Monday, January 15, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 16)

16. 
მიმიმ მოუხშირა სამსახურში დაგვიანებასა თუ გაცდენას, თუმცა გასამართლებელი მიზეზი ისედაც ჰქონდა. ქალაქი კარგად უნდა დაეთვალიერებინა. სიძველეები აღებეჭდა და ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ არც დროში იყო შეზღუდული. ასეთი საინტერესო სამუშაო და თავისუფალი გრაფიკი ადრე არასდროს ჰქონია. სიხარულით დარბოდა უბნიდან უბანში და ყოველ ძველ, თუნდაც ჩამონგრეულ, თუ უკვე შელამაზებულ კუთხეებს აღწერდა. მხოლოდ იმ უბანს არ ეკარებოდა. იმის მერე, რაც ფიფო ასტუმრა, რატომღაც მხატვართანაც აღარ მისულა. ფიფოსაც სულ რამდენჯერმე შეხვდა და ფიფოც, იმდენად დაკავებული იყო, რომ მცირე ხნით ყავის დასალევად თუ იცლიდა.
ფიფომ ჩვილის უცნაური ამბავი მოუყვა. მართლაც რომ უცნაური იყო. ჩვილის ოჯახში მისული სტუმრები, ხშირად ცარიელი ჯიბით ბრუნდებოდნენ შინ. თავიდან ყველას, ჯიბეების ქურდი, ოჯახის უფროსი ეგონათ, მასზე მიიტანეს ეჭვი. თუმცა ვერ ამტკიცებდნენ, თუ ზუსტად სად და როდის დაკარგეს ფული. ასევე მეორდებოდა ჩვილის მშობლების სხვაგან სტუმრობის დროსაც. სტუმრებს საკიდზე დატოვებული ტანსაცმლის ჯიბეები, სულ ამოცარიელებული ხვდებოდათ. მასპინძლები ამის გამო, ხშირად წუხდნენ.
ერთ დღესაც, ამ ოჯახის სტუმრობისას, იგივე განმეორდა. მასპინძლები იმავე ღამესვე მიუვარდნენ სახლში და ოჯახის უფროსი, კარგადაც მიბეგვეს, ხოლო ცოლი და დედა, მხოლოდ შესაშინებლად გათოკეს, ბავშვისკენ არც გაუხედავთ.
- ჩვილის მამა, სულ იმას იფიცებოდა, არაფერ შუაში ვარო, მაგრამ უკვე ბევრჯერ შემჩნეულს, აბა ვინ დაუჯერებდა? - უყვებოდა ფიფო.
- ვერ გავიგე, არ იყო დამნაშავე?
- ჯერ თავდამსხმელები დააკავეს, მერე კი დაზარალებულიც ქურდობის ფაქტზე მიაყოლეს.
- უიიი.
- ჰო, მასეა, მოგვიანებით კი გაირკვა, ჩვილის დედის მანიაკალური ჩვევა - სხვისი ჯიბეების ამოსუფთავება ყოფილა თურმე.
- რა საშინელებაა!
- აბაა. როცა მეუღლე დააკავეს, სწორედ მაშინ აღიარა, მანამდე კი მსხვერპლის ამპლუაში გატრუნული იყო.
- რა უბედურებაა! ეს უბრალო ჩვევა კი არა შეგნებული დანაშაულია. ნუთუ ვერ უნდა აკონტროლო შენი თავი? ან თუ ჩაიდინე, მერე მაინც გამოასწორე, ისე რომ ნაკლებად შეგამჩნიონ! - აღშფოთებას ვერ მალავდა მიმი.
- სწორედაც, რომ იმ დანაშაულის მომენტს აქვს ცდუნება, თორემ მერე ძალიანაც კარგად ხვდებიან თუ რაც ჩაიდინეს! ვისაც უნდა შეუმჩნევლად გამოასწორებს, ვისაც არ უნდა და მიითვისებს! - უხსნიდა ფიფო.
- მერე უცდიათ როდესმე გამოსწორება?
- კი, ყოფილა მასეთი შემთხვევები და არა ერთხელ თავად დაუბრუნებიათ ნივთები და ბოდიშიც მოუხდიათ.
- მართლა? - ეცინებოდა მიმის.
- რატომღაც ხშირად ქალებს სჩვევიათ. ერთ შუახნის ქალს ვიცნობდი. ვერცხლზე ჰქონდა გართულება. ვისაც ესტუმრებოდა კოვზები, ჩანგლები და სხვა რამე რუმეებით აივსებდა ჩანთას, მეორე დღეს კი, ბოდიშებით აბრუნებდა.
- ჰა, ჰა. - მიმის გულიანად გაეცინა.
- ეს ნივთების მითვისების ჩვევაა, კონკრეტულად ნივთზე, მაგრამ აი ფულს კი, შეგნებულად იპარავენ და მერე თავის მართლების მიზნით, სწორედ ასეთ დაავადებას მოიშველიებენ. ფულს ეს არ ეხება, მხოლოდ ნივთებს, და არა აქვს მნიშვნელობა ის ნივთი ძვირფასია, თუ საერთო რამეში სჭირდებათ.
- რა საშინელებაა მაინც, რა!
- კი, სამწუხაროდ. - თავი დაუქნია ფიფომ. - თვალი თუ რამეს დაადგეს, სწორედ იმ ნივთის მითვისების პათოლოგიური სწრაფვაა და მოქმედება, ანუ მისი მოპარვაც იმპულსურად ვითარდება, ყოველგვარი წინასწარი დაგეგმვის გარეშე. ეს ნივთი მინდაო - ტვინში მსუნაგივით, მშიერი კატასავით გაუელვებს და ისეთ ნეტარებას, აუწერელ სიამოვნებას იღებს იმ მომენტში, რომ მოახერხა და უჩუმრად მიითვისა.
- თურმე რთული დაავადება ყოფილა, არადა ვითომ, რაღაც უბრალოდ ჩვევაა და...
- მართალი ხარ, საკმაოდ რთულია, რადგან მისი, როგორც დაავადების სრული კლინიკური სურათი არ არსებობს. მოპარვისას დაძაბულობის განცდა და ეიფორია უჩნდებათ, ხოლო იდეის განხორციელების შემდეგ კი, სიმსუბუქისა და კმაყოფილების შეგრძნება ეუფლებათ!
- და მერე, ექიმს რატომ არ მიმართავენ? - უკვირდა მიმის. - თუ არ იკურნება?
- ხშირად არ მიმართავენ, ხშირად კი არა თითქმის, არც მიმართავენ. გარკვეული შიშისა და სირცხვილის გამოც. იყო ხოლმე შემთხვევა, რომ ციხეში მოხვედრისას ზოგიერთი გამძაფრებული სირცხვილის შეგრძნების შემდეგ, სუიციდამდეც კი მისულა.
მიმი გაოგნებული უსმენდა და ემოციებს ვერ ფარავდა. ლამის ღამითაც ამაზე ფიქრობდა და მეორე დილით, სამსახურში მიმავალს, უსიამოვნო შეგრძნების ტალღამაც კი დაუარა, როცა ფიფოსთან ეს საუბარი გაახსენდა.
„მართლაც რა საშინელებაა...“
ფიქრობდა თავისთვის, როცა შუქნიშანზე ზომაზე მეტ ხანს გაჩერებულ მანქანას უკნიდან დაუსიგნალეს.
მიმი ფიქრებიდან გამოერკვა და მანქანა ადგილიდან დაძრა, თან ეღიმებოდა, ბოლო დროს უკვე მერამდენედ დაემართა ასე.
უეცრად მიმის ინტერესი ახალგახსნილმა კაფემ მიიპყრო. ვიტრინაზე დახატულ დიდ ყავის ფინჯანს, სასიამოვნო არომატი ისე ასდიოდა, თითქოს მართლა იგრძნობოდა კიდეც.
„ჰმ...“
ყავაზე გაახსენდა. ისე გამოვარდა სახლიდან არც გახსენებია, სანამ დედა ადგებოდა თავად მოიმზადა და მაგიდაზე ხელუხლებელი დარჩა.
კაფე მყუდრო ჩანდა. შესვლისთანავე ახალ კლიენტს სიხარულით მიეგებნენ, უგემოვნოდ ჩაცმული და სასაცილოდ გამოპრანჭული გოგონები. მიმიმ ხმამაღალი სიცილისგან ძლივს შეიკავა თავი და ყურებამდე გაუღიმა პატარა კეკლუც გოგონებს.
„მაკიაჟიც კი ერთნაირ ფერებში აქვთ, ალბათ ერთმანეთისგან ითხოვეს.“
ეღიმებოდა მიმის და ისეთი სახე მიიღო, რომ არაფერი შეემჩნიათ. ყელის სიმშრალე იგრძნო. საშინლად მოიღუშნენ, როცა მიმიმ მხოლოდ წყალი ითხოვა. უსიამოვნო სახით დაუდგეს ჭიქა ერთადერთ კლიენტს.
საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას, არც თუ ისე პატარა კაფე, უგემოვნოდ გაფორმებული ინტერიერი სიცარიელეს განიცდიდა. მენიუს ფასებით, ლამის რესტორანს უტოლდებოდა.
მიმი ჩაფიქრდა, თავად არ იცოდა რის შეკვეთა სურდა და არც ჩქარობდა. ღიმილ გამქრალ მომსახურე პერსონალს, უფრო და უფრო ექუფრებოდათ სახე. რაღაცას ერთმანეთში გაცხარებით ბჭობდნენ, თან მოთმინება დაკარგულნი, ხშირად იხედებოდნენ მიმისკენ, რომელიც შეკვეთას აგვიანებდა.
ბოლოს შეიცოდა გოგონები და იფიქრა ყავას მაინც შევუკვეთავო, თუმცა უკვე ისეთი მოჟამული სახით უყურებდნენ, რომ ამათი მომზადებული ყავაც, ასეთივე უგემური იქნებოდა, მაგრამ ვინღა დააცადა. მისკენ წამოსული გოგონა ისეთი სახით მოდიოდა, თითქოს მიმის მოხრჩობას აპირებსო.
- თუ არაფრის შეკვეთას არ აპირებთ, მაშინ უნდა ადგეთ და წახვიდეთ! აქ ასეთი წესია!
- ნუთუ ადგილები ასე შეზღუდულია? – მიმიმ ირონიით მოავლო თვალი ცარიელ კაფეს.
- თუ არაფერს არ ყიდულობთ, უნდა ადგეთ და წახვიდეთ! - გოგონას ხმა საკმაოდ მკაცრი იყო. - აქ დასასვენებელი ადგილი კი არ არის! რადგან არაფერს უკვეთავთ, მაშინ ადექით და წადით! - დაიწრიპინა ცივი გაყინული ხმით.
მიმიმ ღიმილით ჩახედა თვალებში და უსიტყვოდ ადგა.
„ამათ ვიღაც უფულო და მათხოვარი ხომ არ ვგონივარ?“
გამოსვლისთანავე კაფის გვერდით ძალიან პატარა, უფრო ჯიხურის მსგავსი, რაღაც უბადრუკი მარკეტი შენიშნა, შიმშილის გრძნობამ მწვავედ დაუარა. მიმიმ ლამის ჯიხური გაცალა, იმდენი რამ შეიძინა.
მოგვიანებით, სურსათით დახუნძლულმა მიმიმ ნიშნის მოგებით გადახედა კაფის ვიტრინიდან ხელმოცარულ, თვალებდაჭყეტილ გოგონებს.
„ლაწირაკები! იქნებ მართლაც არ მქონდა ფული... ან იქნებ, რა მიჭირდა?.. რატომ შემოვედი?.. ახია თქვენზე!“
მიმიმ ამაყად დაძრა მანქანა. დარწმუნებული იყო, რომ წყვილ-წყვილი თვალები, კვლავ უმზერდნენ ვიტრინიდან, სანამ მისი მანქანა თვალს არ მიეფარებოდა, თავიანთ ერთადერთ, თავადვე, ცარიელ კაფედან გამოძევებულ კლიენტს.
მხატვარი შინ არ დაუხვდა და მიმის გაუხარდა კიდეც. რამე გემრიელს დაახვედრებდა. ერთხელ მაინც, თავად გაუმასპინძლდებოდა მეგობარს.
დრო გადიოდა, მხატვარი მოსვლას არ ჩქარობდა. მიმიმ მარტოობით ისარგებლა, გულდასმით ათვალიერა ნამუშევრები. კედელზე დაკიდულ ვენეციურ ნიღბებთან ცოტა უფრო დიდხანს შეყოვნდა.
„მაინც რა არის ეს ნიღბები? იდუმალება... მის უკან ამოფარებული დამალული, შეშინებული სახე, თუ ბოროტმოქმედი კეთილი ნიღბით? ჰმ, ფიფოც როგორ დავაინტერესე.“
მიმის ეღიმებოდა.
„დღეს რაღაც არ დაურეკავს, როგორ მოხდა?“
ფიქრებიდან, კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა. მიმი შედგა. არ იცოდა გაეღო თუ არა. ალბათ, ვინმე უცხო თუ იქნებოდა, რადგან ლამის ყველა ახლობელმა იცოდა, რომ კარი არ იკეტებოდა.
კარის გაღებისთანავე მიმიმ ლამის, გაოცებისგან შეჰყვირა. კარს იქეთ, არანაკლებ გაოცებული ფიფო იდგა.
LEX. 2016 წლის 1 ივნისი, ოთხშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1751240831784873

No comments:

Post a Comment