Tuesday, January 30, 2018

მებაღე (ნაწილი 37)

37. 
/დასასრული/
ეზოში უფრო მეტად იმატა ხმაურმა. ხმაურს სროლაც მოჰყვა. სარდაფის ლუქიდან ამომძვრალმა პატრონმა მხოლოდ იმას მოჰკრა თვალი, თუ როგორ მიარბენინებდა ვიღაც დადას.
უგოს გეგმის მიხედვით, დადა საძინებლიდან უნდა გაეტაცებინათ, რადგან გზა მხოლოდ მან იცოდა, თავად ისურვა ამ საქმის შესრულება, თუმცა მარტოს მაინც ვინ გაუშვებდა და უკვე წინასწარმიჩენილი ორი ბოშაც გააყოლეს თან.
უგომ იმდენი მოახერხა, რომ ერთი ბოშა ქვემოთ დატოვა და უკან გამოსვლისას გამოასალმა სიცოცხლეს. მეორეს კი ზემოთ, დადას საწოლ ოთახში შესვლისთანავე გამოსჭრა ყელი.
პატრონი სირბილით დაედევნა. უგომ საშიშთვალებას დადა მიუყვანა. კაცი სიხარულით აღარ იყო, მხოლოდ ერთი გაღიმება მოასწრო და უგოს ხელიდან ნასროლმა ტყვიამ შუბლიც გაუხვრიტა. 
პატრონი იმ დროს წამოეწია, როცა უგომ გულწასული დადა ხელში აიყვანა.
წამით მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა, ორივეს ერთმანეთისკენ ჰქონდა იარაღი მომარჯვებული, თუმცა გასროლას არც ერთი არ ჩქარობდა.
წამი თითქოს საუკუნედ იქცა.
სახლის მხრიდან ზეკის ღრიალი და სროლის ხმები მოისმა.
უგომ ნელ-ნელა იწყო უკან სვლით დახევა. პატრონმა კიდევ ერთ წამით შეაჩერა მზერა. მერე სწრაფად აქცია ზურგი და ზეკის დასახმარებლად ალმოდებულ სახლში შევარდა.

***
დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს ვერ მოდიოდა დადა გონს.
ისტორია განმეორდა.
კიდევ ერთხელ შეესწრო თავისი ოჯახის დარბევასა და განადგურებას.
ისევ განმეორდა წივილ-კივილი, სროლა, ხანძარი.
ისევ მოულოდნელად მოვლენილი მშველელი და ღამით სადღაც გაქცევა და გადახვეწა.
ეს ორი ამბავი ერთმანეთისაგან მხოლოდ დროთი და ალაგით განსხვავდებოდა, დანარჩენი ყველაფერი კი იგივენაირად ერთმანეთს მიჰყვა.
მის მეხსიერებაში იჩინა ბავშვობის დროინდელმა ტრაგედიამ, რომელიც თავის დროზე თავადვე მიჩქმალა გონებაში და ისე დაივიწყა, რომ აღარასდროს იხსენებდა
ან იქნებ უკვე მართლაც არც არაფერი ახსოვდა.
საოცარი ისიც იყო, რომ დადას არასდროს არაფერი არ ეუცხოებოდა, ადვილად ეჩვეოდა ყველას და ყველაფერს.
ალბათ ამიტომაც, ასე მარტივად, პირველი დანახვისთანავე შეეგუა პატრონს და მის მერე მასთან ერთად განვლილ ცხოვრებას ბედნიერად წლებად სთვლიდა.
თავისდაუნებურად გამოიმუშავა ის აზრი, რომ ყოველი ახალი დღე, ახალი ცხოვრების დასაწყისია და ის რაც უკვე მოხდა, წავიდა და წასულმა დრომ ჩაიბარა.
კიდევ ერთხელ განმეორდა ისტორია. 
ისევ უშველეს. 
ისევ ტყეს შეაფარა თავი.
ისევ ახალი ფურცლიდან უდა დაეწყო ცხოვრება.
ძველი მამულისკენ გახედვაც აღარ უნდოდა და საბოლოოდ მიივიწყა იქაურობა.
შემორჩენილი სახლის ნანგრევები ხავსს შეეჭამა. ხანძრისგან გადამწვარი ერთ დროს ულამაზესი სამოსახლო, გაპარტახებული და განადგურებული წლების მერე ძლივს გაიყიდა. ძალიან იაფად მამული ვიღაც ხეიბარ მარტოხელა მოხუც კაცს შეუძენია და მონასტრისთვის გადაუცია. ამით იმ ალაგზე ყველა ისტორია და მოგონება დავიწყებას მიეცა.
დადა სულ სხვა ალაგზე, სულ სხვა მხარეს პატარა, ლამაზ სახლში ცხოვრობდა. არც მამული და არც სახლი არ იყო ისეთი უზარმაზარი, როგორშიც პატრონთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ყველაფერი ლამაზად და კოხტად იყო მოწყობილი. ბავშვებიდან ზოგი დადას ჰგავდა, ზოგიც უგოს. დადა ბედნიერი იყო. თავისი ოჯახის სიხარულით ხარობდა.
ერთ დღესაც ეზოს ძონძებში გახვეული მოხუცი მათხოვარი მოადგა.
დადა ადგილზე გაიყინა. 
გული შეუქანდა. კვლავ ისტორიის განმეორებას ჰქონდა ადგილი.
ამ მხარეში ცოტა მოსახლე იყო და არც სიმდიდრით გამოირჩეოდნენ, ამიტომ მათხოვრებიც არასდროს სტუმრობდნენ აქაურობას.
მოხუცმა ბავშვებს მარტო წყალი გამოართვა. საკვებზე უარი უთხრა და ძალიან ნელი ჩანჩალით გზას გაუყვა. სიარული საშინლად უჭირდა, ერთ მხარეს ჯოხზე დაყრდნობილი მეორე ფეხსაც ძლივს მიათრევდა. 
დადა მოხუცისკენ წამოვიდა. იფიქრა, ალბათ თუ ბავშვებმა წესიერად პურიც ვერ შესთავაზესო.
მოხუცი მათხოვარი უკვე გზას დადგომოდა. ჭიშკართან კი მათხოვრის აბგა ეგდო. 
დადა ძლიერ შეწუხდა. დარჩენია საცოდავსო და აბა თავად როგორ გააგონებდა. ამიტომ გადაწყვიტა დავეწევიო და გადავცემო, მოხუცი უკვე თვალს ეფარებოდა. დადა აბგას დასწვდა, მაგრამ მისდა გასაოცრად ძვრა ვერ უყო.  უნებურად აბგას თავი მოეხსნა
მზის შუქზე თვალის მომჭრელად ალივლივდა ოქროს ზოდები.
LEX. 2016 წლის 26 მარტი, შაბათი
გმადლობთ ყველას ვისაც მოგწონდათ და კითხულობდით :) 
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1722850697957220/?type=3&theater

No comments:

Post a Comment