Monday, January 15, 2018

მებაღე (ნაწილი 13)

13. 
- უგო მქვია, ბატონო. - ძლივს გასაგონი, ყრუ ხმით წარმოსთქვა მებაღემ ისე, რომ თვალიც არ დაუხამხამებია.
პატრონი უფრო მეტად ჩააშტერდა.
,,ბრიყვო! ვინ გგონივარ?!’’
გაივლო გულში.
ხმამაღლა კი სულ სხვა რამ უთხრა:
- უგო! მშვენიერი სახელია, უგოო და სხვათა შორის მშვენივრადაც გამოიყურები! - სახე გაებადრა პატრონს. - ჰო! კარგად გამოიყურები და არა ისე, როგორც უბადრუკი მებაღე, თუ არ ჩავთვლით იმ ინციდენტს, რის გამოც ახლა, აქ იმყოფები.
პატრონის რბილ ხმაში ცინიზმი და შეფარული სიმკაცრე იგრძნობოდა, თუმცა მებაღეს წარბიც არ შეურხევია.
პატრონიც ისე კუშტად შეჰყურებდა, თითქოს თვალის დახამხამების საშუალებასაც კი არ აძლევდა.
,,ჰმ, კარგად კი ჰყოლიათ გაწვრთნილი.’’
არც ისე ადვილად შესაშინებელი კაცი ჩანდა. ადვილი კი არა, ისეთი მშვიდი სახით უსწორებდა თვალს პატრონს, რომ ჩანდა საერთოდაც ვერაფერი შეაშინებდა.
საკმაოდ სიმპათიურ, ახალგაზრდა კაცისთვის, რთული არ იყო მოეხიბლა საწინააღმდეგო სქესი, მით უმეტეს კი დადას მოხიბვლას რა უნდოდა?
,,ესეც კარგად გაუთვლიათ, ყოველი მხრიდან უნდათ გამანადგურონ! დამაცადონ, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ ვის შეეჭიდნენ!“
ფიქრობდა პატრონი და გამჭოლი მზერით აკვირდებოდა მებაღეს, რომელიც გასაოცარი სიმშვიდით ელოდა განაჩენს.
პატრონის ერთადერთი სითბო და ნუგეში დადა იყო. ბავშვობის მერე, მხოლოდ ამ გოგონასთან იგრძნო ის, რასაც მშობლიურს უწოდებენ, თუმცა არც მისი მშობელი იყო და არც სისხლით ნათესავი. სამაგიეროდ ზეკი იყო მისი ერთადერთი ნათესავი. არ უყვარდა ეს ბიჭი, ზოგჯერ საშინელი აუტანელიც კი იყო, მაგრამ რადგან თუნდაც ერთი წვეთი სისხლი აკავშირებდა მასთან, თავს მაინც ვალდებულად თვლიდა ბოლომდე მიეხედა.
ზეკის დაბადებასაც შეესწრო. ჩვილი ხელში დააჭერინეს. სიტყვაც კი დაადებინეს, რომ სამუდამოდ მისი პატრონ-მფარველი იქნებოდა და არასდროს მიატოვებდა განსაცდელში.
ასეთი იყო მაშინდელი ბანაკის წესი. იმ ბანაკისა სადაც პატრონი იზრდებოდა. შერეული დიდი დაჯგუფება, აღვირახსნილი ყაჩაღთა ბრბო და ასევე დაუნდობელი ბოშათა ბანდა. არავის ახსოვდა ასე როდის გაერთიანდნენ. როგორც წესი, ბოშები თავის ბანაკს ყოველთვის იცავდნენ და უცხოს ასე ადვილად არ აჭაჭანებდნენ, აქ კი რაღაც გარიგებისა თუ საერთო საქმიანობის წყალობით ისე შეერივნენ ერთმანეთს, რომ ხშირად უჭირდათ კიდეც გარჩევა ვინ რომელი სისხლისა იყო.
პატრონიც იქ იზრდებოდა, ისევე როგორც ზეკი, თუმცა ყოველთვის განსხვავდებოდა მათგან საკმაოდ ჭკვიანი, გამჭრიახი და კარგად ნაკითხი. ყველაფერ ამასთან, ბოშა ბებიის წყალობით დაჯილდოვებული იყო წინასწარ განჭვრეტის უნარით. ადვილად შეეძლო გამოეცნო სხვათა აზრები, ამის უნარი ისედაც გააჩნდა და ბებიაც ხშირად უტარებდა ცხოვრების გაკვეთილებს, იმ ცხოვრებისა, რომელშიც მაშინ ცხოვრობდა და თავიც უნდა გაეტანა.
საათობით დაისვამდა კარავში. თვალებს დაახუჭინებდა და მთელი დღის განმავლობაში ნანახსა თუ გაგონილს თავიდან გაანალიზებინებდა. აიძულებდა მოეძებნა თუნდაც პატარა შეცდომა, რის გამოც გული ეტკინა ან რაიმე დაშავდა, თუნდაც უმნიშვნელო რამ. ამ ძიებაში მთავარი მიზეზი იყო და არა უკვე მომხდარი და ჩადენილი. და არა მარტო თავის თავზე, არამედ ყველაზე და ყველაფერზე უნდა მოეძებნა ახსნა და გაერკვია მიზეზი.
კითხვაც ბებიამ ასწავლა, თუმცა თავად ძალიან უჭირდა. ზოგჯერ ძლივს-ძლივობით დამარცვლით უკითხავდა, ზოგჯერ კი სხაპასხუპით. პატრონი პატარაობიდანვე მიუხვდა ბებიას ეშმაკობას, რასაც კარგად უკითხავდა ის უკვე დამახსოვრებული ჰქონდა და ზეპირად ჰყვებოდა. მერე, როცა თავად ისწავლა კითხვა, აქეთ უკითხავდა სქელტანიან წიგნებს. ბებია კი გულისყურით უსმენდა თავის ერთადერთ შვილიშვილს და გული სიამაყით ევსებოდა.
ზეკი ბებიას ოჯახიდან იყო, თუმცა მისგან განსხვავებით წმინდა სისხლის ბოშა ბიჭი იყო. ამაყი კუშტი, შეუპოვარი და ამპარტავანი. პატრონი ძალით დაისვამდა კარავში და ასმენინებდა წაკითხულს. მას კი ერთ სული ჰქონდა, დროზე დაეძვრინა თავი და გარეთ გავარდნილიყო.
პატრონი ბავშვობიდანვე ვერ იტანდა ასეთ მომთაბარე ცხოვრებას, ოცნებად ჰქონდა გადაქცეული, წიგნებით სავსე, თუნდაც ერთი პატარა ქოხი და სხვა არაფერი აინტერესებდა ამ ქვეყნად. არც დაყაჩაღებული, ნაძარცვი ქონება და არც სახელი და დიდება. ამ ქვეყნად არაფერი უნდოდა წიგნების მეტი.
ბანაკში ჩუმჩუმად ბიჭს დასცინოდნენ კიდეც, აბა მაგისგან, რა კაცი უნდა დადგესო, მაგრამ ხმამაღლა ვერვინ უბედავდა სიტყვას, სასტიკი და დაუნდობელი ბაბუას შიშით, რომელმაც თავადაც კი არ იცოდა საკუთარი წარმომავლობა - ვინ იყო და რა ჯიშისა იყო. მხოლოდ ერთი იცოდა, რომ ბოშა არ იყო. მაწანწალა, ქურდბაცაცა, ყველა საზიზღრობაზე წამსვლელი ყმაწვილი თავად აეტორღიალა ბოშათა ბანაკს და მის მერე აღარც მოშორებია.
ბარონის ერთადერთ ქალიშვილს, ისე შეაყვარა თავი, რომ თვით, ბარონიც კი დაითანხმა ქორწილზე, მოგვიანებით კი ბარონის ტიტულიც მემკვიდრეობით ერგო და ბოლომდე შეიფერა.
პატრონს ბაბუა არ უყვარდა, მის გამოჩენაზე შიშით მოიკუნტებოდა კარვის კუთხეში. ბაბუას ხელი ჰქონდა ჩაქნეული, მის ,,არაკაცობაზე’’ საკუთარი შვილი - პატრონის მამა სულ გაკილვაში ჰყავდა.
,,ვერ გეზრდება ბიჭი კაცადო.’’ - გამუდმებით ამას აძახებდა.
არც პატრონის მამა იყო ბაბუაზე ნაკლები ყაჩაღი და ავაზაკი. ამ ყველაფერთან ერთად გამოუსწორებელი ლოთიც იყო. სულ არყის სუნი ასდიოდა, ბავშვი ვერც მამას იტანდა, თუმცა მკაცრი ბაბუასგან განსხვავებით, მისი შიში სულაც არ ჰქონდა, ამიტომ პატრონის ერთადერთი ნუგეში ბებია გახლდათ. მოსიყვარულე თბილი და წყნარი ადამიანი დედის მაგივრობასაც უწევდა.
მამამ თავისი სიცოცხლე ლოთობით გალია და როცა მოკვდა, პატრონს ერთი ცრემლიც კი არ გადმოვარდნია. ისიც კი უკვირდა ბებია ასე რატომ დასტიროდა ამ გალოთებულ ავაზაკს.
პატრონის მამა უკვე ორმოც წელს გადაცილებული იყო, როცა შემთხვევით შეიტყო, რომ გოგონას, რომელსაც თავის დროზე თავგზა აუბნია, საკუთარი სახლი გაატანინა და გააძარცვინა, მისგან თურმე შვილი შესძენია და ბავშვიანად გადამალულა. გოგონას ოჯახი ამ ავაზაკის შიშით სხვაგან გადასახლდა, არც კი უნდოდათ ასეთი ყაჩაღი სასიძო. ბოლოს ახლოსაც აღარ აკარებდნენ და ისიც კი დაუმალეს, რომ მამა გახდებოდა და ბავშვის დაბადებამდე უკვალოდ გაუჩინარდნენ.
საშინლად განრისხებული, თავის ავაზაკ ბოშათა ჯგუფით დიდ ხანს დაეძებდა იმ ოჯახს და ერთ მშვენიერ დღესაც გაუმართლა, მიაგნო. მძინარე დედას, ბავშვი ისე ოსტატურად ააცალეს და გააქრეს რომ მის კვალიც სამუდამოდ დაუკარგეს.
გატაცებული ჩვილი ბებიას ჩააბარეს და მის მერე პატრონის ერთადერთი ნუგეში მოსიყვარულე კეთილი ბებია იყო.
ასე იზრდებოდა ბოშათა ბანაკში. სულ აღმა-დაღმა ხეტიალში, მთელი ცხოვრება და კარვების გაშლა-აკეცვაში გადიოდა მისი უღიმღამო ბავშვობა.
ყოველთვის ჰქონდა იმის სურვილი, რომ გაქცეულიყო, თავი დაეძვრინა ამ ყაჩაღთა ბრბოსათვის მაგრამ, სად უნდა წასულიყო? ვინ დაიცავდა მერე უსუსურ ბებიას სასტიკი და დაუნდობელი ბაბუასგან?
თუმცა ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვალა და სულ სხვაგვარად დატრიალდა.
მაშინ ჯერ თორმეტი წლისაც არ იყო, რომ კარავში შემოვარდნილ განრისხებულსა და ბებიას საცემრად გამოწეულ ბაბუას, წინ გადაეღობა. ორივე ხელით მთელი ძალით ჩასჭიდა მოქნეულ სახრეს და ისე მოუტრიალა, რომ კინაღამ მკლავი ამოუგდო. ბაბუა მუხლებზე დასცა და გამოგლეჯილი სახრე ზემოდან ძლიერად დაჰკრა. ყველა გაოგნებული დარჩა. აქამდე ვერვინ ბედავდა მრისხანე და სასტიკ ბაბუასთან არათუ ჩხუბს, არამედ შელაპარაკებასაც კი. შეშინებულნი, ერთ ადგილას გაქვავებულნი შეჰყურებდნენ სეირს და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ყმაწვილმა ამით თავის თავს განაჩენი გამოუტანა. იცოდნენ არ აპატიებდა და ვერც ვერავინ დაიცავდა ამ საშინელი კაცისგან, მაგრამ ბაბუა მიხვდა. ეს უბრალო შეწინააღმდეგება არ ყოფილა. ეს უკვე ვაჟკაცური თავგანწირვა იყო. ბიჭი ლამის საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა იმ ყველაზე საყვარელ ადამიანს ვისთვისაც არაფერზე დაიხევდა უკან.
მწარედ გაეღიმა კაცს. ხელიც კი არ შეუბრუნებია. ალბათ ბევრჯერ რომ დაერტყა მაშინ კი მოიგერიებდა კიდევაც, მაგრამ მისთვის ეს ერთი დარტყმა საკმარისი გახდა, რომ უსუსურ შვილიშვილში ახლა უკვე კაცი ამოეცნოთ და არა ისევ ის, პატარა შეშინებული, კუთხეში მიყუჟული დამფრთხალი ბიჭი, რომელსაც წიგნის კითხვის მეტი არაფერი უნდოდა ამ ქვეყნად. ბაბუ არც წამომდგარა ისე ამოხედა ქვემოდან გაშმაგებულ შვილიშვილს, მერე მისი ხელი აიღო, სწორედ ის ხელი, რომელმაც სახრე აგემა, ფრთხილად მიიტანა პირთან ეამბორა ადგა და ისე გავიდა, რომ უკან არ მოუხედავს.
ამ დღის მერე ყველა მოწიწებით ეპყრობოდა ყმაწვილს. ხშირად ჭკუასაც ეკითხებოდნენ გამჭრიახ ბიჭს. მან კი მტკიცედ გადაწყვიტა, რომ უკვე დრო იყო ბანაკის ყველა შეკრებას დასწრებოდა. თვალყური ედევნებინა მათი საქმიანობისათვის. თავადაც მიეღო მონაწილეობა, დაეგროვებინა საკმარისი ქონება, წასულიყო, სამუდამოდ გასცლოდა და გადახვეწილიყო ამ წყეული ხალხისგან შორს, ძალიან შორს.
მოგვიანებით, მრავალი წლის მერე მისი სურვილიც ასრულდა. ბედად კი ცხოვრების დასამშვენებლად დადაც გამოუჩნდა. მეტი რაღა უნდოდა ამ ქვეყნად, სიმშვიდისა და სიხარულის გარდა...
მებაღე და პატრონი ერთმანეთს თვალს არ აცილებდნენ. პატრონმა ისევ კომპრომისზე წასვლა არჩია. წამოდგა სკამი შემოაბრუნა და ისე დაჯდა, რომ ფეხი ფეხზე გადაიდო. მუხლთან კი იარაღიანი ხელი დაიდო, ლულით ისევ მებაღისკენ მიშვერილი. ხის ტარიანი მოოქროვილი გრძელ და ვიწრო ცხვირიანი პარაბელუმი თვალის მომჭრელად ლივლივებდა. ტარის ბოლოს კი დიდი ლალის თვალი ამშვენებდა.
მებაღემ ერთი თვალის შევლებით შეათვალიერა იარაღი და სახეზეც შეეტყო, კარგადაც შეაფასა.
პატრონი ამასაც მიუხვდა, უგო იარაღებშიც მშვენივრად ერკვეოდა 
,,ჰმ, ყველაფრისმცოდნე!’’
გაუელვა თავში პატრონს და უეცრად ჰკითხა:
- მოგწონს? - ხელით იარაღზე ანიშნა.
მებაღე ასეთ კითხვას ნამდვილად არ ელოდა და ოდნავ შეკრთა კიდეც.
LEX. 2016 წლის 19 თებერვალი, პარასკევი

No comments:

Post a Comment