22.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1758255934416696
სავარძელში ჩათვლემილი მიმი, ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. შინაურმა არაყმა და მხატვრის დინჯმა საუბარმა ძილისკენ ისე წაიყვანა, რომ წესიერად არაფერი გაუგია.
ფიფოს ურეკავდნენ.
მორიგი მკვლელობა იყო.
- თუ გინდათ, წაგიყვანთ ორივეს?
მხატვარი ზანტად გაიზმორა.
ღამის სამი საათია იყო. აღარც ყავა, აღარც სიგარეტი და არყის ცარიელი ბოთლიც „უსიცოცხლოდ“ უმზერდა.
სახლში დარჩენას, ისევ ფიფოსთან ერთად წასვლა სჯობდა. მით უმეტეს, რომ უკვე დაინტერესებული იყო ამ საქმით.
მიმიმ ნამძინარევი თვალები შეავლო წამომდგარ ბიჭებს.
ფიფომ ღიმილით გადახედა:
- ამის წაყვანას რა აზრი აქვს, ტყუილად დაგვეტანჯება იქ.
- ხომ ვიცი, ზედმეტად სათრევი ბარგი არავის უნდა. -
წაილუღლუღა მიმიმ.
- რატომ ბრაზობ მიმი? დარჩი აქ და გამოიძინე. - უთხრა მხატვარმა.
- ჩვენ დილამდე მაინც ვერ მოვალთ! თანაც რამე გემრიელობასაც წამოგიღებთ, საუზმისთვის. - დაუმატა ფიფომ.
- შოკოლადის კრუასანები მინდა რაა... აქვე აცხობენ, სანამ შემოუხვევ...
***
ფიფომ გზაში მხატვარი გააფრთხილა, თავი ისე უნდა დაეჭირა თითქოს ასეთ საქმეზე, პირველად არ იყო. თანამშრომლებს კი ისე გააცნო, როგორც მის მიერ, სპეციალურად ამ საქმისთვის მოწვეული ფსიქოლოგი, რომელსაც მკვლელის ფსიქოლოგიური პორტრეტი უნდა შეექმნა.
- ვინ არის? სანდოა? -
გადაულაპარაკა ფიფოს, თანამშრომელმა.
- რა ვიცი, კი შეაქეს და... - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - ისე თუ არ ივარგებს, დავითხოვ! მაინც ჯერ საცდელი ვადით არის და უხელფასოდ მოუწევს მუშაობა! -
ფიფო მშვენივრად ცრუობდა, თუმცა აბა სხვა, რა უნდა ეთქვა.
მხატვარი მდუმარედ დაჰყურებდა მამაკაცის გვამს. სიკვდილი, ბუნებრივად ჩაითვლებოდა რომ არა მსხვერპლის სახეზე დაყრილი წამლის აბები, თუმცა დაყრილი კი არა, არამედ ფრთხილად შემოწყობილი ისე, რომ სახეზე, ერთ მთლიან ნახატს ქმნიდა, რომელიც ისევ და ისევ, იდეაში ნიღბის ვარიანტს წააგავდა.
და ისევ ნიღაბი...
მკვლელობის ფაქტი უტყუარი იყო.
თვითმხილველი კი არავინ. თითქოს, მსხვერპლის ბინიდან გამოსული კაცი კი შენიშნეს, რომელსაც მეზობელი ხან ადასტურებდა და ხანაც თავადაც ეპარებოდა ეჭვი, ნამდვილად დაინახა თუ არა.
ფიფოს ყველა გაფრთხილებული ჰყავდა, სანამ თვითონ არ მივიდოდა, მანამდე არავის ჰქონდა უფლება გვამი დაეთვალიერებინა, ამჯერად კი პირველი მხატვარი მიუშვა და ამას ახალი ექსპერიმენტი დაარქვა.
თანამშრომლებიდან არავის ესიამოვნა ვიღაც, მოუწესრიგებლად ჩაცმული, თმა გაჩეჩილი, უცხო პირის გამოჩენა და მათზე წინ დაყენება. უკმაყოფილოდ იდგნენ და ელოდნენ, როდისღა დაამთავრებდა ეს ვიღაც ექსპერტი, თუ ფსიქოლოგი თავის ექსპერიმენტულ დათვალიერებას.
მხატვარი კი არ ჩქარობდა, ისევ მდუმარედ იდგა დაჰყურებდა გვამს.
ცოტა ხანში, ფიფოსაც მოუთმენლობა დაეტყო. მალე გათენდებოდა კიდეც. თანამშრომლები გამწყრალი თვალებით შეჰყურებდნენ.
- აბა, რა გაარკვია ჩვენმა ექსპერტმა? -
ფიფომ უჩუმრად ჩაუკრა თვალი მხატვარს.
მხატვარი მიხვდა, ყველანი მას უცდიდნენ როდის გამოვიდოდა ოთახიდან და როდის მისცემდა სხვებს მუშაობის საშუალებას.
- ცოტა უნდა დავფიქრდე. ასე აბა რა გითხრა.
- კარგი, მანქანაში დამელოდე, მეც მალე მოვალ. - ფიფომ მხატვარს მანქანის გასაღები გაუწოდა და თავის ჯგუფს დანაშაულის ოთახში შეუძღვა.
იატაკზე გაწოლილი, ტრუსებისა და მაისურის ამარა შუახნეს გადაცილებული კაცი, ალბათ ას კილოს მაინც იწონიდა. დიდ, ფართე სახეზე სილურჯე იმდენად ძლიერად ეტყობოდა, რომ სახეზე შემოწყობილი აბებიც კი ვერ ფარავდა.
- ასფიქსიაა! -
მედ.ექსპერტმა გვამის მიახლოვებისთანავე დაასკვნა.
- გვითარგმნეთ, თუ შეიძლება! - ირონიული ხმით გადაულაპარაკა ერთმა თანამშრომელმა მედ.ექსპერტს. - ეს თქვენეული ტერმინები, ჩვენ, უბრალო ხალხს არ გვესმის!
მედ.ექსპერტი ქალი კი ყურადღებას არავის აქცევდა, მხოლოდ ფიფოს მოხიბვლით იყო დაინტერესებული. თან გვამს ათვალიერებდა და თან თავის პრობლემებზე, ცოტა შეფარული ფლირტით თავს აცოდებდა ფიფოს. უყვებოდა, თუ როგორ ვერაფრით ვერ მოახერხა ამდენი ხნის მანძილზე მანქანის შეძენა.
ძლივს მოაღწია აქამდე და როგორღა უნდა წასულიყო ასეთ დროს სახლში.
აქ მოუწევდა ყურყუტი, სანამ არ გათენდებოდა და ქალაქში ტრანსპორტი არ ამოძრავდებოდა და იმდენი იწუწუნა, სანამ ფიფოს სახლში გაცილება არ გამოსტყუა.
მანქანაში როცა ჩასხდნენ, ფიფო სწორედ მაშინ მიხვდა, თუ რაც ჩაიდინა.
ქალი უკვე აღარ ეშვებოდა, არც უცდია დაეფარა, ფიფოს მიმართ ინტერესი, აღარც მხატვრის ერიდებოდა აშკარად განაგრძობდა ფლირტს.
ფიფო მშვენივრად ხვდებოდა ქალის ზრახვებს, მაგრამ არავის გამო არ სურდა, მიმისთან ძლივს მოპოვებული ურთიერთობის გაფუჭება.
რამდენჯერმე მალულადაც კი გახედა მხატვარს.
ის კი ისე იყო ფიქრებში ჩაძირული, რომ საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას მანქანის სხვა მგზავრებს...
ან იქნებ, სულაც არ იმჩნევდა.
LEX. 2016 წლის 19 ივნისი, კვირა.https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1758255934416696

No comments:
Post a Comment