Monday, January 22, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 52)

52.
პიპა ტკბილ სიზმრებში გაეხვია. ცხოვრებისგან დათრგუნულს, ასე ბედნიერად არასდროს უგრძვნია თავი. ხშირად ისეთი კოშმარიც დასიზმრია, რომ დასვენების მაგივრად დილით, საშინლად დაღლილი იღვიძებდა. ახლა კი, ჩაძირული უცნაურ სიზმარში, თავს ბედნიერად გრძნობდა. გულს მოწოლილი მძიმე ლოდი, სადღაც გამქრალიყო. მისი სხეული მსუბუქად, საპნის ბუშტივით მიიწევდა სივრცეში, სადაც უამრავი ხალხი ირეოდა. თითქოს მიწას ფეხს არც აკარებდნენ, ისე ირწეოდნენ ჰაერში, სახეებს წესიერად ვერც არჩევდა და სულ წინ, წინ მიცურავდა. თანდათან ხალხის ბრბომ იმატა, მერე თითქოს სივრცეში ადგილი აღარ იყო და ახლა პიპამ დაბლა იწყო დაშვება. რაც უფრო ძირს მიიწევდა, მით უფრო სწრაფად მიჰქროდა ქვემოთ, სადღაც უფსკრულში. რაღაც უცნაურად დაეღო პირი სიბნელეს, არაფერი ჩანდა, მხოლოდ საშველად ამოწეული ხალხის ხელის თითებიღა მოჩანდა.
ზემოთ, შორს, ღია კარიდან შემოჭრილი სხივის სიკაშკაშე, წყვდიადს თავზე ზოლად გასდევდა. პიპას ცოტა უკლდა და სულ ჩაეშვებოდა სიბნელეში, მაგრამ ნათელმა სხივმა ხელი ჩასჭიდა და ზემოთ ამოაძვრინა. მთელი ამ ხნის მანძილზე, რაღაც სასიამოვნო სურნელი, სულ ცხვირში უღიტინებდა და რაღაც მოტკბოდ, ოდნავ წვავდა ყელში.
თანდათან ყველაფერი განათდა. ზემოდან წყვდიადი, ახლა უკვე, სულ პატარა წერტილივით მოჩანდა. სხივმა ფერი იცვალა და ხორციც შეისხა, ადამიანად იქცა, მერე თვალებში ჩახედა, მოხუცის სახე იცნო, უღიმოდა, პიპას ბედნიერებისგან სუნთქვა ეკვროდა, ბაბუსთან ერთად დაჰქროდა და მეტი, რაღა უნდოდა?
მოულოდნელად, ბაბუმ ხელი ჰკრა და იმ ღია კარში შეაგდო, საიდანაც ასეთი დიდი სინათლე გამოდიოდა, თვითონ კი სადღაც გაქრა, ჰაერს შეერია. ბიჭი მთელი ძალით ცდილობდა დაეძახა, დაეყვირა, მაგრამ პირი თითქოს ამოკერილი ჰქონდა. პიპამ მთელი ძალა მოიკრიბა, მაგრამ ძახილის მაგივრად რაღაც მოგუდული ღმუილივით აღმოხდა:
- ბაბუ!
არავინ გამოეხმაურა. იქნებ არც უყვირია და ის ღმუილიც სიზმარში იყო?
„ყველაფერი სიზმარი ყოფილა, როგორ გამიხარდა, ეჰ, ბაბუ რა კარგად იყო.
ყველაფერი ტყუილი ყოფილა.
ისევე, როგორც მთელი ჩემი ცხოვრება.
ტყუილი! ყველაფერი ტყუილი!
ის რაღაც სასიამოვნო სუნი კი ტრიალებს მაინც ოთახში.“
საამო სურნელი მართლაც იდგა ოთახში. ბაბუს საწოლთან ახლოს საკმეველი ოდნავ ბოლავდა. ჯერ ისევ ბნელოდა, გათენებამდე დიდი დრო იყო, მამაოს სანთელი აენთო, ლოცვებს კითხულობდა.
ბაბუ საშინლად ხვნეშოდა. მისი სიცოცხლე უკანასკნელ საათს ითვლიდა...
შეიძლება წუთებსაც...
„ოღონდ ახლა ისევ მოიხედოს, ისევ დადგეს ფეხზე და ყველაფერს მოვუყვები, არაფერს დავუმალავ!
მერე და როგორ აინტერესებდა რა მოხდა მაშინ, იმ სახლში, რატომ წამოვედი იქედან, ისე რომ...
თვალს ვეღარ ვუსწორებდი, საზიზღარი გავხდი, თითქოს მასაც რამეს ვერჩოდი.
როგორ უხმოდ გამიგო და ამიტანა.
ელოდებოდა, ადრე თუ გვიან ხომ მაინც ვეტყოდი ყველაფერს.
ჰოდა, ახლა ადგეს და მოვუყვები!
ყველაფერს მოვუყვები! არაფერს დავუმალავ!
ღმერთო, ყველამ როგორ უნდა მიმატოვოს!“
პიპას დიდი მომავალი ჰქონდა, მაგრამ აქაც ბედმა უმტყუნა. უკვე მერამდენედ, ცხვირწინ მიუჯახუნა იმედის კარი. ის დაწმენდილი თვალებიც, ისევ ისე, ძველებურად აემღვრა და აუელვარდა და სწორედ ეს შენიშნა მაშინ მოხუცმა, როცა იმ სახლიდან წამოსული, გიჟივით შემოიჭრა ბაბუს ოთახში.
გოგონას ბებიას, გულით უნდოდა პიპასგან კარგი მუსიკოსი გამოსულიყო. წვრთნას არ აკლებდა, ბიჭიც კი რაც შეიძლებოდა, უფრო და უფრო მეტს შრომობდა არ ეზარებოდა. სკოლაშიც კარგად ჰქონდა საქმე, სწავლას უფრო მეტად დაეწაფა. ბოღმა და დარდი, სიხარულმა და ბედნიერებამ შეუცვალა.
გოგონას მამას, თავიდან არ მოსწონდა, ვიღაც უთვისტომო ბიჭის, ასეთი ხშირი სტუმრობა მათთან, მით უმეტეს, თუ მთელი სახლი თავს ევლებოდა. ბებია კი, თითქოს ამ უცხო ბიჭს, უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა, ვიდრე თავის საკუთარ შვილიშვილს. გოგონას მამა, ამაზე უფრო მეტად ღიზიანდებოდა და ბუზღუნებდა:
- რას შემოიჩვიეთ ეს უცხო ბიჭი? რა იცით ვინ არის და რა ჯიშის არის?!
მაგრამ მოგვიანებით თავად დაუმეგობრდა. მოეწონა ეს გამჭრიახი, ნიჭიერი და სწავლას მოწყურებული ბიჭი და თავადაც ისე ძლიერ შეეჩვია, რომ მოვიდოდნენ თუ არა მასთან სტუმრები, ბებიას მოსწავლეს ააცლიდა და თავის კოლეგებთან ერთად მეცნიერული ნაშრომების გასწორებასაც კი ანდობდა. პიპა აქაც იშვიათ ნიჭს ავლენდა და ტოლს არ უდებდა უფროსებს.
იყო შემთხვევები, როდესაც უცხო სტუმრები პიპას საკმაოდ ძლიერ შეფასებას აძლევდნენ და კარგადაც შეაქებდნენ:
- უთუოდ, მამის ნიჭი გამოჰყვა. გარეგნულადაც მამის ასლია, აი რას ნიშნავს გენეტიკა!
ბიჭი დარცხვენით გახედავდა გოგონას მამას და დარწმუნებული იყო, ის იტყოდა, რომ ეს ბიჭი, სულაც არ არის ჩემი შვილიო, მაგრამ რატომღაც კაცი, ღიმილით გადაუსვამდა თავზე ხელს და ამაყად შეიფერებდა. თითქოს მოსწონდა კიდეც, ასეთი კარგი ბიჭის მამად, რომ სთვლიდნენ.
ერთ მშვენიერ დღეს კი, ეს ყველაფერი დაინგრა. პიპას ბედნიერებას, კიდევ ერთხელ გამოეცალა ძირი და ისევ ისე, სადღაც ჰაერში გამოკიდებული, უიღბლო ბედის ანაბარა დარჩა.
„როგორც იქნა, მორჩა კითხვასა და ლუღლუღს!
სკამებიც კედელთან დაუწყვია, მაგიდაც გვერდით გადაუდგამს.
თავი, ვინ ჰგონია?!
რას უფროსობს, ამ ბაბუს ოთახში?!“
მოძღვარი ოთახს, თავის ჭკუაზე აწესრიგებდა. ბიჭი ბრაზით ადევნებდა თვალს.
ოთახში ვიღაცამ შემოიხედა, კიდევ რამდენი სკამი გინდათო?
ახლაღა შენიშნა, დამლაგებელი ქალიც და ისიც მამაოს ეკითხებოდა, კედლის ძველ, ნახევრად დაბრეცილ სარკეზე, თეთრი ზეწარი უკვე ჩამოეფარებინა, თუ ჯერ არა.
„ვაიმე!“
ახლა კი იკადრა წამოდგომა და მამაოს თვალებს შეეფეთა, მანაც უხმოდ ოდნავ დაუქნია თავი, დასტურის ნიშნად. ერთ ადგილას გაქვავდა, არც ბაბუს საწოლისკენ გახედვაც უნდოდა.
რა უნდა გაეკეთებინა? ეყვირა? ეღრიალა? ბაბუს საწოლზე დამხობილს ეტირა, თუ გარეთ გავარდნილიყო?
გულით უნდოდა ვინმე მიშველებოდა, რჩევა მაინც მიეცა, მაგრამ არავინ იყო მისი შემწე და მფარველი და უკვე აღარც არავის ენდობოდა.
მამაომ დაბნეულ ბიჭს ქურთუკი მიაწოდა:
- გარეთ ცივა, ახლა შენი ავადმყოფობის დრო არ არის! - თითქოს ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა.
პიპამ უხმოდ ჩაიცვა.
„ჯერ ბაბუ წესიერადაც არ გაციებულა და ეს უკვე, გარეთ მაგდებს?
თანაც, ჯერ ისევ ბნელა.
გათენებასაც აღარ დაადგა საშველი.
ვაი, შენ ჩემო თავო.“
მოულოდნელად, ძლიერი ფშვინვა შემოესმა, თითქოს ხრიალებდა, თითქოს...
- გადი გარეთ! - მამაომ მკაცრად შეხედა დაბნეულ ბიჭს.
პიპა შეცბა, მის თვალებში რისხვამ იელვა.
მამაო მიხვდა, ზედმეტად მკაცრად მოუვიდა და ახლა უფრო მშვიდი, თბილი ხმით მიმართა:
- შორს არ წახვიდე, დაგიძახებ... მალე.
ბიჭმა ცოტათი შვებით ამოისუნთქა. მიხვდა, რომ სახლიდან კი არ აგდებდნენ, მხოლოდ ოთახიდან გასვლას სთხოვდნენ.
ქურთუკი ძველი იყო, გარედან ფერი სულ გახუნებოდა. სამაგიეროდ, შიგნიდან საკმაოდ დათბილული და რაღაც სასიამოვნო სურნელი ასდიოდა, სადღაც იმასაც წააგავდა, მამაო რომ საწოლთან უნთებდა ბაბუს. ასეთი თბილი ქურთუკი, არასდროს სცმია. გარეთ მართლაც საშინლად ყინავდა. ნოემბრის სუსხი, ძვლებში მწარედ ატანდა. პიპას ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და სიცივისგან აკანკალებულმა, სიგარეტის მოწევაც კი ვერ შესძლო.
ჩამუქებული ცაზე, თანდათან მტრედისფერმა იმატა.
ბაბუმ, გამთენიისას მიაბარა სული ზეცას და ახლა მისი სხეული იყო მზადებაში, მიწასთან მისაბარებლად.
უამრავმა ხალხმა იწყო მოსვლა. კარის ზღურბლთან ატუზული ბიჭი, სამძიმრებს უხმოდ  იღებდა.
„აქამდე სად იყავით? ასე გამოხატავთ გვამის პატივისცემას?
ცოცხალი კი არ გინდოდათ.
მთელი ცხოვრება ციხის საკანი ხეხა.
ერთხელაც კი არ მოგიკითხავთ, არც იმ დროს და არც მის მერე! შიმშილით როცა კუჭი გვიხმებოდა, ერთმანეთს ლუკმას, რომ ძლივს ვუყოფდით, სად იყავით  მაშინ?! სად?!“
პიპას ყველა და ყველაფერი აღიზიანებდა. გულს ურევდა ეს ფარისევლობა, მაგრამ უხმოდ იტანდა.
ყველაზე მეტად კი ის შლიდა ნერვებზე მამაოც, რომ მისი „ოჯახის“ წევრივით იღებდა სამძიმრებს.
LEX. 2016 წლის 6 დეკემბერი, სამშაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1828592927382996

No comments:

Post a Comment