Friday, January 26, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 68)

68.
მიმიმ ის იყო, სავარძლიდან წამოდგომა დააპირა, რომ ბიჭების გაშტერებულ მზერასაც წააწყდა.
- რა იყო? - გაიკვირვა მიმიმ.
- არა! არაფერი! - პირველი ფიფო გამოერკვა.
- არაფერი არ მოხდა! უბრალოდ, ისე. - მხატვარიც აჰყვა.
მიმის არსად ეჩქარებოდა. პიპამ უბრალოდ, ისევ მიმის მოკითხვაზევე უპასუხა და როგორც ყოველთვის, ახლაც ბევრად დაგვიანებით, მაგრამ მიმი მაინც ისე იყო აჟიტირებული, რომ წასასვლელადაც კი მოემზადა. იქნებ, მაინც როგორმე შეხვედრაზე დაეთანხმებინა. თუმცა, იმედიც არც ჰქონდა, რადგან ისედაც ძალიან ძუნწად და იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს.
და ის იყო, კვლავ წამოდგომა დააპირა, რომ უცებ ბიჭების რაღაც უცნაურ, მისთვის ამოუცნობ მზერას წააწყდა.
გაკვირვებულმა გოგომ, ტელეფონს ხელი უშვა და ბიჭებს მკაცრად მიმართა:
- აბა ახლა მითხარით ორივემ, რა ხდება?! ისეთი სახეები გაქვთ, თითქოს რაღაც შეთქმულებას მიწყობთ! რა გჭირთ?!
ფიფო ხმას არ იღებდა და მიმის ტელეფონს მალულად ავლებდა თვალს. ერთი სული ჰქონდა გაეგო, მიმის ვინ წერდა და რას წერდა.
- იცი, მიმი! -  ისევ მხატვარმა ითავა საუბრის დაწყება. - ჩვენ, სამივე ისე დავმეგობრდით, რომ წრე შევკარით და ისეთ თემებს ვარჩევდით აქ, რასაც არც სხვასთან და უფრო სწორად, არც არავისთან, არც უცხოსთან და არც ახლობელთან, ამაზე კრინტსაც კი არ დავძრავდით! თუნდაც, აი გახსოვს? ის საქმე? ფიფო, რომ იძიებდა?
- როგორ არ მახსოვს?! და მერე? - მიმი ვერ ხვდებოდა, მხატვარს საუბარი საითკენ მიჰყავდა.
ფიფო გაიტრუნა. გრძნობდა, მხატვარი მისთვის რაღაც ისეთ სასარგებლოს იტყოდა და მერე თავადაც ჩაურთავდა სიტყვას, მაგრამ მასპინძელი უცებ გაჩუმდა და საუბრის გაგრძელებას, აშკარად ვეღარ აბამდა თავს.
აქ კი, ისევ ფიფომ იმარჯვა და მიეშველა:
- იმის თქმა გვინდა, რომ თითქოს, შენ გამოგვეყავი, მიგვატოვე და ცალკე, სხვა წრეში ტრიალებ. სხვა მეგობრებთან და ჩვენკენ უკვე...
მიმის გაეცინა.
ახლა მხატვარი მიეშველა ფიფოს:
- სახეზე შეგეტყო, როგორ გაგახარა მესიჯმა და ჩვენც, ცოტა... სადღაც გულიც კი დაგვწყდა!
ფიფომაც კმაყოფილი სახით, მხატვარს კვერი დაუკრა.
- კარგით რააა!!! - გემრიელად გაეცინა მიმის. - როგორ არ გრცხვენიათ?! ასე მართლა, როგორ ეჭვიანობთ?! - კვლავ ეცინებოდა მიმის.
ბიჭებიც ყურებამდე უღიმოდნენ, სახეში შეჰყურებდნენ და თვალს არ აცილებდნენ. იქნებ, მიმის რაღაც მაინც საინტერესო წამოცდესო.
- რა სისულელეა! - აწრიპინდა მიმი. - ნუთუ მართლა, ასე ეჭვიანობთ? განა თქვენ ორივე, ჩემთვის ძვირფასები არ ხართ? მერე რა, რომ ცოტათი დავკარგეთ ერთმანეთი და მეც ისე ხშირად ვეღარ ვიცლი. ნუთუ, ამან დაგაღონათ ასე? მე კი გული გამისკდა, ვერც კი მივხვდი რა გჭირდათ!
- მიმი, ახალი შეყვარებული გყავს? - მხატვრის ასეთმა სპონტანურმა კითხვამ, სტუმრები შეაცბუნა.
ფიფომ უხერხულად იგრძნო თავი. მიმის თუ ახალი შეყვარებული ჰყავს, ძველი ხომ 
თვითონ იყო და თანაც, თავადვე მიატოვა.
არც მიმი ჩავარდა კარგ დღეში. სახეზე ალმური მოედო. არ ესიამოვნა. თითქოს, მართლაც რაღაც უსგავსობაში გამოიჭრეს.
დაიბნა. აღარ იცოდა რა ექნა.
მერყეობდა. არ იცოდა, მოეყოლა თუ არა პიპაზე, ბიჭებისთვის. ან იქნებ, ჯერ არც იყო ამის დრო? ან იქნებ, საერთოდაც არც ღირდა ახლა ამაზე საუბარი? და საერთოდ, რა ერქვა მათ ურთიერთობასა თუ ნაცნობობას? იყვნენ კი, შეყვარებულები?
- მოდით, სხვა დროს მოგიყვებით რაა. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მიმიმ.
- ოოო, ესე იგი მიმი შეყვარებულიაააა! - არ ცხრებოდა მხატვარი.
- კარგი რაა? რა დროს სიყვარულია? აბა სად მცალია? - მიმი თავის მართლებას შეეცადა.
მხატვარი მაინც არ ჩუმდებოდა:
- სიყვარულმაო, არც დრო იცისო, არც ასაკიო, არც ისაო და არც ესაო!
- არ გაგვაცნობ? - ჩაერია ფიფოც.
- ვის?! ჩემს ეგრეთ წოდებულ შეყვარებულს?! - გაკაპასდა მიმი.
- ჰო, თუნდაც იყოს, ეგრეთ წოდებული! - გამომცდელად ჩააშტერდა სახეში ფიფო.
- შენ რომ უცებ გაიქეცი და ცოლი მოიყვანე რა?! წინასწარ შეგვეკითხე? თუ ჩვენგან იყო ნებართვის აღება საჭირო? - მიმის ხმაში აშკარა წყენა დაეტყო. - და ახლა, რას მოითხოვთ ჩემგან?!
მიმიმ ჯერ თავადაც წესიერად არ იცოდა, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა პიპასთან და რა ეწოდებინა მისთვის, მეგობარი? რომელიც როცა თავად მოისურვებდა ინახულებდა და შეტყობინებაზეც ძუნწად პასუხობდა, თუ შეყვარებული? როცა სიყვარულის თემას, მხოლოდ მაშინ ეხებოდნენ, თუ პიპა ფიფოზე შეაპარებდა საუბარს.
- რა იყო მიმი, დამშვიდდი რა? შენი წყენინება სულაც არ გვინდოდა. სულ სხვა საუბარი დაიწყო და აი, სულ სხვანაირად გამოვიდა. - მხატვარი დამშვიდებას შეეცადა.
ფიფო ნირწამხდარი იჯდა.
სიჩუმე მიმიმ დაარღვია:
- შეყვარებული მყავს თუ არა, ეგ ჯერ მე თვითონაც არ ვიცი. უბრალოდ, მომწონს და სხვათა შორის, ბევრი სხვაც მომწონს! კონკრეტულად არავინ შემირჩევია ჯერ! თუმცა, არც არავინ... - მიმი გაჩუმდა.
ისევ დუმილი.
ამჯერად ფიფომ ამოიდგა ენა:
- ცოლი არ მომიყვანია, მაგრამ ბავშვზე უარი არ მითქვამს!
მიმის გაეცინა და ბიჭებს სათითაოდ გადახედა:
- ჩემი ორი საუკეთესო მეგობარი - უცოლოები და თანაც, შვილიანები!
სიცილი სხვებსაც მოედო და დაძაბულობაც გაიფანტა.
- ახლა უნდა დაგემშვიდობოთ! - მიმი წამოდგა. - მართლა საქმე მაქვს და აღარ მცალია. დამშვიდდით ორივე! პაემანზე არ მივდივარ. ისე, არც არავინ მეპატიჟება და იცოდეთ! და გაფრთხილებთ! ორივეს! მორჩით ამ უაზრო ეჭვიანობასა და დაკითხვებს! მეგობრები, ისევ მეგობრებად ვრჩებით და მორჩა!
მერე, მალე გნახავთო, მიაძახა ბიჭებს და კარიც გაიხურა.
ფიფომ კონიაკი ჩამოასხა. მიმის წესიერად ვერც დაკითხვა გამოუვიდა და ვერც გამოკითხვა.
- რაღაც უაზრობა გამოგვივიდა არა? - მშვიდი ხმით დაიწყო მხატვარმა.
ფიფომ არაფერი უპასუხა.
მხატვარი ფიფოს ჩააშტერდა:
- იცი, რაღაც ვერ ჯდება.
- რა?
- რა და ის, რომ ვითომ იმ ღამით, მიმი დაინახე! შენ ხომ არ იცოდი, მიმის ახალი მანქანა, რომ ჰყავდა? და თუ დაინახე, რა?! ვერ დაეწიე? ასე როგორ მიჰქროდა, რომ შენ, თან აი კონკრეტულად შენ, ვერ დაეწიე?! იქნებ, ვინმე ეჯდა მანქანაში და თან ღამე იყო, ქარბუქი, მოთოვა კიდეც, მაგრამ ამინდი, რა შუაშია? ან თვალი, რომ გავახილეო, რა?! თვალდახუჭული მართავდა მანქანას, თუ ეძინა და სხვა იჯდა საჭესთან?
ფიფო ისევ დუმდა, თუმცა თავადაც მასე ფიქრობდა, რომ იმ ღამით, მიმი მართლა არ იქნებოდა მარტო და ის ვიღაც, შესაძლოა სწორეს ის ვიღაც არის, ის! ან იქნებ, უბრალო დამთხვევაა და...
- არაფერი გაქვს მოსაყოლი? - ისევ ჩაეკითხა მხატვარი.
- მოსაყოლის მეტი რა არის. - ძლივს ამოღერღა ფიფომ.
- მაგრამ არ მენდობი, არა?! უკვე აღარ მენდობი, ვგრძობ და მწყინს! რატომ? რით დავიმსახურე, ასეთი უნდობლობა?!
ფიფო კვლავ დუმდა.
ცოტა ხნით მხატვარმაც იყუჩა, მაგრამ დიდხანს ვერ გაძლო:
- იცი, რა მაკვირვებს შენში?
- ??
- ფაილებში ჩამახედე! ყველა მასალა სახლში მომიტანე! მეგონა, ყველაფერს მიყვებოდი, როცა საქმეს იძიებდი და ახლა, როცა შენ აღარ უძღვები ამ საქმეს, ვხედავ, რომ აშკარად რაღაც ხდება! რაღაც ისე ვერ არის და ჩუმად ხარ! ყველაზე ძაან ის ტეხავს, რომ აღარ მენდობი და ეგაა ზუსტად!
ფიფო ჩაფიქრდა, მხატვარი მართალი იყო და თანაც უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ ის არაფერ შუაში იყო, თუმცა მაინც სადღაც ვერ გამორიცხავდა მის სრულ უდანაშაულობას.
- გახსოვს, ის კაცი რომ მოკლეს? - როგორც იქნა, ამოღერღა ფიფომ. - ფულები რომ სახლში დაუწვეს, შენი გოგონას კლასელმაც, ვითომ რაღაც, რომ დაინახა?
მხატვარმა თავი დაუქნია, მახსოვსო.
- ჰოდა, სწორედ იმ ღამით, მკვლელობის ახლო-მახლო, საეჭვოდ, მხოლოდ ერთადერთი მანქანა დაძრწოდა და ისიც მიმის აღმოჩნდა.
მხატვარს, პირთან მიტანილი ჭიქა, ჰაერში გაუშეშდა.
- რაა??? არაა! არ არსებობს! მიმი? არა, რა! ვერ დავიჯერებ! კარგი რაა, ფიფო რაა!
მხატვარი ისე იყო გაოგნებული, რომ ემოციებს დიდ ხანს ვერ აცხრობდა.
ფიფო მოთმინებით ელოდა მის დაშოშმინებას.
- არა, არც მე მჯერა, რომ მიმი მკვლელობის ჩამდენი იყოს. - ამოიხვნეშა ფიფომ. - თან მასეთი, რაც არ უნდა იყოს, ადამიანის მოხრჩობას, საკმაო ფიზიკური ძალა უნდა. მიმი კი? და თუ მართლაც გარეულია ამ საქმეში, რაც უკვე მეც მეპარება ეჭვი და მართლაც არ ვარ დარწმუნებული, თუმცა ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ და შენი თქმის არ იყოს, იქნებ, მართლაც ვინმე ეჯდა მანქანაში? ან სულაც, სხვას ათხოვა მანქანა? ან იქნებ, მის დაუკითხავად ვინმემ ისარგებლა მისი მანქანით და თვითონ არც კი იცის...
- ხომ თქვა, რომ ღამით დავსეირნობდიო. იმას რატომღა დამალავდა, რომ მანქანა გაანათხოვრა?
- მანქანის გარდა, მიმის წინააღმდეგ, სხვა არანაირი სამხილი არ მაქვს და ასე ხელსაც ვერ დავადებ.
- ჰმ, რა საოცარია! დაუჯერებელია. - არ ცხრებოდა მხატვარი. - მაგრამ სამხილი თუ არ გაქვს?
- სამხილის არ ქონა, ბრალდებულის უდანაშაულობას მაინც არ ამტკიცებს!
- ჰო, მაგრამ...
- ვერაფერს დავამტკიცებ ჯერ! ხელს კი არ ვადებ, მხოლოდ ეს მანქანის მოძრაობა ჩანდა იქ საეჭვო, მეტი არაფერი! შეიძლება სულაც არაფერ შუაშია და მანქანა მართლაც უაზროდ დაჰყავდა იქ და აბა როგორ უნდა გამოვკითხო? ჯერ არავინ იცის, ჩემს მეტი არავინ დაინტერესებულა. თუ ვინმემ ქექვა დაიწყო, როგორც შევძლებ ისე ჩავერევი და შევეცდები კარგად გავარკვიო, მაგრამ გარეული, რომ იყოს ამ საქმეში, აი მერე? თუნდაც, უნებლიეთ გარეული და თუნდაც, თავადაც არ იცოდეს, ისე იყოს გარეული.
- აუ, შენ მართლა რა ეჭვიანი ყოფილხარ, მაგრამ მართლაც, რომ მასე აღმოჩნდეს, მაგრად დაგერხევა, ბოლომდე გაგანადგურებენ და შენც არ მიგაყოლონ მერე იმ მკვლელს!
- და მერე ვინ დამიჯერებს, რომ მეც თანამონაწილე არ ვიყავი?
- შენ შემთხვევით, ჩემზეც ხომ არ გეპარებოდა ეჭვი? - ახითხითდა მხატვარი.
- არ დაგიმალავ და თავიდან კი, ეგეც ვიფიქრე.
- კარგი რაა.
- შენც იფიქრებდი, ჩემს ადგილას.
- ნუ, ჰო! რა ვიცი, ალბათ! არ არის გამორიცხული! – მხატვარი ჩაფიქრდა. - მოკლედ, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, მიმის ვინ შეყვარებული, თუ თაყვანისმცემელი ჰყავს! მაქედან დავიწყოთ და ამას ისევ მე თუ მეტყვის. შენ თითქოს, გაგირბისო და სადღაც, მართალიც არის!
- კი ბატონო, შენ თუ მაგას გაარკვევ, იმ ვიღაცას მე უკვე კარგად გადავამოწმებ, ისე გავშიფრავ, რომ მიმიმ ვერაფერი გაიგოს! მე თვითონ, თანამშრომლების ჩარევის გარეშე, თორემ, რომ გაჟონოს, მერე მიმისაც დაიბარებენ განყოფილებაში.
- მე მიმის გამოვკითხავ, შენ მისი სამეგობრო გადაამოწმე და ქალაქიც აშენდებააა! - მხატვარმა სიცილით მიუჭახუნა ჭიქა. - უჰ, მაგარი ბრენდია!
LEX. 2017 წლის 2 მაისი, სამშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1902936586615296

No comments:

Post a Comment