Sunday, January 21, 2018

მებაღე (ნაწილი 23)

23.
ნახევარ წელზე იყო მეტი გასული და პატრონმა მებაღის კვალს ვერსად მიაგნო. ძალიან შორს და ბევრ ალაგს დააგზავნა ხალხი, მაგრამ უგოსნაირ კაცს არავინ იცნობდა. ან იქნებ სულაც კარგადაც კი იცნობდნენ და შიშით მალავდნენ.
შესაძლოა დადას დღიურს ბევრ რამეზე მოეფინა ნათელი. პატრონი ინტერესით კვდებოდა, ერთი სული ჰქონდა, ისე ძლიერ უნდოდა წაეკითხა, რას წერდა დადა.
მაგრამ ჯერ კიდევ მაინც ვერ ბედავდა უსაყვარლესი შვილობილის მის უკითხავად სულში ქექვას.
ღამეები არ ეძინა. ზოგჯერ მტკიცედ გადაწყვეტდა, რომ უთუოდ უნდა წაეკითხა, მაგრამ მერე ამის გაფიქრებაზეც კი უხერხული შეგრძნება ეუფლებოდა, სადღაც თითქოს მოღალატის ამპლუაშიც კი გრძნობდა თავს.
დღეები ისევ გაიწელა. პატრონის თხოვნით ზეკი უკვე საბოლოოდ გადმობარგდა მამულში, თუმცა წესიერად არც არაფერი უკითხავს. იქნებ ფიქრობდა, რომ საბოლოოდ მაინც დადას გვერდით უნდა ეცხოვრა და გოგონას მორჯულებასაც დადგომოდა ბოლოს და ბოლოს საშველი.
ზეკსაც აწყობდა მამულში გადმოსვლა. ბოლო დროს ძალიან არეულად იცხოვრა. ხშირად ლოთობდა და თამაშსაც მიჰყო ხელი. საკმაოდ დიდი თანხაც წააგო, ზედ ქალაქის სახლიც მიაყოლა. ცალკე მევალეები კიდევ გულს უწყალებდნენ და სანამ ახალ სარფიან საქმეს მოიგდებდა ხელთ, მანამდე პატრონის ფრთის ქვეშ გაყუჩება ამჯობინა.
უგოს ამბავს ჯერ კიდევ უმალავდნენ. პატრონმა კარგად იცოდა მისი ფიცხი ხასიათი. ზეკი უთუოდ რაღაც ახალ ხიფათს გადაეყრებოდა, ვიდრე რაიმე სარგებელს მოუტანდა ოჯახს, მით უმეტეს, რომ მებაღე ზეკს დიდად არც ეპიტნავებოდა და ასეთი მდგომარეობის მერე კი სულ ცუდ ხასიათზე იყო. უკმაყოფილოდ დაბორიალებდა მამულში. უფრო მეტად თავის თავზე გაბრაზებული ყველაზე და ყველაფერზე იღრინებოდა. უმიზეზოდ აძლევდა მსახურებს შენიშვნებს. სულ რაღაცას ბურდღუნებდა და აღარც დადა დაჰყავდა სანადიროდ, თუმცა არც დადა იკლავდა თავს.
დადას ნადირობის ინტერესი სრულიად დაჰკარგვოდა. რაღაც ახალს აიჩემებდა, თითქოს მთელ სულსა და გულს ჩააქსოვდა და მერე კი უცებ ანებებდა თავს და ისე აქცევდა ზურგს, რომ საერთოდ აღარც იხედებოდა იქეთ.
პატრონი ყველანაირად ხელს უწყობდა დადას ახალ-ახალ ახირებებს, ფიქრობდა რომ ახალ ინტერესებს იქნებ ისევ ის ძველი დადა დაებრუნებინა, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო და არაფერი იცვლებოდა. ძველი მხიარული დადა სადღაც გამქრალიყო და შორს გადაკარგულიყო.
თითქოს უგოს კვალს გაჰყოლოდა და უკან მობრუნებას აღარ აპირებდა.
დადამ ახლა სამზარეულოში ყოფნას მოუხშირა. სხვადასხვა კერძისა თუ დესერტის მზადებით იყო დაინტერესებული. პატრონსაც უხაროდა. კარგია თავსაც გაირთობს და ბევრ რამესაც ისწავლისო. იარაღის ტრიალს და სანადიროდ სიარულს ისევ სამზარეულოში ყოფნა სჯობდა, საფრთხეც ნაკლები იყო და პატრონსაც გული მშვიდად ჰქონდა.
სინამდვილეში კი დადა უგოს ამბების გასაგებად უფრო შედიოდა იქ.
ერთ დღესაც სრულიად შემთხვევით მოჰკრა ყური, როგორ ჩუმად ჭორაობდნენ ძველმანებში გამოწყობილ გაბურძგნულ, მაგრამ თურმე საკმაოდ სიმპათიურ და ვნებიან მებაღეზე და მასე მერე მოუხშირა სამზარეულოში სიარულს და იქიდან გამოსვლაც აღარ უნდოდა.
იყო თავისთვის ჩუმად. თავი ისე ეჭირა, თითქოს მეტყველებასთან ერთად სმენაც დახშული ჰქონდა, თან კერძს ამზადებდა და თან ყურებ დაცქვეტილი უსმენდა უგოს მოტრფიალე მოსამსახურე ქალების ქაქანს.
პატრონი ჯერ კიდევ ვერ ბედავდა დადას დღიურის წაკითხვას. რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო ადგილს ვერ პოულობდა, ძალიან გულით კი უნდოდა წაკითხვა, მაგრამ სამზარეულოდან დადა ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ამოსულიყო, ამიტომ მეტი სიფრთხილე იყო საჭირო.
ერთ დღესაც რაღაც საქმე მოიმიზეზა. ზეკი ქალაქში გააგზავნა და თან დადაც გააყოლა, დადას კი ცალკე დავალება მისცა. გოგონა სიხარულით დათანხმდა,
ზეკი კი საშინლად აბუზღუნდა.
- იცოდე! კიდევ რაიმე ოინბაზობა არ მომიწყო! - კატეგორიულად აფრთხილებდა გოგოს და თან ცალი თვალი პატრონისკენ ეჭირა აბა ხომ მეთანხმებაო.
,,როგორც იქნა.’’
გაიფიქრა პატრონმა, როცა ზეკის მანქანა თვალს მიეფარა. ლამის სირბილით აირბინა კიბე. გალერეაში შესვლილისას აქოშინებული კარის სახელურს ჩაეჭიდა. ძლივს მოიბრუნა სული.
ცოტა ხანს ისევ ეჭვი შეეპარა.
,,ნუთუ შეიძლება ადამიანს, როცა პატივს სცემ მის სულში უნებართვოდ ჩაუძვრე?
ეს უსინდისობა და ღალატია მის მიმართ, მაგრამ...’’
პატრონი კარს მოსწყდა. თაროდან ის დიდი, სქელტანიანი წიგნი ჩამოიღო და კითხვას შეუდგა.
ფურცლავდა და თან გულში საკუთარ თავს სულ უნამუსოს, უსაყვარლესი ადამიანის სულის მოღალატეს უწოდებდა, მაგრამ მაინც ვერ ჩერდებოდა ისევ აგრძელებდა კითხვას.
LEX. 2016 წლის 10 მარტი, ხუთშაბათი
P.S. წერილები გამოქვეყდნება მხოლოდ მკითხველთა თხოვნით  ☺
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1715670518675238/?type=3&theater

No comments:

Post a Comment