისგან, თავიდან ფეხებამდე გაწუწული გოგო.
- არ არის შვილო, პიპა სახლში.
- რაა?? - მიმის მოულოდნელობისგან ჩამწყდარი ხმით აღმოხდა.
- მგონია, წუხელაც არ იყო სახლში. - მიუგო მოხუცმა. - ალბათ,
სოფელშია.
მიმი გაოგნებული იდგა. სწორედ მის სახლის კართან იდგა, ვისაც
ეძებდა. ალბათ, მართლაც რომ ბედია, სწორედ იმ კარს რომ მიადგა.
კი, ნამდვილად ბედია!
მისი ბედი!
განგებამ თავისივე ფეხით მიიყვანა იქ.
მიმის სიხარულისგან, ათასი აზრი აერია თავში და იმასაც კი
ვეღარ გრძნობდა, სიცივისგან, როგორ კანკალებდა.
- წამო შვილო, ჩვენთან შემოდი. - შესთავაზა მოხუცმა. - სულ
სველი ხარ, ჩემი კნეინა ცხელ ჩაის დაგალევინებს. თუ გინდა, რძეც გვაქვს. თუ ახალგაზრდობა,
მარტო ყავას კადრულობთ? ჰეჰ, ჩემს მეზობლებს, ყავას რა გამოულევს, ისეთი მეზობლები
მყავს, უარს არ მეტყვიან, შემოდი, შემოდი! ყავასაც ვიშოვნით! - მოხუცი ენას არ აჩერებდა
და სახლში ეპატიჟებოდა.
მიმი უარზე დადგა:
- ნუ წუხდებით, წავალ ახლავე! აი, ცოტა წვიმა გადაიღებს და
მაშინვე წავალ.
- და პიპა რომ მოვიდეს?
- სხვა დროს მოვალ! - არ დაიხია უკან მიმიმ.
- აბა სად წახვალ? რომ გაცივდე, მერე საყვედურს მივიღებ მეზობლისგან.
- ხელით პიპას კარზე მიანიშნა. - ასეთი ლამაზი სტუმარი მეწვია და შენ, გარეთ გამიგდეო. - მოხუცი ხითხითებდა.
მიმი კვლავ უარზე იდგა.
მოხუცმა დრო იხელთა და ჩვეულებისამებრ ალაპარაკდა:
- იცი, ადრე ამ ეზოს ბატონ-პატრონი, ჩემი დიდი პაპა იყო.
- მართლა? - მიმის უნდოდა ეთქვა, კი ვიციო, მაგრამ რატომღაც
გადაიფიქრა და ისე დაიჭირა თავი, თითქოს პირველად ესმოდა და ამ კაცსაც, პირველად ხედავდა.
ის იყო, მოხუცმა თავისი წინაპრების ისტორიის მოყოლა დაიწყო,
მაგრამ ვინ აცალა? მისი ბინიდან, ქალის ცივი, გაწვრილებული ხმა უხმობდა.
- იცი, რას გეტყვი მე შენ? კარგი გოგო ჩანხარ, სანდო თვალები
გაქვს. აბა ერთი წუთით დამელოდე აქ. - მოხუცი სახლისკენ წაჩანჩალდა. ბურდღუნით შეაღო
კარი და მეუღლეს რაღაც უსაყვედურა.
მიმიმ შვებით ამოისუნთქა. კიდევ კარგი, ისევ იმ ამბის მოყოლა
არ დაიწყოო. მერე კარს მოავლო თვალი. თეთრად სუფთად შეღებილი ხის, სქელი, ოდნავ ვიწრო,
წაგრძელებული ორკარიანი ძველებური სტილის კარები ლამის ჭერამდე აღწევდა და მომრგვალებული,
ნახევრად ოვალური ფანჯრით მთავრდებოდა, რომელიც არასდროს იღებოდა. სახელურიც ძველებური
იყო სქელი, მძიმე, მოოქროვილივით ალაგ-ალაგ ლაპლაპებდა, ზედ გამოსახული ორნამენტის
ტიპის ხლართებით.
მოხუცი მალევე გამოჩნდა. ხელში ასევე ძველი სტილის, დიდი
სქელი გასაღები ეჭირა და მიმის გაუწოდა.
- როგორც ამ სახლის უძველეს პატრონს, ყველა ჩემი ოთახის
„ზაპასნოი კლუჩებიც“ მე მაბარია!
მიმის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ჯერ ის, რომ ასე ადვილად
მოაგნო პიპას სახლს და მერე კი, მის ოთახშიც უპრობლემოდ შეუძლია შესვლა და თავისუფლად
დათვალიერება.
- ერთი ღარიბი ბიჭია, სახლში მოსაპარიც არაფერი აქვს!
შენ კი, ისეთი სათნო და კეთილი თვალები გაქვს, რომ ასეთ წვიმაში სამტროდ ნამდვილად
არ იქნები მოსული. - გაიკრიჭა მოხუცი. - აჰა, გამომართვი გასაღები, შედი გაშრი მაინც.
ცხელი წყალიც გადაივლე, თორემ ლამის კბილები დაგემტვრეს, ისე აწკარუნებ. თუ რამე დაგჭირდეს,
არ მოგერიდოს, დამიძახე!
სანამ გაოგნებული მიმი, ხმას ამოიღებდა, მოხუცი თავის ბინისკენ
გაბრუნდა. მერე ერთი მიაძახა, წასვლისას გასაღების დატოვება არ დაგავიწყდესო და სახლში
შევიდა.
მიმის ცალკე ბედნიერებისგან და ცალკე სიცივისგან, ხელები
ისე უკანკალებდა, რომ ძლივს მოახერხა გასაღების გადატრიალება და დიდი ხნის ნანატრი
კარიც შეაღო.
საიდან დაეწყო დათვალიერება?
„იქნებ, უხერხულიცაა
პატრონი სახლში არ არის და მე ასე უსინდისოდ ვიქექო მის ნივთებში?“
სააბაზანო სუფთად მოწესრიგებული დახვდა. ერთი დიდი პირსახოცი
ეკიდა. ჩვეულებრივი, ძალიან უბრალო და ასევე უბრალო საპონი, შამპუნი, წვერის საპარსი.
ყველაფერი ძალიან იაფიანი და უბრალო იყო.
მიმის ეღიმებოდა. ახლავე, დღესვე შეეძლო მისთვის ბევრად უკეთესის
და უფრო კარგი, ძვირფასი ნივთების ჩუქება, მაგრამ როგორ მიიღებდა მისი მეგობარი ამ
საჩუქრებს, ეს ჯერ კიდევ საკითხავი იყო. მანამდე კი, თავად უნდა ესარგებლა ამ უბრალოებით და ყოველგვარი
ზედმეტი პრეტენზიების გარეშე დაკმაყოფილებულიყო, მისი ხელმოკლე მეგობრის, იაფფასიანი
ნივთებით.
აბა საიდან უნდა სცოდნოდა მიმის, რომ პიპამ აქაც გამოიჩინა
გონიერება და სპეციალურად ყველაზე უბრალო და იაფიანი ნივთები შეიძინა, ასეთი ბინისთვის.
მიმი, სველმა ტანსაცმელმა საშინლად შეაწუხა. ახლა ცხელი შხაპი,
ნამდვილად არ აწყენდა. სანამ თავის ტანისამოსს გააშრობდა, მანამდე პიპას ტანსაცმლით
უნდა ესარგებლა, მაგრამ კარადის გამოღებისთანავე, სახტად დარჩა.
კარადაში მხოლოდ ერთადერთი სუფთა პერანგი ეკიდა.
LEX. 2017 წლის 31 მაისი, ოთხშაბათიhttps://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1915425612033060

No comments:
Post a Comment